რა ბრალდებები წაუყენა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინს და რა მტკიცებულებები არსებობს ამ ბრალდებების დასასაბუთებლად
მოწოდებული ინფორმაცია
2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რაში ედება ბრალი პუტინს და რა მტკიცებულებები არსებობს ამ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
გადამოწმებული: 1tv.ge
ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ, უკრაინაში არსებული სიტუაციის კონტექსტში, გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე.
ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის – მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოთ დასახელებული დანაშაულებისთვის – რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ მან ვერ შეძლო სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ან დაუშვეს მათი ჩადენა და რომლებიც მისი ეფექტური ხელმძღვანელობისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ (მუხლი 28 (ბ))“.
სასამართლოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავების ორდერები არ გასაჯაროვებულა, რადგან სასამართლო იცავს დანაშაულის მსხვერპლთა და მოწმეების, აგრეთვე გამოძიების ინტერესებს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ორდერების გაცემის, დანაშაულში ეჭვმიტანილების და თავად დანაშაულების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, რადგან გადაწყვეტილება ეხება მიმდინარე ვითარებას და ამდენად, სავარაუდოა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება ხელს შეუწყობს შემდგომში მსგავსი დანაშაულების ჩადენის პრევენციას.
2023 წლის 23 მარტს, გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გამოყვანისას, რუსეთის მთავრობას სურდა, „დაეცვა ისინი საფრთხისგან, რომელიც სამხედრო მოქმედებებს შესაძლოა გამოეწვია“ და რომ ისინი მზად არიან, დააბრუნონ ბავშვები უკრაინაში, როდესაც უსაფრთხო პირობები იქნება.
უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილი პორტალის, Children of war-ის მიხევით, ქვეყნიდან 16 000-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოხდა.
ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში ფრანგული Le Monde იუწყებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა 1,4 მილიონი უკრაინელი (მათ შორის, 300 000-ზე მეტი ბავშვი) რუსეთში გადაიყვანეს. Children of war-ზე კი აღნიშნულია, რომ 2023 წლის მარტის მონაცენებით, ეს ციფრი 744 000-ს აჭარბებს.
Guardian-ის მიხედვით, ბავშვების უმეტესობა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინიდან გაიტაცეს. კერძოდ, – ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუჰანსკის და მიკოლაივის რეგიონებიდან.
AP-ის და სხვა დასავლური მედია საშუალების თანახმად, გატაცებულ ბავშვების უმეტესობას ობლები ან მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები წარმოადგენენ, რომლებიც რუსეთში უკრაინის ხელისუფლების ან ბავშვების ნათესავების თანხმობის გარეშე გადაიყვანეს.
ასევე ცნობილია, რომ ბავშვები გაიტაცეს უკრაინის დაქვემდებარებაში მყოფი ისეთი დაწესებულებებიდან, როგორებიცაა: ბავშვთა სახლები, საავადმყოფოები, სკოლა-ინტერნატები და ა.შ
Children of war-ზე გამოქვეყნებულია უკრაინაში მშვიდობით დაბრუნებული ბავშვების ისტორიები, მათ შორისაა 12 წლის საშკო მარიუპოლიდან, რომელიც დედას 2022 წლის მარტში დააშორეს. რუსეთში გადაყვანის შემდეგ, საშკოს უთხრეს, რომ იქაურ ოჯახს მიაშვილებდნენ, მაგრამ არაერთი არასამთავრობო უწყების ჩართულობის შემდეგ, ის უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობით დაუბრუნდა ბებიას. თუმცა, ოჯახი დღემდე ელოდება საშკოს დედის შინ დაბრუნებას, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია.
საშკოს თავს რუსეთში გადახდენილი ისტორია პუტინის მიერ გასული წლის მაისში ხელმოწერილ განკარგულებას უკავშირდება, რომელიც უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითვალისწინებს და რუსეთში მათ შვილად აყვანის პროცედურებს ამარტივებს.
ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მიმდინარე კონფლიქტის პირობებში, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, ბოლო მონაცემებით კი, 400-მდე ბავშვი დეპორტაციის და რუსეთში გადაყვანის პროცედურების დროს დაკარგულად ითვლება. საიტზე გამოქვეყნებულია ზოგიერთი მათგანის ფოტოები და პირადი ინფორმაცია, რომელიც ოჯახის წევრების მიერ ან ოფიციალური ბაზიდან არის მიწოდებული.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის რიგ რეგიონებში არსებულ ბანაკებში მშობლების თანხმობით მოხვედრილი ბავშვები იმყოფებიან – თუმცა მშობლები ბავშვებს ვეღარ იბრუნებენ. საუბარია 2022 წელს რუსეთის მთავრობის მიერ რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩამოაყალიბებულ ბავშვთა ბანაკების ფართომასშტაბიანი სისტემაზე, რომელიც მინიმუმ 43 ბანაკს აერთიანებს.
„როგორც ჩანს, ამ ბანაკების მთავარი მიზანია, „ ეროვნული კულტურის, ისტორიისა და საზოგადოების შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე უკრაინელი ბავშვების ინტეგრირების მორგება,“ – ნათქვამია იელის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ჰუმანიტარული კვლევის ლაბორატორიის მოხსენებაში…
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.