„სააკაშვილი სამშობლოში სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით დაბრუნდა...“

მოწოდებული ინფორმაცია

2023 წლის 2 თებერვალს, ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა, რათა მან „საზღვარგარეთ იმკურნალოს“.

ანა ფოტიგას მტკიცებით, 2021 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი სამშობლოში  სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით დაბრუნდა.

„როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს მსოფლიოში, მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი სამშობლო და არ იყოს განდევნილი. ამიტომ ის იქ სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით დაბრუნდა… მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ის, რომ ჰუმანიტარული მიზეზების გამო, საზღვარგარეთ იმკურნალოს. ის ციხეში კვდება და ეს ძალიან მოქმედებს საქართველოს მომავალზე“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინ საქართველოში არალეგალურად დაბრუნებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,  1 ოქტომბერს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაძე დააკავეს. ის მძღოლ ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა, რომელმაც სააკაშვილი ტრაილერით ფოთიდან თბილისში ჩამოიყვანა. დაკავების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი  რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის, აგრეთვე 2007 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებზე. დაკავების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზეც აღიძრა.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში (4 ოქტომბერს), სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 49-ე დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის 12 მაისს – კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილს არც საქართველოში ჩამოსვლამდე და არც საქართველოში მისი დაპატიმრების შემდეგ, არასდროს განუცხადებია, რომ ის სამშობლოში „სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით“ აპირებდა დაბრუნებას.

საქართველოში თავისი ჩამოსვლის შესახებ საუბარი მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც 2021 წლის ზაფხულში, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

„მე ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, აუცილებლად შევასრულებ“, – განაცხადა სააკაშვილმა. ამ განცხადებაში, „სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილის“ შესახებ მას არაფერი უთქვამს.

საქართველოში ჩამოსვლამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, 2021 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სამშობლოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა. თუმცა, თარიღი არც ამჯერად დაუკონკრეტებია. მისი თქმით, თარიღსა და მარშრუტთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებდა, როცა ყველაფერი „ხელთ ექნებოდა“.

სააკაშვილმა სხვებსაც მოუწოდა, რომ 1 ოქტომბრისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეებში, შვებულება აეღოთ და  „ხმელეთით და ჰაერით“ წამოსულიყვნენ საქართველოში.

„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველა უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში“, — მოუწოდა სააკაშვილმა თანამოაზრეებს. არც ამ მოწოდებაში თქმულა რაიმე „სასამართლოს წინაშე წარდგომის“ განზრახვაზე…

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ავიაბილეთის ფოტოც კი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ის, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად, 2021 წლის 2 ოქტომბერს აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას.

„საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – აღნიშნავდა სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში.

როგორც ექსპრეზიდენტმა თქვა, დაპატიმრების არ ეშინია და დარწმუნებულია იმაში, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავსაც და მასაც გაათავისუფლებს. საქართველოს ხელისუფლებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ „უნდა შევუბრინოთ მათ ხელი, თუ ისინი ძალადობაზე გადავლენ… „სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილის“ თაობაზე სააკაშვილი ამ შემთხვევაშიც არაფერს ამბობს.

ამდენად, მიხეილ სააკაშვილი არასდროს აპირებდა „სასამართლოს წინაშე წარდგომას“. მეტიც: ის ყოველთვის ღიად აფიქსირებდა უნდობლობას ქართული მართლმსაჯულების მიმართ. „არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო“, – განაცხადა სააკაშვილმა მისი დაპატიმრების შემდეგ, 2021 წლის 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპარლამენტსი წევრის, ანა ფოტიგას განცხადება, რომ „სააკაშვილი სამშობლოში სასამართლოს წინაშე წარდგომის სურვილით დაბრუნდა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით