„უკრაინაში განთავსებულ პენტაგონის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში უკრაინელ ჯარისკაცებზე ცდებს ატარებდნენ“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსული ინტერნეტ-არხი „вести недели“, უკრაინაში რუსული ჯარის წარმატებებისადმი მიძღვნილ სიუჟეტში, აცხადებს, რომ „უკრაინელი ჯარისკაცების მთელი ქვედანაყოფები, შედარებით მშვიდი ვითარების დროსაც კი, ტყვედ ბარდებიან“. ამასთან, რუსული საინფორმაციო საშუალებისთვის გაკეთებულ კომენტარში, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის ჯარების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა დეზერტირების ჯანმრთელობის უცნაურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვინც იარაღი დაყარა, მათ მესამედზე მეტს მოხდილი ჰქონდა A ჰეპატიტი, მეხუთედს კი – დასავლეთ ნილოსის ცხელება. შეიძლება დავასკვნათ, რომ უკრაინაში განთავსებულ პენტაგონის ბიოლაბორატორიებში, რომლებსაც ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი კურირებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებზე ცდებს ატარებდნენ.

„მოყვანილი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაავადებებს პენტაგონი  უკრაინული პროექტების ფარგლებში აქტიურად სწავლობდა, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მოხალისეებად იყვნენ ჩართულნი ექსპერიმენტებში საშიში ინფექციური დაავადებების გადატანის შესაფასებლად“, – აღნიშნა იგორ კირილოვმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსი გენერლის განცხადებას, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ფრონტზე გაგზავნის წინ ინფენქციური დაავადებებით შეგნებულად აავადებენ და ამას მაინცადამაინც პენტაგონის ლაბორატორიებში აკეთებენ, ინტერნეტ-გამოცემა „ინსაიდერი“ (The Insider) გამოეხმაურა და შეეცადა, ფაქტებით დაესაბუთებინა, რომ აღნიშნულ ბრალდებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

მართლაც და, რა მიზანი უნდა ჰქონოდათ ბიოლაბორატორიებს მოხალისე უკრაინელი ჯარისკაცების A ჰეპატიტით დაინფიცირებისას? ნაკლებად სავარაუდოა, ეს მიზანი ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება ყოფილიყო – ასეთი ვაქცინა უკვე არსებობს და საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მიზანი წამლის შექმნა ყოფილიყო: მიუხედავად იმისა, რომ A ჰეპატიტის, იგივე ბოტკინის დაავადების მკურნალობის სპეციფიკური პრეპარატი, არ არსებობს, თერაპიული მეთოდებით მასთან ბრძოლა კარგ შედეგს იძლევა.

რუსეთის ხელისუფლების საყვარელი ფეიკს წარმოადგენს შეერთებული შტატების დადანაშაულება უკრაინის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ლაბორატორიების შექმნაში, რომლებიც  ბიოლოგიურ იარაღს ამუშავებენ. „ვესტი ნედელის“ სიუჟეტში, მართალია, ამაზე პირდაპირ არ არის საუბარი, მაგრამ „პენტაგონის ბიოლაბორატორიების“ შესახებ თხრობა სწორედ ასეთ მინიშნებად აღიქმება. თუმცა, A ჰეპატიტის ვირუსის ბიოლოგიურ იარაღად წარმოჩენის მცდელობა მაინც სრულიად უპერსპექტივოა.

პრინციპში, დაავადება, რომელსაც შეუძლია მტრის ჯარისკაცების ქმედუნარიანობა რამდენიმე კვირის განმავლობაში დააქვეითოს ( A ჰეპატიტის სიმპტომები – ზოგადი სისუსტე, ჯანმრთელობის გაუარესება, დაღლილობა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში – 54 დღემდე გრძელდება) პერსპექტიული იქნებოდა საბრძოლველად გამოყენების თვალსაზრისით და შეიძლებოდა „ჰუმანურ“ არალეტალურ იარაღადაც კი ყოფილიყო მიჩნეული, რადგან, როგორც წესი, ბოტკინის დაავადება სრულდება სრული გამოჯანმრთელებით, ღვიძლის ფუნქციონირების აღდგენით და სტაბილური იმუნიტეტის გამომუშავებით.

მაგრამ A ჰეპატიტს აქვს ძალიან გრძელი ინკუბაციური პერიოდი – 14-დან 42 დღემდე, საშუალოდ 28 დღე), რაც საბრძოლო ვითარებაში ასეთი „იარაღის“ გამოყენების ეფექტურობას ნულამდე ამცირებს. გარდა ამისა, A ჰეპატიტი დაბინძურებული საკვებითა და წყლით ვრცელდება, რაც მტრის ჯარისკაცების დაინფიცირებას საკმაოდ ართულებს.

ამასთან, რთული ასახსნელია, როგორ  მოახერხა გენერალმა კირილოვმა იმის დადგენა, რომ ტყვე უკრაინელ ჯარისკაცებს უკვე გადატანილი ჰქონდათ A ჰეპატიტი: იმუნიტეტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაგრამ იმის დადგენა, თუ რამ განაპირობა იმუნიტეტი – დაავადების გადატანამ თუ ვაქცინაციამ – ძალიან რთული ამოცანაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ფართოდ გამოიყენება უკრაინაში.

დასავლეთ ნილოსის ცხელება, A ჰეპატიტისგან განსხვავებით, ერთ დროს ბიოლოგიურ იარაღად ითვლებოდა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 პროცენტია; პაციენტების 50%-ს უვითარდება მწვავე მენინგიტი. მას ავრცელებენ კოღოები და ტკიპები, რომლებზეც, თავის მხრივ, ვირუსი გადამფრენი ფრინველებიდან გადადის (ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შეუძლებელია). მისი ინკუბაციის პერიოდი ჩვეულებრივ 3-6 დღეა, დაავადება იწყება ტემპერატურის მკვეთრი მატებით 38-40°C-მდე. მაგრამ საბრძოლო პირობებში მისი გამოყენება პრაქტიკულად არარეალურია, რადგან ამ დაავადების ვაქცინა არ არსებობს; თუ რაღაც გზებით ინფიცირებულ მწერებს ფრონტის ხაზის არეალში გაუშვებთ, საკუთარი ჯარის მათგან დაცვაც არარეალური იქნება.

 რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ე.მ. პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა, პროფესორმა ნატალია კალინინამ, ჯერ კიდევ 2012 წელს „როსიისკაია გაზეტაში“ დაწერა:  „ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ალბათობა ნულს უახლოვდება. ახლა აზრი არ აქვს მის გამოყენებას, რამდენადაც, თავად ბიოლოგიური იარაღი, ფაქტობრივად, არ არსებობს… მეორე მსოფლიო ომამდე და შემდგომ პერიოდში ბევრ განვითარებულ ქვეყანას ჰქონდა  ბიოლოგიური იარაღის შემუშავებისა და მისი ტექნოლოგიის განვითარების პროგრამები. ბიოლოგიურ იარაღის ძირითადი ტიპებია ჯილეხი, ჭირი, ქოლერა, დასავლეთ ნილოსის ცხელება, ლასოს ცხელება და ა.შ. მაგრამ ომის დროსაც კი ისინი არც ერთ ქვეყანას არ გამოუყენებია, რადგან ბიოპათოგენი „თავისიანებს“ „მტრებისგან“ არ განასხვავებს და ამდენად, მისი გამოყენების შედეგები რთულად პროგნოზირებადია“.

ბიოლოგიური იარაღი ტერორიზმისთვის მეტად მოუხერხებელი საშუალებაა. ბიოლოგიური ტერორისტული თავდასხმა, განსაკუთრებით გლობალური მასშტაბით, ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ამის მცდელობები მაინც იყო. მაგალითად, ჯერ კიდევ ტოკიოს მეტროში გაზის გამოყენებამდე, ამას შეეცადა სექტა „აუმ სინრიკიო“, როდესაც მისმა წევრებმა შავი ჭირით რწყილები დააინფიცირეს და ისინი ქალაქში მიმოფანტეს. თუმცა, შედეგი ვერ იქნა მიღწეული. მსოფლიოში არაერთი დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს, მაგრამ ბიოლოგიური იარაღის შექმნა და მისი ეფექტური გამოყენება დღემდე ვერავინ შეძლო…

უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელება ძალზე იშვიათია. 2021 წლის ზაფხულში მხოლოდ 5 შემთხვევა გამოვლინდა და ერთ-ერთი დაავადებული კამერუნში დაინფიცირდა. შესაბამისად, რუსი გენერლის განცხადება იმის შესახებ, რომ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების 20%-ს დასავლეთ ნილოსის ცხელება ჰქონდა გადატანილი, ფანტასტიურად გამოიყურება. ეს რომ დავიჯეროთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსებს ტყვედ მაინცადამაინც ის უკრაინელი ჯარისკაცები ბარდებოდნენ, ვინც ნებაყოფლობით დაინფიცირების ტესტში მონაწილეობას დათანხმდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის შეაიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის ჯარების უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის განცხადება, რომ „უკრაინაში განთავსებულ პენტაგონის ბიოლაბორატორიებში უკრაინელ ჯარისკაცებზე ცდებს ატარებდნენ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით