მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 26 დეკემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, „კორონავირუსმა ციხეებში შეაღწია“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, რუსთავის N17 და ქსნის საპატიმრო დაწესებულებებში მძიმე ეპიდვითარებაა. „მსჯავრდებულებს დაკარგული აქვთ ყნოსვა და აქვთ მაღალი სიცხე. სიმპტომების მიუხედავად, პატიმრებს ეუბნებიან, რომ ეს უბრალო გაციებაა. ასევე ინფექცია გავრცელებულია გლდანის N8 საპატიმროში“, – აცხადებს ტელეკომპანია.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ „ტვ პირველის“ ინფორმაციით, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 800-მდე მსჯავრდებულს აქვს კორონავირუსი დადასტურებული და ისინი ერთ-ერთ კორპუსში არიან გადაყვანილნი.

ტელეკომპანიის ჟურნალისტის თქმით, ციხეები ცდილობენ , რომ ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს. ერთ-ერთი ახლადგანთავისუფლებული პატიმრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ კორონავირუსი, თავდაპირველად, ციხის მაღაზიის თანამშრომელს აღმოაჩნდა და შემდეგ მსჯავრდებულებში გავრცელდა.

პარტია „ლელოს“ წევრის, ალექსანდრე კაპანაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სიუჟეტში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და პატიმრებს, რომლებიც ყნოსვას და გემოს შეგრძნებას კარგავენ, სამედიცინო დახმარებას არ უწევენ.

გადამოწმებული: 1tv.ge

„პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ცალსახად აცხადებს, რომ არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გაკეთდა.

„სიცრუეა ასევე სიუჟეტში ფარული რესპოდენტების, ასევე ყოფილი მსჯავრდებულის, ამჟამად პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წევრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბრალდებულ/მსჯავრდებულებს სათანადო ყურადღება არ ექცევათ და არ ხდება მათი ტესტირება. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ pcr ტესტირება, არამედ სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო სივრცეში პატიმრების გადაყვანა, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მათზე დაკვირვება და ღრმა კვლევების ჩატარება (კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ.)“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამ უკვე მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო, რაც პატიმრებსა და მათ ოჯახებში პანიკის დათესვას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, თუმცა არც ერთხელ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, ვინაიდან ეს არის სიცრუე. 

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძეც ადასტურებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მექანიზმების გამოყენებით, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხო გარემოა შენარჩუნებული.

„ამ დრომდე, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა“, – აცხადებს გოჩა ლორთქიფანიძე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („კორონავირუსმა ციხეებში შეაღწია“, „გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 800-მდე მსჯავრდებულს აქვს კორონავირუსი დადასტურებული“, „რუსთავის N17 და ქსნის საპატიმრო დაწესებულებებში მძიმე ეპიდვითარებაა“ და ა.შ) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით