„ბრალდება პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ მან გადმოკვეთა საკუთარი ქვეყნის საზღვარი“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, თავის ვებ-გვერდზე, გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის კომენტარი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს შეეხებოდა.

შოთა თუთბერიძის თქმით, „ბრალდება პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ მან გადმოკვეთა საკუთარი ქვეყნის საზღვარი“. ამ ბრალდებას ადვოკატი „პოლიტიკურს“ უწოდებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით წაუყენეს.

2015 წლის 4 დეკემბერს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მის წინამორბედს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

მოგვიანებით, 2017 წლის 26 ივლისს პეტრო პოროშენკომ, თავისივე ახალი ბრძანებულებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, თუმცა, 2019 წლის 29 მაისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ეს ბრძანებულება გააუქმა და მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ამდენად, 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მომენტში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე იყო.

შესაბამისად, მისი ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადება, რომ „ბრალდება პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ მან გადმოკვეთა საკუთარი ქვეყნის საზღვარი“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით