„უკრაინამ მოლდოვას საზღვართან თხრილი გაავლო, რათა მობილიზაციისგან მასობრივი თავის არიდება შეეჩერებინა“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა მედიასაშუალება „პოლიტნავიგატორმა“ (politnavigator.net) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინამ  მოლდოვას საზღვართან თხრილი გაავლო, რათა მობილიზაციისგან მასობრივი თავის არიდება შეეჩერებინა.

„უკრაინა მოლდოვას საზღვართან, ოკნიცას რაიონის სოფელ ნასლავჩასთან, 2 მეტრი საგანის და 2 მეტრი სიღრმის თხრილს ავლებს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ამას არალეგალური მიგრაციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებით ხსნიან. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინიდან არალეგალური მიგრაციის ნაკადი ბოლო თვეებში საგრძნობლად გაიზარდა. ძირითადად კაცები გარბიან, ისინი მობილიზაციას გაურბიან“, – წერს „პოლიტნავიგატორი“.

რუსული გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მოლდოველ კოლეგებს განუცხადა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური მოლდოვას საზღვარზე ფორტიფიკაციის მოწყობას, დნესტრისპირეთში შექმნილი ვითარებისა და რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამო, საზღვრის ამ მონაკვეთზე ყურადღების გაზრდის აუცილებლობით ხსნის.

„მოლდოვას საზღვარზე არის ისეთი სეგმენტი, როგორიცაა დნესტრისპირეთი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ეს მიმართულება გააძლიერეს. მიმდინარეობს არა მხოლოდ კონტროლის გაძლიერება, არამედ საინჟინრო-საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაც“,- განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ.

თავის მხრივ, თხრილის გავლებასთან დაკავშირებით მოლდოველი მესაზღვრეების მიერ გაკეთებულ კომენტარში აქცენტი გაკეთდა „უკრაინიდან მოლდოვას რესპუბლიკაში კონტრაბანდის მცდელობების“ შეჩერებაზე, „მობილიზების თავიდან არიდება“ კი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული მედიასაშუალება „პოლიტნავიგატორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინამ მოლდოვას საზღვართან თხრილი გაავლო, რათა მობილიზაციისგან მასობრივი თავის არიდება შეეჩერებინა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით