

მოწოდებული ინფორმაცია
ქართულ მედიაში გავრცელდა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განაცხადა, რომლის თანახმად, „მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინიდან მარცვლეული გაეტანათ, მაგრამ მარცვლეული გაიტანეს არა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროპაში“.
პუტინის თქმით, უკრაინული ხორბლით დატვირთული 87 ხომალდიდან მხოლოდ 2 გაემართა აფრიკაში.
მისივე განცხადებით, გაერო-ს მიერ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად შემუშავებული საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, განვითარებად ქვეყნებში გაიგზავნა 67 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული მხოლოდ ორი ხომალდი, მაშინ როდესაც უკრაინის პორტებიდან 87 ხომალდის მიერ 2 მილიონი ტონა მარცვლეულია გატანილი.
„ეს მხოლოდ 3 პროცენტია იმ მარცვლეულისა, რომელიც ევროპის განვითარებად ქვეყნებში გაიტანეს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მოატყუეს ღარიბი ქვეყნები და კვლავ განაგრძობენ მათ მოტყუებას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
გადამოწმებული: 1tv.ge
აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტ პუტინის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, „ბი-ბი-სი“-მ გამოაქვეყნა გაერო-ს ინფორმაცია უკრაინული ხორბლის გადაზიდვების შესახებ.

გაერო-ს ინფორმაციიდან ირკვევა, რომ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული ყველაზე მეტი გემი თურქეთის პორტებზე შევიდა. ვის მიყიდეს ის თურქმა შუამავლებმა, ამ ინფორმაციაში აღნიშნული არ არის. გადაზიდვის სხვადასხვა მიმართულებას შორის ფიგურირებენ როგორც ევროკავშირის ქვეყნები (იტალია, რუმინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, ირლანდია, ესპანეთი, საბერძნეთი), ისე აფრიკის (ეგვიპტე, სუდანი, ჯიბუტი) და აზიის (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ირანი, ლიბანი) სახელმწიფოები.
ამ მონაცემებით, უკრაინის პორტებიდან, საერთო ჯამში, მარცვლეულით დატვირთული 50-მდე გემი გაემგზავრა. საიდან შეეძლო აეღო პუტინს ინფორმაცია 87 ხომალდის შესახებ? როგორც ჩანს, სააგენტო „UNIAN“-ის მაისის გზავნილიდან.
აღნიშნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ლიბანში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იგორ ოსტაშის განცახდება, რომლის თანახმად, „მოპარული უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ 87 გემით ხდება“.
„მოქმედებს კრიმინალური სისტემა, რომელიც მუდმივად ატარებს უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს. ეს შეიძლება ხდებოდეს თურქეთის გავლით, შეიძლება პირდაპირ სირიაში, ან ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში შეტანის გზით. ეს არის კრიმინალური გარიგებაა, რომელშიც მონაწილეობენ უკრაინაში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარები. ასევე ძირითადად რუსული, ისევე როგორც სირიული გემები და არა მხოლოდ“, – განაცხადა იგორ ოსტაშმა.
ნათელია, რომ 87 გემზე დატვირთული მოპარული უკრაინული ხორბალი ნამდვილად არ იქნებოდა ღარიბი ქვეყნების დახმარებისთვის გამიზნული…
ამდენად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმად, „უკრაინული ხორბლით დატვირთული 87 გემიდან განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მხოლოდ ორი შევიდა“, არის სიყალბე.