

„...საქმე გასკდა,რის შედეგადაც დააკავეს ადამიანი, რომელიც ბრალდებულია კორონავირუსის შექმნაში...“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 20 ივლისს, სააგენტოებმა timesnews და abcnewscom.ge გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია ადამიანი, რომელიც ბრალდებულია კორონავირუსის შექმნაში: – „შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილი მეცნიერი და ბიოლოგი ჩარლზ ლიბერი. პრესაში მას ადანაშაულებენ ჩინეთის მთავრობისთვის კორონავირუსის შექმნაში მონაწილეობისთვის.
ლიბერი, ფაქტობრივად, 5 წელი მუშაობდა უხანში. მისი ხელფასი წელიწადში 200 ათასი დოლარი იყო, დამატებით 1 მილიონი დოლარი გრანტი მისცეს. ეს იყო მიზეზი იმისთვის, რომ დაადანაშაულეს ამერიკელი მეცნიერი ჩინურ დაზვერვასთან კავშირში. ამავდროულად, ჩარლზ ლიბერი მუშაობდა პენტაგონში.
ჰარვარდის ჟურნალი წერს, რომ ლიბერი ქმნიდა ვირუსული ზომის ნანორობოტებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უჯრედების გაკონტროლება, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაის ავლით.
ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭროს გარდა, ჯაშუშური ომიცაა. ჩინეთი ალბათ ცდილობდა დაევერბოკებინა მოწინავე ამერიკელი მეცნიერები თავიანთი ქვეყნის ინტერესებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიბერმა შექმნა კორონავირუსი უხანში, მაგრამ ამერიკელები ეჭვობენ, რომ მას შეეძლო უახლესი სამეცნიერო ნანოგანვითარებების შერწყმა, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიძულონ მცენარეები გაიზარდონ ნათურის შუქზე ღამით მზის გარეშე,“ – წერს abcnews.com.ge
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პირველი არხის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ლიბერი მიმდინარე წლის 28 იანვარს ნამდვილად დააკავეს, თუმცა არა კორონავირუსის შექმნაში მონაწილეობის ბრალდებით. როგორც აშშ იუსტიციის სამინისტრო იუწყება, პროფესორ ლიბერს და ჩინეთის ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინათ ჩინეთთან დაკავშირებულ სამ სხვადასხვა საქმეზე.
რაც შეეხება თავად პროფესორ ლიბერს, აშშ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან 15 000 000 დოლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება მიიღო ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტისა და პენტაგონისგან. გრანტის პირობების მიხედვით, მას ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა უცხო ქვეყნების საგრანტო დაფინანსების შესახებ, თუმცა, ლიბერმა დამალა, რომ 2011 წლიდან ის უხანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის „სტრატეგიულ მეცნიერს“ წარმოადგენდა და 2012 წლიდან 2017 წლამდე იყო ჩინეთის „ათასი ნიჭიერის“ გეგმის მონაწილე. პროფესორის სამწლიანი კონტრაქტის თანახმად, უხანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ლიბერს თვეში უხდიდა 50 000 დოლარს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს – 1 000 000-მდე იენს (იმ დროისთვის დაახლოებით 158 000 აშშ დოლარის ექვივალენტი) და ასევე, გამოუყო 1,5 მილიონ დოლარზე მეტი უხანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კვლევითი ლაბორატორიის მოსაწყობად. თავის მხრივ, ლიბერს უხანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში წელიწადში არანაკლებ 9 თვე უნდა ემუშავა.
ლიბერის დაკავების მიზეზის შესახებ ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა, თუმცა „როიტერის ფაქტ-ჩეკმა“ ინფორმაცია ჯერ კიდევ აპრილში გადაამოწმა და ამის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ყალბი სათაური: ჰარვარდის პროფესორი დაკავებულია კორონავირუსის შექმნისა და ჩინეთისთვის მიყიდვის ბრალდებით“
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პროფესორ ლიბერს ბრალი მიმდინარე წლის იანვარში ნამდვილად წარედგინა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროფესორი დააპატიმრეს კორონავირუსის შექმნის ბრალდებით, არის სიყალბე.