მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართული შეხვედრის დროს, სხვა თემებთან ერთად, გერმანიის საკითხზეც ისაუბრა. პუტინის მტკიცებით, გერმანია დღემდე ოკუპირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია, მოგეხსენებათ, დაყოფილი იყო ოთხ სექტორად – ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ და საბჭოთა სექტორებად. საბჭოთა კავშირმა დააფორმა ამ საოკუპაციო სტატუსის შეწყვეტა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა – არა. ფორმალურად, იურიდიულად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამერიკული საოკუპაციო ჯარები იმყოფებიან. ფაქტი ასეთია: ისინი იქ მრავლად არიან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

1949 წლის 12 მაისს, კონსტიტუციის მიღებისა და ოკუპაციის სამი ზონის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)  შექმნიდან ოთხი დღის შემდეგ, გამოქვეყნდა საოკუპაციო სტატუსი, რომელსაც ხელი მოაწერეს ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული ზონების სამხედრო გუბერნატორებმა და მეთაურებმა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, საოკუპაციო ადმინისტრაციები აკონტროლებდნენ განიარაღებას და დემილიტარიზაციას, მოკავშირეთა ძალების დაცვას და უსაფრთხოებას, საგარეო ურთიერთობებს და გერმანიის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საგარეო ვაჭრობას და სხვა სფეროებს.

მოგვიანებით, საოკუპაციო რეჟიმი თანდათან შერბილდა, კერძოდ -1951 წელს შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუმცა, საოკუპაციო ხელისუფლებამ შეინარჩუნა გერმანიის სახელმწიფოს პოლიტიკაში ჩარევის უფლება.

1952 წლის 26 მაისს, ბონში, გერმანიის კანცლერმა კონრად ადენაუერმა და დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გერმანიის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საერთო ხელშეკრულება. აღნიშნული შეთანხმებით, დასრულდა გერმანიის საოკუპაციო სტატუსი და აღდგა მისი სუვერენიტეტი – თუმცა, არა მთლიანად.

ასევე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროპის თავდაცვის თანამეგობრობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა საფრანგეთის, იტალიის, ბენილუქსის ქვეყნებისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ერთიანი არმიის შექმნას. ამ დოკუმენტით, გერმანია განიხილებოდა, როგორც თანაბარი პარტნიორი. მაგრამ ეს ხელშეკრულება ძალაში ვერ შევიდა, რადგან საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ არ მოახდინა მისი რატიფიცირება. შედეგად, ვერც საერთო ხელშეკრულება  შევიდა ძალაში.

1954 წელს მიღებულ იქნა პარიზის შეთანხმება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და სამ მოკავშირე ქვეყანას (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შორის ურთიერთობების შესახებ. შეთანხმებაში შევიდა საერთო ხელშეკრულების დებულებები, მათ შორის – საოკუპაციო სტატუსის შეწყვეტა და უმაღლესი სამოკავშირეო კომისიის გაუქმება.

1955 წლის მაისში გერმანია გახდა ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, შეთანხმებაში იყო რამდენიმე დათქმა. კერძოდ:

1. „საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, სამი მოკავშირე სახელმწიფო ინარჩუნებს გერმანიაში შეიარაღებული ძალების განთავსებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის უფლებას“…

2. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ შეიარაღებული ძალების განთავსებასთან დაკავშირებით, სამი სახელმწიფო კონსულტაციებს გაუწევს ფედერალურ რესპუბლიკას იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა საომარი მდგომარეობა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა  სრულად ითანამშრომლებს სამ მოკავშირე სახელმწიფოსთან, რათა ხელი შეუწყოს ამ შეიარაღებულ ძალებს დაკისრებული ამოცანების შესრულებაში“.

3. „მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობის შემდეგ შეუძლიათ მოკავშირე სახელმწიფოებს თავისი ან სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების განთავსება გერმანიის ტერიტორიაზე. თუმცა, ასეთი სამხედრო კონტინგენტი, გარედან თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, შეიძლება შევიდეს ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე გერმანიის თანხმობის გარეშე, მაგრამ საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ, ისინი შეიძლება იქ დარჩეს მხოლოდ ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობით“.

ეს უკვე აღარ იყო საოკუპაციო სტატუსი – სამ მოკავშირე სახელმწიფოს აღარ ჰქონდა გერმანიის პოლიტიკაში ჩარევისა და და ბუნდესტაგის მიერ მიღებული კანონებისთვის თავის არიდების უფლება, მაგრამ გარედან თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, ქვეყანაში თანხმობის გარეშე ჯარის დამატებითი კონტინგენტის შეყვანის უფლება შენარჩუნდა. ამ თვალსაზრისით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სუვერენიტეტი 1955 წლის შემდეგაც შეზღუდული იყო.

1963 წლიდან, ნატო-ს ჯარები გერმანიაში უკვე ნატო-ს ქარტიის საფუძველზე განთავსდნენ და ძველი შეთანხმება შეწყდა. მიუხედავად ამისა, საგანგებო შემთხვევაში გერმანიის თანხმობის გარეშე სამხედრო კონტინგენტის განთავსების უფლება შენარჩუნებული იყო 1968 წლამდე, ვიდრე გერმანიამ არ მიიღო კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ.

1990 წლის 12 სექტემბერს, მოსკოვში, გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, სსრკ-მ, შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გერმანიის საკითხის საბოლოო მოგვარების შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ხელშეკრულება 2 + 4“.  მასში შევიდა ასეთი ფორმულირება:

„დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და საფრანგეთის რესპუბლიკა წყვეტენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს ბერლინისა და მთლიანად, გერმანიის მიმართ. შედეგად, წყდება მასთან ოთხმრივ შეთანხმებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და უქმდება ოთხი სახელმწიფოს ყველა შესაბამისი ინსტიტუტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი გერმანია იძენს სრულ სუვერენიტეტს მის საშინაო და საგარეო საქმეებზე“.

ვინაიდან „ხელშეკრულება 2 + 4“-ში მკაფიოდ არის ნათქვამი გერმანიის „სრული სუვერენიტეტის“ თაობაზე, შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ზემოთ აღნიშნული განცხადება („გერმანია დღემდე ოკუპირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ“) , წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით