მოწოდებული ინფორმაცია
გამოცემა „ინსაიდერი“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ „ეხმარება“ კრემლის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი რუსეთში დაკრძალვის მომსახურების ბიზნესის „აყვავებას“.
„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის წყალობით, დაკრძალვის სერვისების ბიზნესი რუსეთში უპრეცედენტო ზრდას განიცდის: მას ჯერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო პოლიტიკამ შეუწყო ხელი (2021 წელს, საკარანტინო ზომების არარსებობის პირობებში, რუსეთი პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებლით), 2022 წლიდან კი ამ ბიზნესს უკვე რუსეთის საგარეო პოლიტიკა ეხმარება, თანაც – სულ უფრო აქტიურად. ასე მაგალითად, კრასნოდარის მხარეში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაოზე, საფლავების რაოდენობა ბოლო ორ თვეში შვიდჯერ გაიზარდა. სარიტუალო მომსახურების მუშაკები დროის მოთხოვნაზე ოპერატიულად რეაგირებენ: სასაფლაოებზე გამოყოფილია ადგილები მეომრებისთვის, მზადდება სპეციალური კომუფლიაჟის მქონე კუბოები, შემოღებულია სამხედრო წესით დაკრძალვის ახალი ფორმები. კრემატორიუმები, სანქციების გამო, მართალია, დაზარალდნენ, მაგრამ იმპორტის ჩანაცვლება მაინც მოხერხდა და დღეს ისინი არნახული სისწრაფით მრავლდებიან“, – წერს „ინსაიდერი“.
„ანტიფეიკი“ გთავაზობთ აღნიშნულ სტატიის თარგმანს.
გადამოწმებული: 1tv.ge
„მიცვალებულთა ცხედრების გაპატიოსნების კურსებზე მიღების მსურველებს ბოლო არ უჩანს“
მაქსიმ კოლესოვისთის ძალიან ძნელია ინტერვიუსთვის დროის გამონახვა. „დღეს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება. სამსახურში უამრავი საქმეა – სპეციალური სამხედრო ოპერაციის სამ მონაწილეს უნდა მოვემსახუროთ. მათი დაზიანებების დამუშავებას მთელი ღამე მოვუნდებით“, – გვეუბნება იგი. მაქსიმი გამოცდილი ტანატოპრაქტიკოსი, ანუ გარდაცვლილის სხეულის კოსმეტიკური დამუშავების სპეციალისტია. ომის დაწყების შემდეგ, რომელსაც ის „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს, კოლესოვი მის მონაწილეებს ნებაყოფლობით ეხმარება ბოლო გზაზე გაცილებაში.
„ჩემს სამგლოვიარო დარბაზს ახალ მოსკოვში უფასოდ ვუთმობ მათ, ვისაც მიცვალებულებთან გამომშვიდობება სურთ. სხეულის აღდგენის თანხასაც არავის ვახდევინებ. ხალხი ჩვენს შესახებ ერთმანეთისგან იგებს, გვირეკავენ. გვთხოვენ აეროპორტში მისულ ნათესავებთან ერთად ტვირთი-200-ის დახვედრას, მორგში მიტანას, თუთიის გახსნას, ამოცნობაში დახმარებას და სასაფლაოს მოძიებაში დახმარებას. ყველა დაღუპული მოსკოველი არ არის, ზოგიერთი გვამი აქ ტრანზიტითაა“, – ამბობს მაქსიმ კოლესოვი.
წინა სამხედრო კონფლიქტების მონაწილეებს, ხშირად, დახურული კუბოებით კრძალავდნენ. მაგრამ ბოლო წლებში, გარდაცვლილთა სხეულების კოსმეტიკური დამუშავება რუსეთში ჩვეულებრივ ამბად იქცა. ახლა ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეები „საუკეთესო ფორმაში“ დამარხონ. სახელმწიფოსგან მიღებული კომპენსაციით ამის გაკეთება ყოველთვის ვერ ხერხდება, ზოგიერთი ოჯახი ამისთვის სესხს იღებს, ზოგს კი მაქსიმ კოლესოვი უფასოდ ეხმარება.
ზოგჯერ, მიცვალებულის სახესა და ხელებს (გამოთხოვებისას, სხეულის სხვა ნაწილები მაინც არ ჩანს) ნაწილ-ნაწილ აწყობენ. აღადგენენ დამსხვრეულ ძვლებს, ჭრილობებს სპეციალური ცვილით ავსებენ. რთულ საქმეზე მუშაობას შეიძლება 12 საათამდე დასჭირდეს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, საქმე მით უფრო რთული ხდება, ამბობს კოლესოვი:
„თავიდან, ძირითადად, ტყვიით მიყენებული, ხშირ შემთხვევაში – სნაიპერული ჭრილობები იყო. შემდეგ წამოვიდა მსხილკალიბრიანი იარაღით გამოწვეული დაზიანებები. მოგვიანებით – ნაღმტყორცნებიდან სროლითა და ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები. ბოლოს კი სარაკეტო დარტყმების შედეგად გარდაცვლილები გამოჩნდნენ. HIMARS – ეს არის დიდი რაოდენობის მცირე ზომის ნამსხვრები, რომლებიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებენ, ყველაფერს საფქვავივით ფქვავენ“.
ბორის იაკუშინი, ნოვოსიბირსკის კრემატორიუმის მფლობელი და დამკრძალავი სარიტუალო მომსახურების ყოველწლიური გამოფენა „ნეკროპოლისის“ ორგანიზატორი, ამბობს, რომ ომის პირველ თვეებში დაღუპულ ჯარისკაცთა გვამები „საოცრად კარგ“ მდგომარეობაში ჩამოდიოდა. „განბანილები, ბალზამირებულები, მინიმალური დაზიანებებით. აშკარა იყო, რომ ცხედრებზე ზრუნავდნენ. ინდუსტრიის მუშაკებს შორის დადიოდა ლეგენდა რომელიღაც ტანატოპრაქტიკოსის შესახებ, რომელიც დონის როსტოვში წავიდა და, როგორც მოხალისე, ჯარისკაცთა გვამებზე ზრუნავდა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ სიამოვნებით შევხვდებოდი ასეთ ადამიანს“.
2022 წლის ზაფხულიდან, ომში დაღუპულთა ცხედრებმა იმატა და მათ ცუდ მდგომარეობაში აგზავნიდნენ. ახლა სიტუაცია ისევ გაუმჯობესდა. შესაძლოა, გავლენა იქონია ცივმა ამინდმა, რომლის დროსაც ცხედრები უკეთ ინახება.
ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთში ტანტოპრაქტიკოსების მომსახურებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ისევე როგორც ინტერესი ამ სპეციალობის მიმართ. ამას გარდაცვლილთა ცხედრების მომსახურების კიდევ ერთი ავტორიტეტული სპეციალისტი, დიმიტრი ევსიკოვიც ადასტურებს:
„2022 წელს ჩავატარე რამდენიმე სასწავლო კურსი დამწყებთათვის. თუ ადრე ჯგუფი, მაქსიმუმ, 3-4 კაცით იყო დაკომპლექტებული, ახლა მათი რაოდენობა 18-25-ია. ისინი, როგორც წესი, მორგების თანამშრომლები არიან. ბევრი კი, პირიქით, – ყოფილი ვიზაჟისტი, კოსმეტოლოგი ან პარიკმახერია. თუმცა, არ ვამტკიცებ, რომ ასეთი ინტერესი საომარი მოქმედებებით არის გამოწვეული“.
მაქსიმ კოლესოვი თებერვალში მინსკში დიდ მასტერკლასს ჩაატარებს. იქ ის სახის აღდგენის რთულ შემთხვევებზე ისაუბრებს და შესაბამის სლაიდებს აჩვენებს.
„Z და V სიმბოლოებით საფლავების გაფორმება პოპულარული არ არის“
2022 წლის მაისში, ნოვოსიბირსკის კრემატორიუმში, კოლუმბარიუმის სპეციალური 500-ადგილიანი სამხედრო სექციის გახსნა იგეგმება. ეს იდეა ომამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ 2019 წელს გაჩნდა. ახლა კი, კრემატორიუმის მფლობელის, ბორის იაკუშინის თქმით, ამ იდეის ხორცშესხმის დრო დადგა:
„იქ ყველაფერი სამხედრო სტილში იქნება, ქვემეხსაც კი დავამონტაჟებთ. მართალია, დიზაინში Z და V სიმბოლოების გამოყენებას ჯერ არ ვაპირებთ, მაგრამ ერთ-ერთ შაბლონად კლიენტებს შესაბამის მარმარილოს დაფებს მაინც შევთავაზებთ. შემოდგომისთვის გაირკვევა, რამდენად მოთხოვნადი იქნება ასეთი პროდუქცია“.
იაკუშინის თქმით, მიმდინარე ომის ლათინური სიმბოლოები დიდად პოპულარული ჯერ კიდევ არ არის:
„სასაფლაოებზე გვხვდება გვირგვინები Z და V ასოებით, თუმცა – ნაკლებად. უფრო ხშირია წმინდა გიორგის ლენტები. გასული წლის განმავლობაში გამოჩნდა კუბოები პიქსელირებული რუსული კომუფლიაჟის ფერებში და საკმაოდ ბევრი სამხედრო ატრიბუტით. მაგრამ ნათესავებში ეს, როგორც ჩანს, ცუდ ასოციაციებს იწვევს. შესაბამისად, ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა ნაკლებია“.
ზაფხულში ინტერნეტში განიხილებოდა ასეთი კომუფლიაჟიანი კუბოს რეკლამა. მოდელი, სახელად „დამცველი“ („Защитник“), რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში გაიყიდა.
იაკუშინის დაკვირვებით, წელს რუსეთის ზოგიერთ რეგიონში კუბო-სარკოფაგი შემოვიდა მოდაში. ასეთი კონსტრუქციის კუბოს სახურავი შედგება ორი ნახევრისგან, რომელთაგან ერთი, მიცვალებულთან გამოთხოვების შემდეგ, ლამაზად იკეცება. ადრე ასეთი კუბო-სარკოფაგი ამერიკული სამხედრო წესით დაკრძალვის ჩვეულებრივი ატრიბუტი იყო. ახლა კი, როგორც იაკუშინი ამბობს, მან რუსეთშიც შემოაღწია:
„წელს ჯარისკაცის დაკრძალვის ოქმი ცოტა შეიცვალა. ადრე, მაგალითად, კუბოზე დროშა, ამერიკელების მსგავსად, სამკუთხედად იყო დაფენილი. ახლა უკვე კვადრატულად აფენენ. დროშა არის დაღუპულისთვის პატივის მიგების გამოხატვა. დაკრძალვის შემდეგ, ის ნათესავებს გადაეცემა ან საფლავზე რჩება. ეს ზოგჯერ რუსეთის დროშაა, ზოგჯერ „ვაგნერის“. ოღონდ ის არა, თავისქალიანი, არამედ მეორე – ჯვრით, ხმლებით და ვარსკვლავით. ვაგნერელების ხელმძღვანელობამ ამოცანად დაისახა, რომ მიცვალებულები მაქსიმალური პატივით დაიკრძალნენ. ისინი რეგიონებში აგზავნიან წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამხედროებთან ათანხმებენ თავისი დაღუპული მებრძოლებისთვის სასაფლაოზე ადგილის გამოყოფას, ზალპის მიცემით პატივის მიგებას. თავდაცვის სამინისტროც კი არ ზრუნავს ასე ომში დაღუპულებისთვის. ერთ-ერთი დაღუპული ვაგნერელის დაკრძალვაზე ვიყავი. ის პატიმარი იყო და ნათესავებმა დასწრებაზე უარი თქვეს. ამიტომ, ჩემს გარდა, იქ იყვნენ მხოლოდ სამხედროები და ვაგნერის ჯგუფის წარმომადგენელი“.
თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილ ავტობუსში, როგორც წესი, საპატიო ყარაულში ჩასაყენებელი ოთხი ჯარისკაცია, რომლებმაც, ასევე, ზალპები უნდა გაისროლონ. თუ ოფიცერს მარხავენ, დაკრძალვაზე შეიძლება ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელიც მოვიდეს. ზალპს კუბოს საფლავში ჩასვენებამდე აძლევენ. ხოლო თუ მიცვალებულის კრემაცია ხდება, ზალპის ხმა მაშინ გაისმის, როცა, დაღუპულთან გამოთხოვების შემდეგ, ყველა ჭირისუფალი ქუჩაში გამოდის.
2022 წლის ზაფხულში, რუსეთის ბევრ რეგიონში, სასაფლაოებზე, სპეციალური სამხედრო სექტორები გაჩნდა. იაკუშინის თქმით, ასეთი ინიციატივა, ხშირად, სწორედ ვაგნერის ჯგუფიდან მოდის. ზოგადად, ევგენი პრიგოჟინი საკმაოდ ახლოს არის სასაფლაოს თემატიკასთან. არაუგვიანეს 2018 წლიდან, მის სტრუქტურებს, კრასნოდარის მხარეში, გორიაჩი კლიუჩში, თავისი მებრძოლებისთვის, საკუთარი სასაფლაო აქვთ მოწყობილი. აქ არის სამლოცველო, ორი ძეგლი და კოლუმბარიუმების რიგები „ვაგნერის“ გერბით.
დეკემბერში, სამლოცველოს ტერიტორიაზე დასაკრძალი ადგილები ამოიწურა და მას შემდეგ, ვაგნერელები დაღუპილ თანამებრძოლებს მარხავენ სოფელ ბაკინსკაიაში, რომელიც გორიაჩი კლიუჩიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივმა აქტივისტებმა აქ ორ ახალ საფლავს მიაგნეს, 21 დეკემბერს კი ეს ინფორმაცია პრიგოჟინის პრესსამსახურმაც დაადასტურა.
როდესაც სამი დღის შემდეგ იქ 93.RU-ს კორესპონდენტი მივიდა, მან უკვე 48 საფლავს მიაკვლია. ბაკინსკაიაში დაკრძალულთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა კრასნოდარის მხარის მკვიდრი, დანარჩენები კი სასამართლო გადაწყვეტილებების ბაზის თანახმად, რეგისტრირებულები იყვნენ, როგორც „ადრე ნასამართლევი“. „ყველა ცხედარი ბაკინსკაიაში დონის როსტოვიდან არის ჩამოსვენებული, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, არავინ იცის, რატომ მაინცადამაინც იქიდან. ვარაუდობენ, რომ იქ, დონის როსტავში, უბრალოდ, უფრო დიდი მაცივრებია და ეს ქალაქი საზღვართანაც ახლოს არის“, – ნათქვამია 93.RU-ს სტატიაში.
ბორის იაკუშინის წყალობით, პასუხი ჩვენთვის უკვე ცნობილია: „დონის როსტოვი არის მიცვალებულთა გადაზიდვის შუალედური ბაზა, იქ თავს უყრიან ცხედრებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან. სამხედროებს ევალებათ, გვამების სახლში გაგზავნა უზრუნველყონ. მაგრამ დატვირთვა ძალიან დიდია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახალი კრემატორიუმი ოთხი ღუმელით, რომელიც ახლახან აშენდა როსტოვში, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უმოქმედოდ არ იქნება“.
„კრემატორიუმების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“
დიმიტრი ევსიკოვი არა მხოლოდ ტანატოკოსმეტოლოგი, არამედ კრემატორიუმების აღჭურვის სპეციალისტიცაა. ახლა ის ყირიმში ცხოვრობს და იქიდან მართავს პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით: უკვეთავს ღუმელებს, ორგანიზებას უწევს მათ მიწოდებას და მონტაჟს. ამ საქმის სპეციალისტებზე, მისი თქმით, დიდი მოთხოვნაა:
„კრემატორიუმების რიცხვი რუსეთში, ფაქტობრივად, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მხოლოდ გასულ წელს, ხუთი ახალი კრემატორიუმი გაიხსნა. კიდევ რამდენიმე ამუშავების პროცესშია. ვასრულებთ მეორე კრემატორიუმს დონის როსტოვში. მეორეს ვაშენებთ ანაპაშიც. არის კიდევ რამდენიმე პროექტი, რომლებზეც ჯერ ვერ ვისაუბრებ. ეს ბუმი დაიწყო პანდემიის დროს, როდესაც კრემაციაზე მოთხოვნა გაიზარდა. გარდა ამისა, სასაფლაოებზე თითქმის აღარ არის დასამარხი მიწა. ხშირად, ინვესტორები არიან ადამიანები, რომლებმაც ფული სხვა სფეროებში იშოვეს, ჩვენ კი გამოცდილი კონტრაქტორები ვართ, რომლებიც საქმის ორგანიზებაში ვეხმარებით. კრემატორიუმის აშენება 8-10 თვეშია შესაძლებელი. ასე რომ, რამდენიმე პროექტი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განხორციელდა. ეს ფულის კარგი ინვესტიციაა, კრემატორიუმი ხარჯებს 3-5 წელიწადში ამოიღებს“.
ბორის იაკუშინი ამ გათვლებს არ ეთანხმება და მოგებაზე გასვლის 10-წლიან პერიოდზე საუბრობს:
„ყველაზე მაღალი მოთხოვნა 2020 წლის შემოდგომაზე, პანდემიის დროს, გაჩნდა. მაგალითად, თვეში 500-ის ნაცვლად, 1000 კრემაციას ვახდენდით. ახლა, ომის პერიოდის მიუხედავად, სიტუაცია უფრო ახლოს არის პანდემიის წინ არსებულ მდგომარეობასთან. ფრონტზე დაღუპულთა უმეტესობა მიწაში იმარხება. ამიტომ, ახლა მათი მოგება იზრდება, ვინც ჯვრებს, გვირგვინებს და კუბოებს ამზადებს“.
მიუხედავად ამისა, რუსეთში კრემატორიუმების რაოდენობა სწრაფად იზრდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯერჯერობით, მხოლოდ 33 ასეთი ობიექტია, საჭიროება კი გაცილებით მეტია.
რაც შეეხება მოძრავ კრემატორიუმებს, უკუპირებულ ტერიტორიებზე მათი გამოყენების შესახებ უკრაინული წყაროები ჯერ კიდევ ომის დასაწყისში წერდნენ. ასეთი კრემატორიუმები რუსეთშიც არსებობს. ასე მაგალითად, 2015 წელს სკანდალი ატყდა კალინინგრადში არსებულ მოძრავ კრემატორიუმთან დაკავშირებით. ის ადგილობრივმა ბიზნესმენმა დაამზადა, მაგრამ სასამართლომ აკრძალა მისი გამოყენება, თუმცა, ბორბლებზე მდგარი აკრძალული კრემატორიუმის „ფაქტზე დაჭერა“ დიდხანს ვერ მოხერხდა. დიმიტრი ევსიკოვის თქმით, რუსეთში რამდენიმე ასეთი მოწყობილობაა:
„ისინი უნდა გამოეყენებინათ შორეულ ჩრდილოეთში და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოძრავი კრემატორიუმების არსებობა საკანონმდებლო ველს სცილდება. ამიტომ, ისინი, ძირითადად, ადამიანების კი არა, არამედ მკვდარი ცხოველების უტილიზებისთვის გამოიყენება. მე არ მჯერა, რომ მობილური კრემატორიუმი შეიძლება სადმე ფრონტის ხაზზე გამოიყენებოდეს. არმიაში სულ სხვა პროცედურაა: ცხედრები იგზავნება მორგში ან გვამების საცავში. იქიდან კი, ამოცნობის შემდეგ, – ნათესავებთან, ტვირთი 200-ის სახით. მერე კი იკრძალებიან“.
დაკრძალვის სანქციები
ვორონეჟის კრემატორიუმი 2020 წელს გაიხსნა და 2022 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, რომ იგი შეწყვეტს მუშაობას მოწყობილობების მწარმოებელი ჩეხური კომპანია Tabo CS-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ბორის იაკუშინი ადასტურებს, რომ კომპონენტებთან დაკავშირებული პრობლემა ნამდვილად არსებობს:
„საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ჩეხებმა წერილები მისწერეს რუსეთის ყველა კრემატორიუმს, რომ აღარ ითანამშრომლებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის თანამედროვე აპარატურა, რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან ონლაინ-დიაგნოსტიკისთვის, ზოგიერთი ღუმელი დისტანციურად გამორთეს. ამის შესახებ კრემატორიუმის მფლობელები ჩიოდნენ. მაგრამ ახლა რიტორიკა შეიცვალა. ჩეხი პარტნიორები წერენ, რომ სურთ მუშაობა, მაგრამ ზეწოლას განიცდიან. იმავე ვორონეჟის კრემატორიუმში, როგორც ვიცი, საკითხი მოგვარდა. ულან-უდეში არსებულ კრემატორიუმს ჩეხები, მესამე ქვეყნების გავლით, სათადარიგო ნაწილებსაც კი აწვდიან“.
თუმცა, ახალი ობიექტების აშენებისას, მისი მფლობელები სხვა მწარმოებლების პოვნას ცდილობენ. დიმიტრი ევსიკოვი, მაგალითად, ჩინეთზე გადაერთო. 2022 წელს, მან, ახალი და უკვე არსებული კრემატორიუმებისთვის, იქიდან 12 ღუმელი შემოიტანა. ბორის იაკუშინი არ იწონებს ასეთ მიდგომას:
„დიახ, ჩინური ღუმელები ოთხჯერ იაფია. ვთქვათ, 7-10 მილიონი რუბლი მოწოდების გარეშე, ევროპელი მწარმოებლების 40 მილიონის ნაცვლად. მაგრამ ჩინურ მოწყობილობებში ყველაფერი რთული და სპეციალურად ჩახლართულია, რათა მხოლოდ ჩინელებს შეეძლოთ ამ ღუმელების მომსახურება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ოფიციალურად, ღუმელები არ მოგვეწოდება, როგორც კრემაციის მოწყობილობა. შესაბამისად, წარმოიქმნება სირთულეები „როსპოტრებნადზორთან“, როცა საქმე ლიცენზიის აღებას ეხება“.
სირთულეების ფონზე, იქმნება ადგილობრივი წარმოება. ნიჟნი ტაგილის ერთ-ერთმა საწარმომ კრემაციის ღუმელის კონსტრუქცია თავად დაამზადა. მაგრამ, იაკუშინის თქმით, ამ საწარმოს ჯერ თავისი არც ერთი პროდუქტი არ გაუყიდია. თუმცა, არსებობს სხვა ალტერნატივა:
„მურმანსკის კრემატორიუმში დასაქმებულები ადრე თერმოტექნიკას ამზადებდნენ და რაღაც მომენტში, დაფიქრდნენ: რატომ არ უნდა ავაშენოთ კრემატორიუმი? ჰოდა, გააკეთეს ამერიკული და ჩეხური კონსტრუქციის ნაზავი. ახლა ისინი მზად არიან, კონსტრუქცია სხვა რუს კოლეგებს მიაწოდონ“.
სანქციებმა ტანატოპრაქტიკოსებსაც დაარტყა. დიმიტრი ევსიკოვის თქმით, მათთვის საჭირო მასალების უმეტესობა ადრე ინგლისიდან და აშშ-დან შემოდიოდა:
„სანქციების დაწესების შემდეგ, ამერიკელებმა უარი თქვეს ჩვენთვის ამ მასალების მოწოდებაზე. მისი ჩანაცვლება კი ბევრად უფრო რთულია, რადგან ჩინელები მსგავს პროდუქტებს არ აწარმოებენ“.
მაქსიმ კოლესოვი განმარტავს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა, ხელნაკეთ საშუალებებსა და ცოცხალი ადამიანებისთვის განკუთვნილ „ჩვეულებრივ კოსმეტიკაზე“ გადასულიყო. და კიდევ – ბორის იაკუშინის პროდუქციაზე, რომელმაც ნოვოსიბირსკში იმპორტული საქონლის შემცვლელი მასალით მოაწყო საწარმო. მის საკუთრებაში არსებულმა ქარხანამ დაიწყო სითხის დამჭერი საშუალებების, ასევე პუდრის და თვალის სარქველების წარმოება (მას ათავსებენ ქუთუთოების ქვეშ, თვალის კაკლის თავზე ან მის ნაცვლად). ბიზნესმენის თქმით, თვეში 1000-მდე ასეთი კომპლექტი იყიდება…
მაგრამ ომმა ყველაზე მეტად მაინც საფლავის ქვების წარმოებას დაარტყა, ამბობს იაკუშინი:
„ჩინეთი, ოდესღაც, მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, მაგრამ მოწოდებაზე დიდი გავლენა იქონია პანდემიამ და საზღვრების დახურვამ. ეს პრობლემები აქამდე არ არის მოხსნილი. ამიტომ, იაფი ქვის უმეტესი ნაწილი უკრაინელი მწარმოებლებისგან მივიღეთ. ამის გაკეთება, ძველი ნაცნობობით, ჯერ კიდევ შეიძლება. ჩათებში ადამიანები ხშირად კითხულობენ, ვინმეს ხომ არ აქვს უკრაინული ქვა. მაგრამ გასულ წელს, ქვის მოპოვება კარელიაში, მოულოდნელად, ძალიან გაიზარდა. ამიტომ, „ნეკროპოლისმა“, საშემოდგომო გამოფენაზე, საკმაოდ ბევრი პროდუქტი გამოიტანა“.
თუმცა, დაკრძალვის ინდუსტრიის ამ სფეროს ომით გამოცდა ჯერ არ დამთავრებულა – ქვას ხომ საფლავზე გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი წლის თავზე დგამენ! ასე რომ, გრანიტზე მოთხოვნის ზრდა რუსეთს 2023 წელს ჯერ კიდევ წინ ელის.