

მოწოდებული ინფორმაცია
ვებ-გვერდმა „ტაბულამ“ (tabula.ge) გაავრცელა ნაწყვეტი ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებიდან, რომელიც კორონავირუსსა და ვაქცინაციას შეეხება.
„გავიგეთ, რომ თურმე ზედა ეშელონებში სხვა ვაქცინას იკეთებენ და უბრალო ხალხს სხვა ვაქცინას უკეთებენ, ე.ი ელიტა გადარჩეს და სხვა სულ არ აინტერესებს არავის“, – აცხადებს მეუფე იობი.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ვაქცინებით – „პფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკით“ არის შესაძლებელი.
„ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „პფაიზერით“ კი – 30 მარტიდან. საქართველოში „სინოფარმის“ გამოყენება 4 მაისიდან იწყება, „სინოვაკით“ იმუნიზაცია – 24 მაისიდან.
ქართული პოლიტიკური ელიტა აღნიშნული ვაქცინებიდან ერთ რომელიმეს არ ანიჭებს უპირატესობას. ყველა ვაქცინა თითქმის ერთნაირი „პოპულარობით“ სარგებლობს.
მაგალითად, „ასტრაზენეკით“ აიცრნენ: პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ოპოზიციის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია…
„სინოფარმით“ აიცრნენ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე, შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, ოპოზიციის ლიდერები – ნიკა მელია, გიგი უგულავა…
„სინოვაკით“ აიცრა „ლელოს“ წევრი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი კახა კოჟორიძე.
„პფაიზერით“ აიცრნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი…
რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, აღნიშნული ოთხივე ვაქცინა თითოეული მათგანისთვისაც ერთნაირად არის ხელმისაწვდომი. ბოლო 6 თვეში, საქართველოში „პფაიზერით“ 648 858 მოქალაქეა აცრილი, „სინოფარმით“ – 427 114, „სინოვაკით“ – 137 048, „ასტრაზენეკით“ – 118 461 პირი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადება, რომ „ზედა ეშელონებში სხვა ვაქცინას იკეთებენ და უბრალო ხალხს სხვა ვაქცინას უკეთებენ“, წარმოადგენს სიყალბეს.