

„კონსპირაციული ბინები მოსკოვში პუტინის ქალიშვილებისთვის, გაშიფრული ჯაშუშებისა და გადმობირებული დიპლომატებისთვის“
მოწოდებული ინფორმაცია
საბჭოთა პერიოდში, მოსკოვში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს („კაგებე“) ჰქონდა ასობით კონსპირაციული ბინა, სადაც ისინი მოწმეებს მალავდნენ და ფარულ შეხვედრებს ატარებდნენ. ასეთ ბინებს „გუგულებს“(„кукушка“) ეძახდნენ და ისინი არარსებული ადამიანების ან სახელმწიფო საწარმოების სახელზე იყო გაფორმებული. „კაგებეს“ გაუქმების შემდეგ, „კუკუშკების“ უმეტესობა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა (ФСБ) და დაცვის ფედერალურ სამსახურს (ФСО) გადაეცა, დანარჩენი კი საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) ხელში გადავიდა.
როგორც The Insider-მა გაარკვია, პუტინის ქალიშვილები, მარია და ეკატერინა საგარეო დაზვერვის სამსახურის კონსპირაციულ ბინებში ცხოვრობდნენ, რამდენიმე „კუკუშკაში“ აშშ-დან გამოძევებული რუსი ჯაშუშები იმალებოდნენ , დანარჩენებში კი საგარეო დაზვერვის სამსახურის აკადემიის ის სტუდენტები შეასახლეს, რომლებსაც საზღვარგარეთ არალეგალური სამუშაოსთვის ამზადებენ.
„ანტიფეკი“ გთავაზობთ The Insider-ის მასალას, რომელშიც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფაქტებია გამომზეურებული.
გადამოწმებული: 1tv.ge
პუტინის ქალიშვილები და სხვები
საბჭოთა პერიოდში, ნოვინსკის ბულვარზე (ყოფილი ჩაიკოვსკის ქუჩა), ერთ-ერთ ბინაში (სახლი N 25, ბინა N10) „კაგებეს“ სადამკვირვებლო პუნქტი იყო განთავსებული – აქედან აშშ-ს საელჩოს აკონტროლებდნენ. ამ ბინაში, მთელი დღე-ღამის განმავლობაში, მორიგეობდნენ სპეციალური ფოტოაპარატურით აღჭურვილი ოპერატიული მუშაკები და როგორც კი რომელიმე ამერიკელი დიპლომატი მანქანაში ჩაჯდებოდა, „კაგებეს“ მეთვალყურე მაშინვე აედევნებოდა. გორბაჩოვის „მშრალი კანონის“ პერიოდში, კონსპირაციულ ბინაში ოფიცრები, ფარულად, დღესასწაულებსა და იუბილეებსაც აღნიშნავდნენ.
ამერიკელი დიპლომატების შესახებ „ფილმებს“ 1993 წლიდან უკვე აღარ იღებდნენ და ამ დროიდან, აღნიშნული კონსპირაციული საცხოვრებელი ფართი საგარეო დაზვერვას გადაეცა. ბინის მესაკუთრედ გააფორმეს ვინმე ვ.ა. სტეპანოვი, რომელსაც დაბადების თარიღი, პასპორტი და ნათესავები „არ გააჩნდა“. ბინა გაცემულია 151 ნომრით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში მხოლოდ 51 ბინაა. საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიცრები, „კუკუშკაში“ გამართულ საიდუმლო შეხვედრებზე, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გადმობირებულ დიპლომატებს მასპინძლობდნენ.
2010 წელს ეზოში შესასვლელთან შლაგბაუმი დამონტაჟდა, თავად ბინას კი მდიდრული რემონტი ჩაუტარდა. ახალი მოსახლეებიც მალევე გამოჩნდნენ – პუტინის უფროსი ქალიშვილი, მარია ვორონცოვა და მისი ჰოლანდიელი მეუღლე, იორიტ ფაასენი. წყვილი ერთმანეთთან ინგლისურად საუბრობდა, მათ 24 საათის განმავლობაში პრეზიდენტის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იცავდა.

თუმცა, ნოვინსკის ბულვარზე არსებულ კონსპირაციულ ბინაში მარია და მისი მეუღლე იშვიათად ჩნდებოდნენ, ისინი ბევრს მოგზაურობდნენ მთელ მსოფლიოში, შემდეგ კი საერთოდ ნიდერლანდებში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეზობლების თქმით, ახლა ბინას დროდადრო სტუმრობს ჭაღარათმიანი მამაკაცი ახალგაზრდა ქალთან ერთად და თვეში ერთხელ მოდის დამლაგებელი, რომელიც არავის ეკონტაქტება.
მოსფილმოვსკაიას ქუჩაზე, 17/25 სახლში არსებულ კიდევ ერთ „კუკუშკაში“ ცხოვრობდა პუტინის უმცროსი ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა. საბჭოთა პერიოდში, ეს კონსპირაციული სახლი გამოიყენებოდა პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსტეტიდან (РУДН), მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტიდან (МГИМО) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) გადმობირებულ პედაგოგებსა და სტუდენტებთან შეხვედრებისთვის. საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის გადაცემის შემდეგ, საცხოვრებელი ფართი დარეგისტრირდა ი.ნ.ლარიონოვის სახელზე, რომელსაც პიროვნების დამადასტურებელი მონაცემები, დოკუმენტები და ბიოგრაფია, რა თქმ უნდა, არ გააჩნია. ტიხონოვა მოსფილმოვსკაიაზე ძალიან მცირე ხნით ცხოვრობდა, ის მალევე გადავიდა საცხოვრებლად პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს. ბინის შეცვლის სავარაუდო მიზეზი ნარკომანი მეზობლები და სახლში მომხდარი ძარცვების სერია გახდა.

ბერეჟკოვსკაიას სანაპიროზე N8-ში არსებული კიდევ ერთი „კუკუშკის“ შესახებ დადიოდა ხმები რომ , რომ უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა იქ დამალა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოდან (National Security Agency, NSA) გადმობირებული ედვარდ სნოუდენი ( თუმცა, სნოუდენი ამას უარყოფს).
როგორც The Insider-მა გაარკვია, კონსპირაციული ბინა მე-9 სართულზეა და „კაგებე“ მას გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იყენებს. ლატვიის „კაგებეს“ ყოფილი ოპერატიული მუშაკი, ბორის კარპიჩკოვი, რომელიც მოგვიანებით ინგლისში გაიქცა, ამ ბინის შესახებ იხსენებს: „მოსკოვის ცენტრში, ბერეჟკოვსკაიას სანაპიროზე მდებარე „კუკუშკა“ წარმოადგენდა საკმაოდ კეთილმოწყობილ, მართალია არცთუ ახალი, მაგრამ მაღალხარისხიანი ავეჯითა და ყველა საჭირო სამომხმარებლო ნივთით (მათ შორის, საწოლის სუფთა თეთრეულით) გაწყობილ სამოთახიან ბინას, რომელშიც მუდმივად, პრაქტიკულად, არავინ ცხოვრობდა“.
როგორც კარპიჩკოვი ამბობს, კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, რომელიც საგარეო დაზვერვის სამსახურის საგარეო კონტრდაზვერვის სამმართველოს აქვს გადაცემული, პროტოჩნის შესახვევში, N2 სახლშია განთავსებული. მრავალბინიანი კორპუსის მობინადრეთა შორის შორის 7 ადამიანის იდენტიფიცირება, მათი მონაცემების დადგენა შეუძლებელია – რომელ მათგანზე იყო გაფორმებული „კუკუშკა“, საიდუმლოდ დარჩა.
ანა ჩეპმანი და საბჭოთა კავშირის გმირი
2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ გამოვლენილი რუსი არალეგალები, რომლებიც აშშ-ში გაქცეულმა საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკმა, ალექსანდრე პოტეევმა „ჩაუშვა“, გაცვალეს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალზე, საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) პოლკოვნიკ ალექსანდრე ზაპოროჟსკიზე, მეცნიერ იგორ სუტიაგინსა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ყოფილ ოფიცერ, გენადი ვასილენკოზე, რომლებიც ჯაშუშობისთვის საპატიმროში იხდიდნენ სასჯელს. სამშობლოში დაბრუნებული გაშიფრული ჯაშუშები „კუკუშკებში“ შეასხლეს.
ლიალინის შესახვევში (სახლი N8, ბინა N2) დასახლდა მთელ ამ კამპანიაში შესაძლოა ყველაზე ცნობილი ანა ჩაპმანი (კუშჩენკო). ეს სახლი ვაჭარმა ტაკემ 1910 წელს ააშენა. 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, მასში ცხოვრობდნენ პარტიის ცნობილი წევრები, „ჯაშუშობისა და ტროცკისტური ორგანიზაციის შექმნის“ ბრალდებით მათი დაპატიმრების შემდეგ კი ბინები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) ბალანსზე გადავიდა. ჩაპმანის კონსპირაციული ბინის საერთო ფართობია 46 მ², მისი ფიქტიური მფლობელი კი არარსებული ე.ტ. ფედოროვაა.

ჩაპმანთან ერთად, აშშ-დან გააძევეს „კაგებესა“ და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკი, მიხაილ ვასენკოვი, რომელიც ხუან ხოსე ლაზარო ფუეტესის სახელს ატარებდა, და მისი პერუელი მეუღლე, პელაეზ ვირჯინია ოკამპო. ვასენკოვმა ჯაშუშური კარიერა ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო, როდესაც პერუში ესპანელი ბიზნესმენის საფარქვეშ გაგზავნეს. 1983 წელს ის დაქორწინდა პერუელ ჟურნალისტ ვირჯინია პელაეზზე, შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. იქ ვასენკოვი ხელმძღვანელობდა „კაგებეს“ პირველი მთავარი სამმართველოს არალეგალურ რეზიდენციას, რომელშიც შედიოდნენ ჟურნალისტები, ბიზნესმენები და მემარცხენე ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები. 1990 წელს, სსრკ უმაღლესი საბჭოს დახურული ბრძანებულებით, ვასენკოვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. რუსულ დაზვერვაში მუშაობას ვასენკოვი მანამდე არ აღიარებდა, სანამ მის საკანში ამერიკელების მხარეს გადასული პოტეევი არ მივიდა და მოსკოვიდან წაღებული მისი პირადი საქმე არ წარუდგინა.

მოსკოვში ყოფილი ჯაშუშები დასახლდნენ კავალერიის გენერალ ალექსანდრე ფონ ბაუმგარტენის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, შემდეგ მისამართზე: პლიუშჩიხას ქუჩა, სახლი 53/25. 1968 წლამდე ამ ბინაში 4 ოჯახი ცხოვრობდა, მათი განსახლების შემდეგ კი კომუნალური ბინა „კაგებეს“ ბალანსზე გადავიდა. 1995 წლამდე ეს „კუკუშკა“ გაფორმებული იყო „კაგებეს“ ყოფილი მაიორის, ანდრეი პოდვოინიკოვის სახელზე, შემდეგ, საგარეო დაზვერვის სამსახურის ოპერატიული ჩანაწერების თანახმად, კონსპირაციული სახლი იწოდებოდა, როგორც „პლიუშჩიხას საფოსტო ყუთი 53/25“.
მზვერავები „ნორნიკელიდან“, „როსნეფტიდან“ და „ტრანსნეფტიდან“
კიდევ ერთი მზვერავი, ანდრეი ბეზრუკოვი, შეერთებულ შტატებში ცხოვრების პერიოდში, დოკუმენტების მიხედვით, დონალდ ჰოვარდ ჰითფილდი (Donald Howard Heathfield) იყო, ხოლო მისი მეუღლე, ელენა ვავილოვა – ტრეისი ლი ენ ფოლი (Tracey Lee Ann Foley). ორივე მათგანი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სამეცნიერო და ტექნიკური დაზვერვის ხაზით საქმიანობდა და 20-წლიანი ჯაშუშობის განმავლობაში, მოახერხეს მრავალრიცხოვანი კავშირების დამყარება შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მათი გაცვლის შემდეგ გაირკვა, რომ წყვილს მოსკოვში საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდა და ისინი მოჟაისკი ვალზე, „კუკუშკაში“ დააბინავეს. საცხოვრებელი ფართის მფლობელია ვინმე რ.დ. ალიდულინი. მეზობლებმა The Insider-ს განუცხადეს, რომ ალიდულინი მათ თვალითაც არ უნახავთ. ამასთან, ერთმანეთს ასწრებდნენ იმის თქმას, რომ 2010 წელს მოპირდაპირე ბინაში გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი, 73 წლის ვლადიმერ როგაილინი, რომლის ცხედარიც ექვსი თვის განმავლობაში ესვენა სამზარეულოში…
პუტინის მითითებით, ბეზრუკოვი „როსნეფტში“, ხოლო ვავილოვა „ნორნიკელში“ მრჩევლებად დაინიშნენ. ორივემ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, ისინი ხშირად გამოდიან ტელევიზიით და ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულზე ესაუბრებიან. კანადაში დაბადებული მათი ვაჟებიც, ტიმი და ალექსი, მშობლებთან ერთად კონსპირაციულ სახლში ცხოვრობენ. მათ აიღეს დედის გვარი და მიიღეს რუსული პასპორტები: ტიმი გახდა ტიმოფეი ვავილოვი, ხოლო ალექსი – ალექსანდრე ვავილოვი.

ფოტოზე: ელენა ვავილოვა და ანდრეი ბეზრუკოვი
იმავდროულად, ზრდასრულმა ვაჟებმა კანადის მოქალაქეობის დაბრუნება მოითხოვეს. კანადის სასამართლომ ძმების მხარე დაიჭირა და კანადური პასპორტების მიღების შემდეგ, ზოგიერთი ინფორმაციით, მათ მაშინვე დატოვეს რუსეთი. სხვათა შორის, უფროსმა ძმამ, ტიმმა მიიღო ახალი გვარი – ფლემინგი, მწერალ იან ფლემინგის მიხედვით, რომელმაც ჯეიმს ბონდი „შექმნა“…
რუსეთის საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი, მიხაილ კუციკი 2001 წელს შეერთებულ შტატებში მაიკლ ზოტოლის ( Michael Zottoli) სახელით ჩავიდა, ხოლო ორი წლის შემდეგ, კანადური პასპორტით და პატრიცია მილსის (Patricia Mills) სახელით, მას თავისი მეუღლე ნატალია პერევერზევა-კუციკი შეუერთდა. შეერთებული შტატებიდან წყვილი მოსკოვში საიდუმლო დაშიფრულ შეტყობინებებს აგზავნიდა და ასევე, ფულის უამრავ სამალავს განაგებდა. ისინი არლინგტონში, საკუთარ სახლში დააკავეს და შეერთებულ შტატებში განხორციელებული უკანონო ქმედებები მაშინვე აღიარეს. პუტინის ახლო მეგობარმა, ნიკოლაი ტოკარევმა მხილებული ჯაშუში ცოლ-ქმარი „ტრანსნეფტში“ დაასაქმა. კუციკი აუქციონის ორგანიზებისა და ჩატარების განყოფილების დირექტორად დაინიშნა, ხოლო მისი მეუღლე – პიარის დირექტორად.
ოჯახის უფროსი კულაკოვის ქუჩაზე არსებულ „კუკუშკაში“ დააბინავეს, ცოლი კი – ბოლშაია პოლიანკაზე მდებარე ბიზნეს ცენტრში, სადაც საგარეო დაზვერვას აგენტებთან ფარული შეხვედრებისთვის აქვს სათავსო. კუციკი ცდილობს, ზედმეტად არ მოხვდეს თვალში ვინმეს, სამაგიეროდ მისი მეუღლე „ტრანსნეფტის“ სახე გახდა – პრეზენტაციებსა და სემინარებში აქტიურად მონაწილეობდა. იმპერიული მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების თავმჯდომარემ, სერგეი სტეპაშინმა ის დააჯილდოვა საპატიო სიგელით „ღონისძიების მხარდაჭერისთვის“. ყოფილმა ჯაშუშმა, 7,5 მილიონ რუბლად, „მერსედესისა“ და „პორშეს“ მარკის ავტომანქანებიც შეიძინა.

თავად ნავთობკომპანიაში, პერევერზევა-კუციკის მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი არ არის, ზურგს უკან მას „სიმპათიურ ინტრიგანს“ უწოდებენ. როდესაც ყოფილი ჯაშუში პიარის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კომუნიკაციების განყოფილებაში გადაიყვანეს, მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბლოგ-პლატფორმა „ჟივოი ჟურნალში“ (LiveJournal) პერევერზევა-კუციკზე დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა: „აღარ იქნება რამდენიმე მილიონ რუბლად ღირებული სალათისფერი ლენტები და დედაქალაქის პარკებში აღარ ამოთხრიან ორმოებს ხეებისთვის, რომლებიც, თითქოს, ოქროსგან არიან ჩამოსხმულნი“.
Insider-მა მოსკოვის სხვადასხვა რაიონში კიდევ 16 ბინას მიაკვლია, რომლებიც, ყველა ნიშნით, „კუკუშკები“ უნდა იყოს. აკადემიკოს ბოჩვარის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ასეთი ბინა გაძარცვეს. დამნაშავეებმა წაიღეს ლეპტოპი, მყარი დისკი, ხრახნისების ნაკრები და 5000 რუბლი. დაზარალებული აღმოჩნდა ბელორუსის „კაგებეს“ თანამშრომელი ვლადიმირ ბოგოსლავსკი, რომელიც ადრე საგარეო დაზვერვის სამსახურის აკადემიაში არალეგალურად სწავლობდა.