„რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია თავს იკავებდნენ უკრაინის ობიექტებზე მიზანმიმართული, წერტილოვანი სარაკეტო თავდასხმისგან“

მოწოდებული ინფორმაცია

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალება „ტასს“-ი (TACC) ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია თავს იკავებდნენ უკრაინის ობიექტებზე მიზანმიმართული, წერილოვანი სარაკეტო თავდასხმისგან, მაგრამ ახლა ეს აუცილებელი ღონისძიება გახდა კიევის პროვოკაციების საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც „იძულებითი და გარდაუვალი პასუხის“ მიზეზად დასახელებულია უკრაინის თავდასხმები „რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ყირიმის ხიდა და ენერგეტიკულ ობიექტებზე“.


გადამოწმებული: 1tv.ge

ცნობილია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რაც შეეხება „ენერგეტიკულ ობიექტებს“, ძნელი სათქმელია, რა ჰქონდა მხედველობაში ვლადიმირ პუტინს: შესაძლოა, ეს იყოს ბალაკლავას თბოსადგური სევასტოპოლში, რომელსაც რუსეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ამ ელექტროსადგურზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა 27 ოქტომბრის ღამეს მოხდა. რუსეთმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ შებეკინოსა (ბელგოროდის ოლქი) და ვალუიკზე (ვორონეჟის ოლქის) განხორციელებული დარტყმების შესახებ. ეს ყველაფერი ოქტომბერსა და ნოემბერში მოხდა.

რაც შეეხება რუსული სარაკეტო დარტყმების ქრონოლოგიას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, ის გამოცემა „ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა. ვინაიდან ვლადიმირ პუტინი მხოლოდ სარაკეტო დარტყმებზე საუბრობდა, ამიტომ გამოცემამ თავის ჩამონათვალში არ შეიტანა საარტილერიო და საავიაციო თავდასხმის ფაქტები, მარიუპოლის თითქმის სრული განადგურების ჩათვლით. ასევე არ განხილული აეროპორტებსა და სამრეწველო საწარმოებზე თავდასხმის ფაქტები, რომლებიც, პრინციპში, შეიძლებოდა თავდაცვის მიზნით ყოფილიყო გამოყენებული.

ინსაიდერის“ მიერ შეკრებილი, უკრაინის ობიექტებზე რუსეთის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული წერტილოვანი სარაკეტო თავდასხმის ფაქტები, ქრონოლოგიურად, ასე გამოიყურება:

28 თებერვალი: რუსული რაკეტა ჩერნიგოვში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რაც, სავარაუდოდ, ტელეცენტრზე დარტყმის მცდელობა იყო;

1 მარტი: ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. დაიღუპა 7 ადამიანი;

2 მარტი: სარაკეტო იერიში ხარკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის შენობაზე;

20 მარტი: რუსულმა რაკეტამ გაანადგურა კიევში სავაჭრო ცენტრი Retroville. დაიღუპა 8 ადამიანი. რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ სავაჭრო ცენტრი საბრძოლო მასალის შესანახად გამოიყენებოდა, მაგრამ თავდასხმის მომენტამდე ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას;

22 მარტი: სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განადგურდა სარკინიგზო სადგური პავლოგრად II. ერთი ადამიანი დაიღუპა;

25 მარტი: ხარკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის შენობა, ხელახალი სარაკეტო დარტყმით, საბოლოოდ განადგურდა;

29 მარტი: დაინგრა ნიკოლაევის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. დაიღუპა 35 ადამიანი;

4 აპრილი: სარაკეტო შეტევა ოდესაზე. დაინგრა რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა. იმავე დღეს დარტყმა მიაყენეს ნიკოლაევს;

8 აპრილი: დარტყმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ცდილობდა ევაკუირებას. დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი;

18 აპრილი: ლვოვში რაკეტებით განადგურდა ტექნიკური მომსახურების სადგური და სამოქალაქო საცავები. დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე;

23 აპრილი: ოდესაში 5 ადამიანი, მათ შორის სამი თვის ბავშვი, დაიღუპა ორ საცხოვრებელ კორპუსზე რაკეტების დარტყმის შედეგად;

25 აპრილი: დარტყმა უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში არსებულ რკინიგზის ხუთ სადგურზე;

27 აპრილი: სარაკეტო თავდასხმა საავტომობილო-სარკინიგზო ხიდზე დნესტრის შესართავზე ზატოკაში (ოდესის რეგიონი) – ამ დროისთვის, თითქმის ექვსი თვე იყო დარჩენილი ყირიმის ხიდზე აფეთქებამდე;

28 აპრილი: კიევში რაკეტა 25- სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა;

2 მაისი: თავდასხმა ოდესის ეკლესიაზე; გარდაიცვალა 13 წლის ბიჭი. იმავე დღეს სამი რაკეტა მოხვდა დნესტრის შესართავთან არსებულ ხიდს, რომელიც ჯერ კიდევ 27 აპრილს დაზიანდა;

4 მაისი: დარტყმა მდინარე დნეპრზე გამავალ ამურის საავტომობილო-სარკინიგზო ხიდზე;

6 მაისი: პირდაპირი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქის სოფელ სკოვოროდინოვკაში განადგურდა გრიგორი სკოვოროდას მუზეუმი;

8 მაისი: ოდესაში, სანაპიროზე, რაკეტებით სამი შენობა განადგურდა;

9 მაისი: დარტყმები ოდესასა და სავაჭრო და ოდესის ოლქის სოფელ ფონტანკაში არსებულ გასართობ ცენტრზე;

10 მაისი: მეოთხე სარაკეტო შეტევა დნესტრის შესართავთან არსებულ ხოდზე;

12 მაისი: თავდასხმა ნოვგოროდ-სევერსკის სკოლასა და სკოლა-ინტერნატზე. დაიღუპა სამი ადამიანი;

13 მაისი: სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაზიანდა არქიტექტურული ძეგლი – ვორონცოვის სასახლე ოდესაში;

20 მაისი: სარაკეტო დარტყმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე. დაინგრა კულტურის სახლი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო დაწესებულებები, დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები;

30 მაისი: მეხუთე სარაკეტო თავდასხმა დნესტრის შესართავთან არსებულ ხიდზე;

2 ივნისი: თავდასხმა რკინიგზის ხიდზე ნიკოლაევის ოლქში;

9 ივნისი: ნოვოგრად-ვოლინსკში (ჟიტომირის ოლქი) მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა;

20 ივნისი: 14 რაკეტა ისროლეს ოდესისა და სამხრეთ უკრაინის სხვა დასახლებების მიმართულებით. დაზიანდა საცხოვრებელი რაიონი და საკვების საწყობები ოდესაში, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ოჩაკოვის გარეუბანში;

22 ივნისი: ნიკოლაევის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლეს. დაზიანდა სკოლის შენობა, რამდენიმე კერძო სახლი, ორი კერძო საწარმო;

24 ივნისი: სარაკეტო იერიშის შედეგად, განადგურდა ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპორტული კომპლექსი;

26 ივნისი: კიევში, ლუკიანოვკას რაიონში,საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა რაკეტა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა;

27 ივნისი: პირდაპირმა სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი „Амстор“-ი, სადაც დაახლოებით 1000 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა მაღაზიის 20-ზე მეტი თანამშრომელი და მომხმარებელი;

28 ივნისი: ქალაქ დნიპროს 6 რაკეტა ესროლეს; დაინგრა ტექნიკური მომსახურების სადგური;

1 ივლისი: სარაკეტო თავდასხმა დასასვენებელ ბაზასა და საცხოვრებელ კორპუსზე სერგეევკაში (ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონი, ოდესის ოლქი). დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი;

3 ივლისი: თავდასხმა ხარკოვზე, დაიღუპა ერთი ადამიანი;

6 ივლისი: ხარკოვში დაინგრა პედაგოგიური უნივერსიტეტის კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა;

7 ივლისი: ოდესის ოლქში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ფარდულები, სადაც მარცვლეული ინახებოდა;

8 ივლისი: დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში, ქალაქ ჩასოვ იარში, რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და რკინიგზის სადგურს. დაიღუპა 48 ადამიანი, მათ შორის – ერთი ბავშვი;

11 ივლისი: ხარკოვში 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლა განადგურდა. დაიღუპა 6 ადამიანი. იმავე დღეს, ოდესის ოლქში კერძო სახლს რაკეტა მოხვდა.

12 ივლისი: ნიკოლაევში რაკეტები მოხვდა ორ სამედიცინო დაწესებულებასა და საცხოვრებელ კორპუსს.

14 ივლისი:სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ვინიცის ცენტრზე. დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ თავს დაესხა ოფიცერთა სახლის შენობას, სადაც იმართებოდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შეხვედრა იარაღის უცხოელი მიმწოდებლების წარმომადგენლებთან, მაგრამ რეალურად იქ მხოლოდ კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა რაკეტამ გაანადგურა ოფიცერთა სახლის მიმდებარედ არსებული საყოფაცხოვრებო მომსახორების სახლი და სამედიცინო ცენტრის შენობა;

15 ივლისი: დაინგრა ნიკოლაევის ეროვნული უნივერსიტეტისა და ნიკოლაევის გემთმშენებლობის უნივერსიტეტის შენობები;

18 ივლისი: მორიგი დარტყმა დნესტრის შესართავთან არსებულ ხიდზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა;

23 ივლისი: უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მეორე დღეს, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ოდესის კომერციულ პორტზე…

ეს არის უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ყირიმის ხიდსაზე და რუსეთის სხვა ობიექტებზე უკრაინელების თავდასხმებამდე დიდი ხნით განხორციელდა. ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალები გადავიდნენ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, რაც აბსოლუტურად არაპროპორციულია იმ ზარალის მიმართ, რომელიც უკრაინამ აგრესორი სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას მიაყენა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის თანახმად, „რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხანია თავს იკავებდნენ უკრაინის ობიექტებზე მიზანმიმართული, წერტილოვანი სარაკეტო თავდასხმისგან“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით