

„ჩემი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნისას, სუს-ი უსმენდა ჰოსპიტალის თანამშრომლებს და ამ მიზეზით 60-მდე მათგანს სამსახურიდან უშვებენ“
მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 13 იანვარს, ტელეკომპანია „ფორმულამ“, საკუთარ ვებ-გვერდზე (formulanews.ge) გამოაქვეყნა სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის დროს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება რომლის თანახმად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი ყოფნის პერიოდში, სუს-ი ჰოსპიტალის თანამშრომლებს უსმენდა და ამ მიზეზით, 60-მდე მათგანს სამსახურიდან უშვებენ.
„გორის ჰოსპიტალში როცა ვიყავი, რა თქმა უნდა, სუსი, მუსი, ყველა შევიდა და უსმენდნენ ყველა თანამშრომელს. შედეგად, 60-მდე თანამშრომელს ითხოვენ სამსახურიდან მათი ტელეფონების მოსმენის შედეგად რა დასკვნაც გამოიტანეს. ბოდიშს ვუხდი ამ თანამშრომლებს. ისინი არიან პროფესიონალები და ისედაც დაბალ ხელფასზე მუშაობდნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გადამოწმებული: 1tv.ge
სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გადამოწმების მიზნით, „ანტიფეიკი“ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს, მალხაზ ურთქმელიძეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
ურთქმელიძის განცხადებით, კონტრაქტის ამოწურვის გამო, 2021 წლის ბოლოს სამსახურიდან გაშვებული 11 თანამშრომლიდან არც ერთი არ მუშაობდა სამედიცინო პროფილის თანამდებობაზე და ჰოსპიტალის ოპერირებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას არც ერთი მათგანი არ ასრულებდა.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა „ანტიფეიკს“ ასევე განუცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სამსახურიდან დათხოვნიდან 10 დღით ადრე ეცნობათ და ორი თვის ფულადი კომპენსაცია ჩაერიცხათ.
„ამ ადამიანების სამსახურიდან წასვლა დროში დაემთხვა ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ყოფნას და მასზე აპელირება სპეკულაციას წარმოადგენს. მითუმეტეს, თავიდან 30 თანამშრომლის დათხოვნაზე საუბრობდნენ, ბოლოს კი ეს ციფრი 60-მდე ავიდა“, – აღნიშნა მალხაზ ურთქმელიძემ.
ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, სამსახურიდან წასულები ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ და მუშაოდნენ: ელექტრიკოსის, სანტექნიკოსის, რეგისტრატორის, კანცელარიის სპეციალისტის, შესყიდვების სპეციალისტის, ნარჩენების გამტანის და ა.შ. პოზიციებზე.
„მათთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ისინი დროებით სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. როდესაც თავიანთი საქმე შეასრულეს, მათთან ხელშეკრულების გაგრძელების აუცილებლობა და საჭიროება აღარ არსებობდა. ამიტომ, ხელშეკრულება აღარ გავუგრძელე. სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, მაშინ, ალბათ, მეტყოდნენ, თუ ეს ადამიანები სამსახურში არ გჭირდებოდა, რატომ გაუგრძელე ხელშეკრულებაო“, – ამბობს ურთქმელიძე, რომელიც ასევე კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამსახურიდან „მრავალწლიანი სტაჟის მქონე ექთანი“ გაათავისუფლა.
მალხაზ ურთხმელიძე მესმედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გათავისუფლებულებს შორის ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთა ნათესავები არიან.
„რაც შეეხება სამსახურიდან წასულების პარტიულ კუთვნილებას და სიმპათიებს, ამ თემით არასდროს დავინტერესებულვარ. ამიტომ, ვერ გეტყვით, ეს ადამიანები ან მათი ნათესავები რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არიან. ამ ნიშნით, ჩვენთან არც სამსახურში მიღება ხდება და არც სამსახურიდან გაშვება“, – აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.
„ანტიფეიკი“ ასევე დაუკავშირდა „ადამიანის უფელბათა ცენტრის“ იურისტს ალექსი მერებაშვილს, რომელსაც სამხედრო ჰოსპიტალიდან დათხოვნილმა პირებმა სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს.
მერებაშვილის თქმით, „ცენტრს“ დახმარებისთვისთვის 4 პირმა მიმართა. „ანტიფეიკის“ კითხვაზე, არიან თუ არა გათავისუფლებულებს შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, მერებაშვილი აღნიშნავს, რომ მათ შორის ერთია ექთანია, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ასეთი ინფორმაცია მას სამსახურიდან ერთ-ერთი გათავისუფლებულის განცხადების თანახმად აქვს და მის რეალობაში მაშინ დარწმუნდება, როდესაც სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოთხოვილი შრომითი ხელშეკრულებების ასლებს მიიღებს.
ამასთან, ალექსი მერებაშვილი ადასტურებს, რომ სამხედრო ჰოსპიტალიდან დათხოვილმა პირებმა, რომლებმაც „ცენტრს“ სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს, ნამდვილად მიიღეს ორი თვის ფულადი კომპენსაცია…
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ საკაშვილის მიერ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ მისი მიზეზით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის 60-მდე თანამშრომელს სამსახურიდან ითხოვენ, არის სიყალბე.