„რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში შენარჩუნებულია უკრაინის შთანთქმის იდეა...“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუს ისტორიკოსებთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომ „რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში შენარჩუნებულია უკრაინის შთანთქმის იდეა, რომელიც ვარშავამ მეორე მსოფლიო ომის წინ ჩამოაყალიბა“.

„ჩვენ ვიცით პოლონეთის პოლიტიკური ბომონდის გარკვეული ნაწილის იდეების შესახებ. ეს არის იდეა ფიქსი, რომელიც გულისხმობს დიდი სახელმწიფოს შექმნა „ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე“. საუბარია იმ ტერიტორიების დაბრუნების იდეაზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირდაპირ რომ ითქვას, სტალინმა ჩამოაშორა პოლონეთს. რუმინეთს და უნგრეთსაც დიდი ოლქები ჩამოეჭრა… ამაზე ვინმემ უნდა იფიქროს, მათ შორის უკრაინაშიც“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლდიმირ პუტინის მტკიცებით, თუ რუსეთმა უკრაინას თავისი ტერიტორიები ნებაყოფლობით გადასცა,  პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს ის სამხედრო გზით წაართვეს.

„ამიტომ, უკრაინის შთანთქმის იდეა არ გამქრალა. ეს იდეა ცოცხალია… უკრაინა თავის განაპირა პოლონურ, რუმინულ და უნგრულ მიწებს ვერ შეინარჩუნებს“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, „უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ნამდვილი გარანტი მხოლოდ რუსეთია“.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსული მედია, ისევე როგორც რუსეთის ხელმძღვანელობა, კვლავ იყენებს ნარატივს უკრაინის „დაყოფის“ შესახებ, რომელსაც, თითქოს, ევროპის ქვეყნები გეგმავენ. ასეთი თეზისების გავრცელება განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისა და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის ფონზე.

რეალურად, უკრაინის მეზობელ არცერთ სახელმწიფოს, გარდა რუსეთისა, არა აქვს ტერიტორიული პრეტენზია უკრაინის მიმართ.

სექტემბრის ბოლოს, „ანტიფეიკმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც გაბათილებული იყო რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, იგეგმებოდა „რეფერენდუმის გზით, ლვოვის ოლქის პოლონეთთან შეერთება“.

პოლონეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ფაქტია ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პოლონეთი უკრაინას უზარმაზარ მხარდაჭერას უწევს.

პოლონეთის ხელისუფლება პუტინის განცხადებას ამჯერადაც გამოეხმაურა, ვარშავამ მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას „რეალობისგან მოწყვეტილი ინსინუაცია“ უწოდა.

ვლადიმირ პუტინის მტკიცებას, თითქოს, უკრაინის ტერიტორიებზე რუმინეთსაც აქვს თვალი დადგმული, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობაც გაემიჯნა. საპასუხოდ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა თავისი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გარდა ამისა, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთმა და არა რომელიმე სხვა ქვეყანამ, „არაგონივრულად დაიწყო უკრაინაში აგრესიული, დაპყრობითი ომი“.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამოსვლაში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მივყევართ ცრუ ვარაუდისკენ თითქოსდა უკრაინის მიმართ რუმინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული აგრესიული ომი არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული და უხეში დარღვევა“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პუტინის განცხადებები უარყო უნგრეთმაც. პასუხად, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს უკრაინაში ომის გამწვავება, შეწყვიტოს ცეცხლი და მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ „რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში შენარჩუნებულია უკრაინის შთანთქმის იდეა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით