„დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 60 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 22 ივლისს, ფეისბუქ მომხმარებელმა Gidi Chamdi გამოაქვეყნა პოსტი სათაურით – „დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 60 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია“.

პოსტის ავტორი იშველიებს Fox News-ის წამყვანის, ტაკერ კარლსონის 19 ივლისის გადაცემის ჩანაწერს, რომელიც  ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩევლის, სერ პატრიკ ვალენსის პრესკონფერენციას შეეხება. ჩანაწერში პატრიკ ვალენსი ამბობს, რომ „დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 60 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია“.

გადამოწმებული: 1tv.ge

2021 წლის 19 ივლისს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, სერ პატრიკ ვალენსმა, პრესკონფერენციაზე შეცდომით გამოაცხადა, რომ „კოვიდით ჰოსპიტალიზებული ადამიანების 60 პროცენტი ორმაგად ვაქცინირებულია.“

იმავე დღეს, 19 ივლისს, ვალენსმა საკუთარი მცდარი განცხადების გასწორება თვითერში გამოაქვეყნა: „კოვიდით ჰოსპიტალიზებული ადამიანების 60 პროცენტი ორმაგად ვაქცინირებული კი არ არის, არამედ პირიქით – ჰოსპიტალიზირებულთა 60 პროცენტი არავაქცინირებულია.“

სამთავრობო სააგენტო Public Health England-ის ტექნიკური ბრიფინგის მიხედვით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 19 ივლისის შუალედში „დელტა ვარიანტის“ 229,218 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან საჭირო გახდა 3.4 პროცენტის (7,790 ადამიანის) ჰოსპიტალიზაცია.

7,790 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევის 62.3 პროცენტი (4,853 ადამიანი) მოდის არავაქცინირებულ ადამიანებზე. ეს ციფრი ემთხვევა სერ პატრიკ ვალენსის მიერ შესწორებულ განცხადებას.

ვაქცინირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის 37,7 პროცენტი კი ასე ნაწილდება:

•           14.1 პროცენტს (1,101 ადამიანი) გაკეთებული აქვს ორივე დოზა;

•           14.7 პროცენტის  (1,148 ადამიანი) პირველი დოზის გაკეთებიდან გასულია მინიმუმ 21 დღე;

•           7.8 პროცენტის (608 ადამიანი) პირველის დოზის გაკეთებიდან გასულია 21 დღეზე ნაკლები;

•           1 პროცენტი (80 ადამიანი) სეკვენსირებული ნიმუშებისა არ დაემთხვა არც-ერთი პაციენტის ნიმუშს.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, სრულად ვაქცინირებული და შემდეგში კოვიდით ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 0.48 პროცენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შესაბამისად, ვაქცინაციის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება უადგილოა.

ვაქცინაცია კვლავაც რჩება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების თავიდან არიდების საუკეთესო საშუალებად. მართალია არცერთი ვაქცინა არ იძლევა 100-პროცენტიან შედეგს, მაგრამ Public Health England ციტირებს კვლევას, რომლის მიხედვით, „პფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორივე დოზა 90 პროცენტამდე ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასარიდებლად.

ამდენად, ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტი („დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 60 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია“) ეფუძნება ბრიტანელი მედიკოსის შეცდომით მოყვანილ სტატისტიკას, რომელიც შემდგომში ავტორმა თავადვე შეასწორა, მაგრამ ეს ფაქტი პოსტში ნახსენები არაა. ამდენად, Gidi Chamdi-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით