„დევნილი პრეზიდენტისთვის სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა ლეგალურია... ის სისხლის სამართლის შეფასებას არ ექვემდებარება“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 7 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“, თავის ვებ-გვერდზე, გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას კომენტარი საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის გამო წარდგენილ ბრალზე საუბრისას, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ „დევნილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არალეგალურად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება“ და „დევნილი პრეზიდენტისთვის სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა ლეგალურია“

უფლებადამცველის თქმით, სააკაშვილის  მიერ საზღვრის გადმოკვეთა იყო პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტი და ის სისხლის სამართლის შეფასებას არ ექვემდებარება.

გადამოწმებული: 1tv.ge

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, „პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს“, რაც მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის დროს არ გაუკეთებია.

ამავე კანონის მე-15 მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ სახელმწიფო საზღვარზე პირის გატარება ხდება უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს ასევე არ გაუკეთებია.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია ისიც, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად.

“საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება პირი ან ტრანსპორტი, რომელმაც გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გაუვლელად“, – წერია კანონში, რაც  მოხდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებები, რომ „დევნილი პრეზიდენტისთვის სამშობლოში დაბრუნების ნებისმიერი გზა ლეგალურია“ და ის სისხლის სამართლის შეფასებას არ ექვემდებარება“, არის აბსურდი. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით