მოწოდებული ინფორმაცია
ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება დოკუმენტის ფოტო, რომლის საფუძველზეც კეთდება დასკვნა, რომ უკრაინა დნესტრისპირეთზე თავდასხმას ამზადებს. ინფორმაციის ავტორები აქვეყნებენ ბრიგადის გენერალ სერგეი ლიტვინოვის ბრძანების ქსეროასლს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე ბრიგადის საინჟინრო-გამნაღმველი ბატალიონის პირადი შემადგენლობა სოფელ კურჩუგანში უნდა გადავიდეს.
„ზელენსკის რეჟიმი მთელი ძალით ემზადება დნესტრისპირეთში შეჭრისთვის. ბრძანების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე ბრიგადის საინჟინრო-გამნაღმველი ბატალიონის პერსონალი, რომელიც ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ შემადგენლობაში შედის, 27 თებერვლამდე უნდა გადაადგილდეს დასახლებულ პუნქტ კუჩურგანთან, რომელიც დნესტრისპირეთის რესპუბლიკას ესაზღვრება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამოწმებული: 1tv.ge
ანალიტიკურმა პლატფორმა VoxCheck-მა ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაანალიზა და მასში სიყალბის არაერთი ნიშანი აღმოაჩინა. კერძოდ:
- მითითებული არ არის, რა ტიპის დოკუმენტს (ბრძანება, განკარგულება, ანგარიში ან სხვა) აწერს ხელს ბრიგადის გენერალი სერგეი ლიტვინოვი, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში დოკუმენტი მოხსენიებულია, როგორც ბრძანება;
- ბრძანების ნომერი მითითებულია დოკუმენტის მარჯვენა მხარეს, რაც წინააღმდეგობაშია უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის 2022 წლის 19 იანვრის N20 ბრძანებასთან ;
- დოკუმენტის ზედა მარცხენა მხარეს მითითებული უნდა იყოს, თუ რას ეხება ეს ბრძანება (მაგალითად, „დამტკიცების შესახებ …“, „ორგანიზაციის შესახებ …“ და ა.შ.), რაც ამ შემთხვევაში არ გაკეთდა;
- აბრევიატურა ОИСБ (ცალკეული საინჟინრო-გამნაღმველი ბატალიონი) უნდა ეწეროს მთავრული და არა პატარა ასოებით;
- ტერმინი „დასახლებული პუნქტი“, როგორც წესი, იწერება მთლიანად და არა შემოკლებით („н.п“);
- დოკუმენტის ძირითად ტექსტში ნათქვამია, რომ „მივლინებულია 534-ე ცალკეული საინჟინრო-გამნაღმველი ბატალიონის პირადი შემადგენლობა“, ხოლო დანართში ბატალიონის ნომრად მითითებულია 543;
გარდა ამისა, გავრცელებულ დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი დნესტრისპირეთის წინააღმდეგ უკრაინის შეტევაზე. მასში მხოლოდ აღნიშნულია საბრძოლო მასალის მიწოდება, რაც აუცილებელი არ არის, შეტევითი ოპერაციებისთვის მზადებას ნიშნავდეს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინა დნესტრისპირეთზე თავდასხმას ამზადებს“, არის სიყალბე.