„ვალერი გელაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და როგორ შეიძლება, პრეზიდენტს მიუსაჯო იმ საქმეზე, რომელიც გამოძიებული არ არის“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 23 ნოემბერს, „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ისაუბრა.

„ვალერი გელაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და როგორ შეიძლება, პრეზიდენტს მიუსაჯო იმ საქმეზე, რომელიც გამოძიებული არ არის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გადამოწმებული: 1tv.ge

2018 წლის 28 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.

სააკაშვილს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, 2 წლისა და 3 თვის ვადით.

მისთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, სააკაშვილმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე ჩაიდინა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

საქმის მასალების მიხედვით, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული, პარლამენტის იმჟამინდელი წევრის – ვალერი გელაშვილის სტატიის შემდეგ, სადაც ეს უკანასკნელი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ბრალდებულმა, პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა. ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს , რაზედაც მისგან მიიღო უარი. აღნიშნულის შემდეგ, ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდებულმა საქართველოს შსს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით, უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

მოგვიანებით, 2018 წლის 22 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი.

განაჩენის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს.

საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მიხეილ სააკაშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით და ორი წლისა და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე თავად ნინო ბურჯანაძემაც მისცა ჩვენება და მან დაადასტურა, რომ „ვალერი გელაშვილის ცემა მის მიმართ მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორება იყო“.

„თავიდანვე არ იყო კარგი ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასა და გელაშვილს, პირადად გელაშვილსა და სააკაშვილს შორის. სახლი ჰქონდა გელაშვილს ავლაბარში, სადაც დაგეგმილი იყო პრეზიდენტის რეზიდენციის აშენება. გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ, ვალერი გელაშვილმა ქონება დათმო და როგორც ვიცი, ამის სანაცვლოდ გარკვეული თანხა უნდა მიეღო. თუმცა, მას შემდეგ რაც ვერ მიიღო შეპირებული თანხა, გელაშვილმა მოსთხოვა სააკაშვილს პირობის შესრულება. მე კარგად მახსოვს სააკაშვილის აღშფოთება ამაზე, რომ როგორ გაბედა მან თანხის მოთხოვნა მისგან. ამის შემდეგ დაიბეჭდა გელაშვილის ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთში, სადაც სააკაშვილის მეუღლეს და ოჯახს არაკორექტულად მოიხსენიებდა. როგორც ჩანს, ეს იყო ბოლო წვეთი სააკაშვილისთვის”, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საავადმყოფოში მივიდა ნაცემი დეპუტატის სანახავად, მაშინ უთხრა ვალერი გელაშვილმა, რომ მას სპეცრაზმი გაუსწორდა და ეს იყო პირადად მიხეილ სააკაშვილის შურისძიება.

გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე ნინო ბურჯანაძემ ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილთან საუბარიც გაიხსენა.

„როგორც კი წამოვედი საავადმყოფოდან, მაშინვე დავუკავშირდი სააკაშვილს და შევხვდი. მის კაბინეტში შედგა ეს შეხვედრა. ვუთხარი ის კითხვის ნიშნები, რაც ამ ფაქტზე იყო და დავაფიქსირე ჩემი აღშფოთება. ისიც აღშფოთდა და მითხრა – რა, არ იყო საცემი ვალერი გელაშვილი? მე ვუთხარი, რომ კი იყო საცემი, მაგრამ არა სახელმწიფო სტრუქტურის გამოყენებით. შეიძლება ეცემა მის მეგობარს, რომელიც, ასე ვთქვათ, სააკაშვილის ღირსებას დაიცავდა. სააკაშვილი ასევე ამბობდა, რომ დიახ, სწორედ იმ ინტერვიუსა და ქმედებების გამო გაილახა ვალერი გელაშვილიო. პირობა მომცა მიხეილ სააკაშვილმა, რომ სპეცრაზმს პირადი ანგარიშსწორებისთვის აღარ გამოიყენებდა“, – განუცხადა ბურჯანაძემ სასამართლოს.

შესაბამისად, ნინო ბურჯანაძის მიერ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში გაკეთებული განცხადება („ვალერი გელაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და როგორ შეიძლება, პრეზიდენტს მიუსაჯო იმ საქმეზე, რომელიც გამოძიებული არ არის“) წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით