„უკრაინამ ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებში მონაწილეობა აღიარა“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსმა ანალიტიკოსებმა გაურკვეველი წარმოშობის დრონების  მიერ 29 იანვრის ღამეს ირანში, სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმაში უკრაინული კვალი დაინახეს. კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება დამნაშავეა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის აფეთქებებში. მათი თქმით, ოფიციალურმა კიევმა „ირანზე დარტყმა აღიარა“.

„უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ირანზე თავდასხმებში კიევის მონაწილეობაზე საუბრობს და ამ თავდასხმებს თეირანის მიერ მოსკოვისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე პასუხად მიიჩნევს… უკრაინის ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა ირანი, რომ მიიღებს ზომებს თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის ჩასაშლელად, ირანზე თავდასხმები კი შეიძლება გაფრთხილებად ჩაითვალოს“, – წერს რუსული „ნიუს-ფრონტ ინფო“.

ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნეს სხვა რუსულმა მედიასაშუალებებმაც: „პერვი რუსკი“-მ („Первый русский“), „ახალი ამბების ფედერალურმა სააგენტომ“ („Федеральное Агенство Новостей“), „ნოვოსტი ვოსტოჩნოი ლენტი“-მ („Новости Восточной Ленты“) და სხვა.

გადამოწმებული: 1tv.ge

29 იანვრის ღამეს გავრცელდა ინფორმაცია ირანის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული აფეთქებების სერიის შესახებ. „უცნობი წარმოშობის დრონების თავდასხმა“ ირანის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ირანმა განაცხადა, რომ „ხელთ იგდო უპილოტო საფრენი აპარატები“, რომლებმაც ქალაქ ისპაჰანის მახლობლად არსებულ სამხედრო ობიექტებს დაარტყეს ( აქ არის განთავსებული ავიაბაზა, რაკეტების წარმოების კომპლექსი და ბირთვული ობიექტები). აფეთქებები ირანის სხვა სამხედრო ობიექტებზეც დაფიქსირდა.

არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც უკრაინას, ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დღემდე არ აუღია. თუმცა, ამან კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ რუს ექსპერტებს ხელი ვერ შეუშალა იმაში, რომ მომხდარში „უკრაინული კვალი“ ეპოვათ.

ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით მანიპულირება. ამ უკანასკნელმა, ირანში მომხდარ აფეთქებებზე კომენტირებისას, აღნიშნა რომ „ომი მკაცრ ანგარიშს წარუდგენს მის ავტორებსა და თანამონაწილეებს“. სწორედ პოდოლიაკის ამ სიტყვებს იყენებს რუსული მედია, როგორც ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებში „უკრაინის ჩართულობის დადასტურებად“.

„ომის ლოგიკა ულმობელი და მომაკვდინებელია. ის მკაცრ ანგარიშს წარუდგენს ომის ავტორებსა და თანამონაწილეებს. პანიკაა რუსეთში: გაუთავებელი მობილიზაცია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა მოსკოვში, სანგრები 1000 კმ-ის მანძილზე, თავშესაფრების მომზადება. აფეთქებების ღამე ირანში: უპილოტო აპარატებისა და რაკეტების წარმოება, ნავთობის გადამუშავება. უკრაინა ხომ აფრთხილებდა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომაც ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანზე თავდასხმაში უკრაინა არ მონაწილეობდა. უკრაინელმა დიპლომატმა ისიც შეახსენა თეირანს, რომ ოფიციალურმა კიევმა არაერთხელ გააფრთხილა ირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის შესაძლო შედეგების შესახებ.

„უკრაინამ არაერთხელ გააფრთხილა ირანი, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერის შედეგები გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობით მიღებული სარგებელი. ჩვენთვის უცნობია ირანის ობიექტებზე მომხდარი აფეთქებების მიზეზი. მაგრამ როგორც სპარსული ხალხური სიბრძნე ამბობს, „თუ სხვას ბოროტებას არ გაუკეთებ, საკუთარ თავს ზიანს არ მიაყენებ“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.

ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა მოკავშირეების მზარდი უკმაყოფილების ფონზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში ირანის რეჟიმის მიერ კრემლის მხარდაჭერამ, აგრეთვე შორი დისტანციის რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შესაქმნელად ირანის მცდელობებმა განაპირობა.

ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმაში მონაწილეობა ისრაელმა არც დაადასტურა და არც უარყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 30 იანვარს განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ირანს არა მხოლოდ ბირთვული იარაღის შექმნაში, არამედ ამ იარაღით სხვა რეჟიმების შეიარაღებაშიც.

„ახლა ის დროა, როცა საერთაშორისო საზოგადოებამ – მე ვიტყოდი, საერთაშორისო თანამეგობრობის უმეტესობამ – დაინახა ირანის ნამდვილი სახე. მათ დაინახეს ამ რეჟიმის ბარბაროსობა საკუთარ ხალხთან მიმართებაში. მათ ასევე დაინახეს, თუ როგორ ახორციელებს აგრესიის ექსპორტს საკუთარი საზღვრების მიღმა და ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, არსებობს საერთო აზრი, რომ ამ რეჟიმმა ვერ უნდა ჩაიგდოს ხელში ბირთვული იარაღი…ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ირანთან მიმართებაში მსგავსი პოზიცია აშშ-მაც დაადასტურა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 30 იანვარს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის აქტიური თანამონაწილეა და ეს დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს.

თუმცა, ირანის სამხედრო ობიექტებზე 29 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე არც ვაშინგტონს აუღია პასუხისმგებლობა. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმაში აშშ-ს სამხედროები არ მონაწილეობდნენ, თუმცა უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა…

ყოველივე ზემოთ აღნისნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინამ ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებში მონაწილეობა აღიარა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით