„ყაზახეთის ხელისუფლება მოსკოვს იმ რუსების ექსტრადირებას დაჰპირდა, ვინც თავს არიდებს მობილიზაციას“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 27 სექტემბერს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ყაზახეთის ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვს იმ რუსების ექსტრადირებას დაჰპირდა, ვინც თავს არიდებს მობილიზაციას.

„ყაზახეთმა პირობა დადო, რომ რუსეთს მობილიზაციისთვის თავის არიდებისთვის ძებნილებს გადასცემს… ყაზახეთი იძულებული იქნება, რუსეთს გადასცეს თავისი მოქალაქეები, რომლებიც მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო იძებნებიან“, – წერს თავის ტელეგრამ არხზე „РОСБИЗНЕСКОНСАЛТИНГ“-ი („РБК“), რომელიც ამ განცხადებას ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, მარატ ახმეტჟანოვმს მიაწერს.

იგივე შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნეს „Московский Комсомолец“-მა, „Лента.ру“-მ, „Коммерсант“-მა, НТВ-მ და ა.შ.

მოგვიანებით, რუსული მედიის უმეტესობამ  თავისი ინფორმაცია ჩაასწორა, მასალის ტექსტში სიტყვა „ძებნილის“ ჩამატებით, რის შემდეგაც ინფორმაციამ ასეთი სახე მიიღო: „ყაზახეთი რუსეთს ნაწილობრივი მობილიზებისთვის თავის არიდების გამო ძებნილ პირებს გადასცემს“.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

თავად ყაზახეთის მასმედიის თანახმად, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეტჟანოვმა სრულიად საპირისპირო რამ განაცხადა. orda.kz-ს ცნობით, ახმეტჟანოვმა აღნიშნა, რომ „ყაზახეთი რუსეთს მობილიზაციისთვის თავის ამრიდებლებს არ გადასცემს“.

„თუ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, დღეს რუსეთი და ყაზახეთი ისედაც ახორციელებენ ექსტრადიციას მინსკის კონვენციისა და ჩვენი პარლამენტების მიერ რატიფიცირებული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში“, – განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა. ამასთან მან განმარტა, რომ საუბარია მხოლოდ სისხლის სამართლის დამნაშავეებზე, ვისზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

„თუ რუსეთის მოქალაქეებს სამხედრო კომისარიატები ეძებენ, ეს არ არის მათი ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველი“, – დასძინა ახმეტჟანოვმა.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მობილიზაციისთვის თავის ამრიდებელი პირი ძებნილია, უამრავი გადაულახავი სიძნელე წარმოიშობა.

ჯერ კიდევ 23 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შეტყობინების მიღების შემდეგ სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობა ითვალისწინებს არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო იმისთვის, რომ პირის მიმართ გამოყენებული იყოს სისხლისსამართლებრივი სასჯელი, საჭიროა ეს პირი გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში, ოფიციალურად შეუდგეს სამხედრო ვალდებულების მოხდას და შემდეგ ის მიატოვოს. თუმცა, ცხადია, რომ საზღვარგარეთ წასული რუსების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთი პირია, ვისაც სამხედრო გაწვევის შესახებ შეტყობინება არ მიუღია, ან ვერ მოასწრო მისი მიღება.

როგორც „ინსაიდერმა“ დაადგინა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას ყურადღება რომც არ მივაქციოთ, რუსეთის მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ არ განმარტავს, რომელ შემთხვევაში დგება ადმინისტრაციული და რომელში – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამასთან, საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვედრამდე, სამხედრო ვალდებულების მოხდის თავიდან ამრიდებელი პირი უნდა გასამართლდეს და მას, სასჯელის ზომად, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეფარდოს.

თუმცა, ექსტადირების პროცესის აღსრულება არც ამის შემდეგ იწყება.

მინსკის კონვენციის თანახმად, ყაზახეთის სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მიიღონ კონკრეტული დამნაშავის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: კანონის ტექსტი და მისი დამრღვევი პირის ქმედებების ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, აგრეთვე ამ პირის პერსონალური მონაცემები, დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა და დაკავების ორდერის ასლი. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რუსი ჩავიდა ყაზახეთში მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა (ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაახლოებით 98000 ასეთთ პირს ასახელებს), ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სასამართლოები და სამართალდამცავი ორგანოები ამდენ დოკუმენტაციას მოაგროვებენ, ისევე როგორც ის, რომ ყაზახეთის პოლიცია ერთდროულად მოახერხებს ასიათასამდე ძებნილის პოვნას და დაკავებას.

როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის უწყებაში კარგად ესმით, რომ აღნიშნულ პირთა ექსტრადირების მოთხოვნა არარეალორია, რასაც ამ უწყების განცხადებაც ადასტურებს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ გაუგზავნა, არ შეუმუშავებია და არ გეგმავს მიმართოს ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნების მოთხოვნით“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ყაზახეთის ხელისუფლება მოსკოვს იმ რუსების ექსტრადირებას დაჰპირდა, ვინც თავს არიდებს მობილიზაციას“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით