მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 25 მარტს, საინფორმაციო პორტალმა „თვალსაზრისმა“ (tvalsazrisi.ge) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „შესაძლებელია, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს – ამირან გამყრელიძის განმარტება“.

აღნიშნულ ინფორმაციაში მოყვანილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის კომენტარი ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა… ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისები დიდი ეპიდემიების დროს, როდესაც ქვეყანამ ლოკალურად რაღაც შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გადამოწმებული: 1tv.ge

საინფორმაციო პორტალ „თვალსაზრისის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სათაურის მიხედვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ეკუთვნის გამონათქვამი, რომ „შესაძლებელია, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს“.

თუმცა, იმავე ინფორმაციაში ამირან გამყრელიძე დაბეჯითებით აცხადებს: „ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა… ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“.

ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომლის დროსაც მას არ უთქვამს, რომ „შესაძლებელია, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს“.

შესაბამისად, საინფორმაციო პორტალ „თვალსაზრისის“ სათაურში („შესაძლებელია, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს – ამირან გამყრელიძის განმარტება“) გამოთქმული მოსაზრება ამირან გამყრელიძეს არ ეკუთვნის და წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით