„სააკაშვილს საკანში ლეიბი ამ დრომდე არ აქვს"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 7 ოქტომბერს, ინტერნეტ პორტალმა News.on.ge გამოაქვეყნა ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადება, რომ „სააკაშვილს საკანში ლეიბი ამ დრომდე არ აქვს.”

ბასილაია ასევე ამბობს, რომ სააკაშვილს საკანში ტელევიზორი არ დაუდგეს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის, მაგალითად ტელევიზორის დაუდგმელობა, როგორიც არის, მაგალითად ლეიბის საკითხი”, — თქვა ბასილაიამ.

გადამოწმებული: 1tv.ge

7 ოქტომბერსვე, ბასილაიას ბრალდებების საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია თითქოსდა მიხეილ სააკაშვილს საკანში ლეიბი და ტელევიზორი არ აქვს, არ შეესაბამება სიმართლეს.

„ტყუილია ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი. დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს“.

დაწესებულების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება, შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.”

შესაბამისად, ბექა ბასილაიას განცხადება, რომ „სააკაშვილს საკანში ლეიბი ამ დრომდე არ აქვს”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით