„არ გამოგვყავდა კორონავირუსის პიკის დროს მოსახლეობა ქუჩაში, რადგან ძალიან ვღელავდით, მეცოდება ეს ხალხი“
მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 9 თებერვალს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციას ხალხი ქუჩაში კორონავირუსის გამო არ გამოჰყავდა.
„მოსახლეობა გამოდის უკვე. გამოვლენ. არ გამოგვყავდა პიკის დროს, რადგან ძალიან ვღელავდით. ბევრი ადამიანი, მაგალითად ჩემი სამეგობროდან, უმძიმეს მდგომარეობაშია, რომელიც თავგადადებული ოპოზიციაა. მეცოდება ეს ხალხი ძალიან“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პიკის პერიოდში (ნოემბერ-დეკემბერი), ოპოზიციური პარტიები (მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელი“) ხშირად მართავდნენ ქუჩის აქციებს, მათი ლიდერების მხრიდან აგრეთვე ისმოდა მოწოდებები ხალხმრავალ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
კერძოდ:
- საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, 2020 წლის 1 ნოემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დიდი საერთო ოპოზიციური აქცია დააანონსა. „მომავალ კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ. მანამდე ყველამ, ყოველდღიურად, პატარ-პატარა შეკრებები, საშუალო ზომის შეკრებები, მაქსიმალური მობილიზება გვინდა. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საერთო ეროვნული ენერგია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
- 7 ნოემბერს „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ცესკო-ს შენობასთან, არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტა.
- გიორგი ვაშაძის პარტიამ მონაწილეობა მიიღო 8 ნოემბრის საპროტესტო აქციასა და მისი დასრულების შემდეგ ცესკო-სთან გამართულ მიტინგშიც, რომლის მონაწილეებიც პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
- 8 ნოემბრის შემდეგაც, პარლამენტის შენობის წინ ყოველდღიურად იმართებოდა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, რომელშიც სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, „სტრატეგია აღმაშენებელიც“ მონაწილეობდა.
- 10 ნოემბერს 4 ოპოზიციური პარტიის (მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“) მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღინიშნა, რომ „14 და 21 ნოემბერს დემონსტრაციების გამართვას კვლავაც გეგმავენ“.
- 13 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან “სტრატეგია აღმაშენებლის” აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სიმბოლურად შენობასთან ჩალა მიიტანეს.
- 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დროს, ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობიდან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზამდე დაახლოებით 1.5 კმ-იანი ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო. „ძალიან მომეწონა პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით გამართული მშვიდობიანი ჯაჭვი, რომელიც გავაკეთეთ, ვფიქრობ, რომ უფრო აქეთ მხარეს უნდა გადაიხაროს ჩვენი სამომავლო საპროტესტო ღონისძიებები… აქ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს თითქოს თავის თანამონაწილეობას პროცესში, რომელიც ხდება უშუალოდ აქციის დროს“, – განაცხადა ვაშაძემ.
- 10 დეკემბერს, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს,„ სტრატეგია აღმაშენებელმა“, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
- გიორგი ვაშაძის მოწოდება: „16 დეკემბერს ყველანი ერთად ორგანიზებულად გავემგზავრებით თელავში, სადაც მშვიდობიან აქციაში მივიღებთ მონაწილეობას“.
- 17 დეკემბერს, გიორგი ვაშაძემ, თავის ფეისბუქ-გვერდზე დააანონსა საპროტესტო აქცია ბათუმში: „ერთად ერთის წინააღმდეგ – მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება!“
- 25 დეკემბერს, რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა: „მოლაპარაკებები, ქუჩის მშვიდობიანი აქციები, ოპოზიციის კოორდინაცია და ხალხათან ურთიერთობა არის ის კომპლექსი, რომელმაც, საერთო ჯამში, შედეგი უნდა მოიტანოს“.
ზემოთ დასახელებულ დღეებში (1, 7, 8, 9, 13, 18 ნომბერი, 10, 16, 17, 25 დეკემბერი), როდესაც „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ქუჩის საპროტესტო აქციებს მართვდა ან მხარდამჭერებს ასეთი აქციების გამართვისკენ მოუწოდებდა, ქვეყანაში კოვიდინინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ასეთი იყო:
1 ნომბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 1791 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 28 ადამიანი;
7 ნომბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 2 859 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი;
8 ნომბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 2 901 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი;
9 ნომბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 2 927 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 ადამიანი;
13 ნომბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 3 473 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 ადამიანი;
18 ნომბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 3 433 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 ადამიანი;
16 დეკემბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 3 487 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 ადამიანი;
17 დეკემბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 2981 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი;
25 დეკემბერი: გამოვლინდა კოვიდინფექციის 1972 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 ადამიანი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომ ოპოზიციას ხალხი ქუჩაში კორონავირუსის გამო არ გამოჰყავდა („არ გამოგვყავდა კორონავირუსის პიკის დროს მოსახლეობა ქუჩაში, რადგან ძალიან ვღელავდით, მეცოდება ეს ხალხი“) არის სიყალბე.