„არავითარი საზღვარი არ არსებობდა, ვიდრე სააკაშვილის პრეზიდენტობა არ დაიწყო, მთელი სასაზღვრო სისტემა მისი შექმნილია“

მოწოდებული ინფორმაცია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, გორის ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვას, „ეთანხმებით თუ არა საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალდებას“, ასე უპასუხა: „თქვენ ხომ გახსოვთ, არავითარი საზღვარი არ არსებობდა, ვიდრე ამის პრეზიდენტობა არ დაიწყო. მთელი ეს სასაზღვრო სისტემა არის ამისი შექმნილი. ვის ასამართლებ, რისთვის ასამართლებენ“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემა და სტრუქტურა გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა.

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაიწყო პრაქტიკული მუშაობა, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების დადგენის მიზნით. ყველა მომიჯნავე ქვეყანასთან (თურქეთის რესპუბლიკის გარდა) შეიქმნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები: რუსეთის ფედერაციასთან – 1993 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 1994 წელს, სომხეთის რესპუბლიკასთან – 1994 წელს.

ასევე გაფორმდა საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან (1993 წელს), რუსეთის  ფედერაციასთან (1994 წელს) და თურქეთის რესპუბლიკასთან (1996 წელს).

პარალელურად, მიმდინარეობდა საქართველოს სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბება. 1992 წლის 8 აგვისტოს გამოიცა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ. იმავე წელს შეიქმნა საქართველოს სასაზღვრო სამსახური და მას თავდაცვის სამინსიტროს მთავარი სამმართველოს სტატუსი მიენიჭა.

1994 წლის ივლისში, საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და მოგვიანებით, 1996 წლის მარტში, შეიქმნა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

1998 წლის 8 ივლისს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება №405 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ბრძანებულების მიხედვით, აღნიშნულ სამთავრებო დაწესებულებას უნდა განეხორციელებინა საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.

ამავე წლის 17 ივლისს ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა კანონს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის რეჟიმი, საზღვრის დარღვევის პრევენციის, აგრეთვე მასზე რეაგირების პრინციპები და სხვა არსებითი საკითხები.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს, 1999 წლის 21 იანვარს, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა №24 ბრძანებულება, რომლის თანახმად, ყოველი წლის 21 მარტი სახელმწიფო საზღვრის დამცველის – მესაზღვრის დღედ გამოცხდდა…

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადება („არავითარი საზღვარი არ არსებობდა, ვიდრე სააკაშვილის პრეზიდენტობა არ დაიწყო, მთელი სასაზღვრო სისტემა მისი შექმნილია“) არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით