„ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველომ ირიბად გადაკეტა სომხური საქონლის სატრანზიტო მარშრუტები“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 21 ნოემბერს სომხურმა ვებ-გვერდმა „ერევან თუდეი“ (yerevan.today) გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ლარსის გამშვებ პუნქტან არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველომ ირიბად გადაკეტა სომხური საქონლის სატრანზიტო მარშრუტები. რუსეთის ფედერაციაში ტვირთის გადამზიდველებს არ შეუძლიათ გადაადგილება. სომხური საკვების, ბოსტნეულის და სასმელების ექსპორტიორი ბიზნესმენები სერიოზულ ეკონომიკურ კოლაფსში არიან. საქართველოს ხელისუფლების დავალებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყოველდღიურად მხოლოდ ერთი-ორ მანქანას ამოწმებენ და ატარებენ საზღვარზე. ხაზს ვუსვამთ, რომ დისკრიმინაცია ექსკლუზიურად სომეხ ექსპორტიორ-იმპორტიორებს ეხება, აზერბაიჯანელების, ყაზახების, ბელორუსების და თურქული მანქანების მიმართ კი არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ამ დროისთვის, ზოგიერთი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე 2000-მდე სატვირთო მანქანაა „დაპატიმრებული“, – წერს სომხური ვებ-გვერდი.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ერევან თუდეის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ანტიფეიკმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადაამოწმა, სადაც ამ ინფორმაციას „ტყუილი და მიზანმიმართული ცილისწამება“ უწოდეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, სატრანზიტო ტვირთების გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას და გამოთქმულ ბრალდებებს.

სააგენტო,,Yerevan.today”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს – ციტატა ტექსტიდან: ,, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველომ ირიბად გადაკეტა თავისი სატრანზიტო გზები სომხურ საქონელზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს დისკრიმინაცია მხოლოდ სომეხი ექსპორტიორ-იმპორტიორებისთვისაა, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ბელარუსისა და თურქეთის მანქანებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართული ცილისწამება. მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი, გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რათა თანაბარ პირობებში, შეუფერხებლად განხორციელდეს ტვირთების გადაადგილება და საბაჟო კონტროლის პროცედურები. აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ გავლით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით და პირიქით მიმავალ ავტომობილებს/სატრანზიტო ტვირთებს არანაირი შეფერხება/შეზღუდვა არ აქვთ. ამასთან, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ შეფერხება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ. გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები“, – განუცხადეს „ანტიფეიკს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ამავე საკითხზე კომენტარი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმაც გააკეთა. მისი განცხადებით, „ამ დროისთვის ზემო ლარსზე მდგომარეობა სტაბილურია“.

სომეხი მინისტრის თქმით, ზემო ლარსისკენ მიმავალ გზაზე შეფერხებები „შეიქმნა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც ყირიმის ხიდზე აფეთქების შემდეგ, რუსულმა მხარემ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების შემოწმების რეჟიმი გაამკაცრა“. ვაჰან ქერობიანის თქმით, მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ შავ ზღვაზე ბორანის, ფოთი-კავკაზი ამოქმედება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გადაიდო.

„უწყება თვალს ადევნებს ზემო ლარსის გამტარუნარიანობას, ასევე წარმოშობილ პრობლემებს. ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს როგორც რუს, ისე ქართველ პარტნიორებთან, რათა პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სომხური ვებ-გვერდის „ერევან თუდეის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველომ ირიბად გადაკეტა სომხური საქონლის სატრანზიტო მარშრუტები“), არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით