მოწოდებული ინფორმაცია
2022 წლის 8 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, გადაცემა „აქცენტებში“ გამოსვლისას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართელ მეომრებს შეიძლება საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ და ამის პრეცედენტი უკვე არსებობს.
„შეიძლება ჩვენს მებრძოლებს მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის პრეცედენტი არსებობს, ჩემს შვილს ხომ ჩამოერთვა მოქალაქეობა, 2008 წელს ებრძოლა აგრესორს და ჩვენი ქვეყანა თეფშზე დადებული არ ჩააბარა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
გადამოწმებული: 1tv.ge
2015 წლის 4 დეკემბერს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მის წინამორბედს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.
მოგვიანებით, 2017 წლის 26 ივლისს პეტრო პოროშენკომ, თავისივე ახალი ბრძანებულებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, თუმცა, 2019 წლის 29 მაისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ეს ბრძანებულება გააუქმა და მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
ამდენად, 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მომენტში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე იყო.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის მოქალაქეობის მიღების მიზნით, საკუთარი სურვილით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, გიული ალასანიას განცხადება („ჩემი შვილი 2008 წელს ებრძოლა აგრესორს და მოქალაქეობა ჩამოერთვა“) არის სიყალბე.