კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები ისრაელში აუცრელებზე ცხრაჯერ ნაკლებად ავადდებიან მძიმედ

მოწოდებული ინფორმაცია

ისრაელმა კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე „ბუსტერი“ დოზის ავტორიზება გადაწყვიტა და ამ მხრივ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა. ისრაელის მიერ დაწყებული ბუსტერი დოზის კამპანიის მონაცემების გადახედვის შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-მაც მიიღო. შეერთებულ შტატებში მესამე დოზის მიღება 20 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ბუსტერ დოზების ავტორიზაციის პირობა გასცა დიდმა ბრიტანეთმაც…

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, რატომ მივიდნენ ეს ქვეყნები ასეთ გადაწყვეტილებამდე.

გადამოწმებული: 1tv.ge

ისრაელმა, მსოფლიოს მასშტაბით, პირველმა მოახერხა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის უმრავლესობის აცრა. ამჟამად ორჯერ აცრილია მოსახლეობის 60 პროცენტი, ხოლო ერთჯერადად – 65 პროცენტი.

ისრაელს, მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი უკვე 25 მარტისთვის ჰყავდა აცრილი. ამის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი დაეცა და ქვეყანა გაიხნა, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას განუცხადა, რომ პანდემია უკან იყო მოტოვებული. ივნისის თვეში საბოლოოდ გაუქმდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება.

ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს და „პფაიზერის“ წარმომადგენლებმა კი, კვლევებზე დაყრდნობით, აცხადებდნენ, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ექვს თვეში იმუნიტეტი სუსტდებოდა. იმუნიტეტის შესახებ გაფრთხილება დაახლოებით იმ დროს მოხდა, როდესაც ისრაელში დელტა ვარიანტის პირველი შემთხვევები დადასტურდა. დღესდღეობით ეს შტამი დადასტურებული შემთხვევების უმრავლეობას წარმოადგენს.

19 აგვისტოს მონაცემებით, 60 წელს გადაცილებული, არავაქცინირებულ ადამიანებში მძიმედ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, ცხრაჯერ აღემეტებოდა იგივე ასაკობრივი კატეგორიის, ვაქცინირებულ ადამიანებში კოვიდ-19-ით დაავადების მძიმე შემთხვევებს. 60 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში კი მძიმედ დაავადებული არავაქცინირებულების რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა ვაქცინირებულებისას.

მედიკოსების თქმით, ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ნახევარი ვაქცინირებულია და მათი მეორე დოზის გაკეთებიდან 5 თვე მაინცაა გასული. ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა 60 წელს გადაცილებულია და თანმხლები დაავადებები ახასიათებთ.

მონაცემების გაანალიზების და „პფაიზერთან“ მოლაპარაკების შემდეგ, ქვეყანამ კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე „ბუსტერი“ დოზის ავტორიზება გადაწყვიტა და ამ მხრივ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა.

ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისრაელის 149,144 მოქალაქის იმუნიტეტი, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, მკვეთრად გაუმჯობესდა და მათი ინფიცირების შანსი 86 პროცენტით, ხოლო მძიმედ დაავადების შანსი 92 პროცენტით შემცირდა. უახლესი მონაცემებით „პფაიზერის“ ბუსტერი დოზით აცრა ისრაელის 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაა ნებადართული.

ისრაელის მიერ დაწყებული ბუსტერი დოზის კამპანიის მონაცემების გადახედვის შემდეგ, მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-მაც მიიღო. შეერთებულ შტატებში მესამე დოზის მიღება 20 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი „პფაიზერით“ და „მოდერნას“ ვაქცინით აცრილებისთვის. ბუსტერი დოზის მისაღებად აუცილებელია, რომ მეორე დოზის გაკეთებიდან გასული იყოს მინიმუმ 8 თვე.

23 აგვისტოს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ „პფაიზერის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რამაც, ექსპერტების მოსაზრებით, ვაქცინის მიმართ ნდობა უნდა გაზარდოს.

ბუსტერ დოზების ავტორიზაციის პირობა გასცა დიდმა ბრიტანეთმაც. თურქეთში კი „სინოვაკით“აცრილებისთვის „პფაიზერით“ დამატებით აცრის ნებართვა გაიცა.

22 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედია სრულად აცრილი. ექსპერტები შიშობენ, რომ გაჭიანურებული ვაქცინაციის პროცესი კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობას და გავრცელებას შეუწყობს ხელს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით