„რუსეთს ქიმიური იარაღი არ გააჩნია... რუსეთმა შეასრულა თავისი ვალდებულება და 2017 წელს დაასრულა ქიმიური იარაღის სრულად განადგურება“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 13 აპრილს, რუსულმა ტელეკომპანია „რენტვ“-მ (ren.tv), თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადება, რომლის თანახმად, „რუსეთს არა აქვს ქიმიური იარაღი“.

მატვიენკოს თქმით, „შეინიშნება რუსეთისა და მისი არმიის გაშავების მცდელობა, თითქოსდა, მის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების იმიტირების გზით“.

„ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. რუსეთს ქიმიური იარაღი არ გააჩნია. რუსეთმა შეასრულა თავისი ვალდებულება და 2017 წელს დაასრულა ქიმიური იარაღის სრულად განადგურება“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

ბოლო პერიოდში გამოვლინდა ფაქტები, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ქიმიურ იარაღს დღემდე იყენებენ კრემლისთვის არასასურველ პერსონებთან ანგარიშსწორებისთვის.

2020 წლის 20 აგვისტოს, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა, შემდეგ გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

კომაში მყოფი ოპოზციონერი პოლიტიკოსი ექიმებმა გადაარჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ ნავალნი რუსული წარმოების ნერვული აგენტით, „ნოვიჩიკით“ იყო მოწამლული. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ევროპის რამდენიმე სხვა ლაბორატორიამაც დაადასტურა.

BBC-ის მიხედვით, ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში შეიქმნა. შემადგენლობის გამო, ის ქიმიური იარაღის კატეგორიას განეკუთვნება. „Ნოვიჩოკი“ თხევადი და მყარი ფორმით არსებობს. Შესაბამისად, „ნოვიჩოკით“ ადამიანის მოწამვლა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. 

Რუსეთი „ნოვიჩოკი“ს შექმნას და არსებობას დღემდე არ აღიარებს, მაგრამ Საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ნივთიერების შექმნაზე მომუშავე მეცნიერებმა ღიად დაიწყეს მასზე ლაპარაკი. დოქტორმა ვილ მირზაიანოვმა 1990 წლებში აღიარა „ნოვიჩოკის“ არსებობა. Აშშ-ში გადასახლების შემდეგ კი, საკუთარ წიგნში „სახელმწიფო საიდუმლოებები“  ნივთიერების საიდუმლო ქიმიური ფორმულაც გამოაქვეყნა.

„ქიმიური იარაღის აკრძალვის“ ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სისხლის ნიმუშებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტის არსებობა გამოვლინდა.

ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ  ნავალნის სისხლსა და შარდში აღმოჩენილ ბიომარკერებს აქვთ „ნოვიჩოკის“ ჯგუფში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსი სტრუქტურული მახასიათებლები.

„ქიმიური იარაღის აკრძალვის“ ორგანიზაციის დასკვნა ემთხვევა გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიების ანალიზების შედეგებს, რომელთა თანახმადაც, ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

20202 წლის 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით არის მოწამლული. 

როგორც ოფიციალური ბერლინი აღნიშნავს, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა აჩვენა „ცალსახა მტკიცებულება“ იმისა, რომ ეს არის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი.

ბერლინში, შარიტეს კლინიკის სამხედრო ექიმები პირველები იყვნენ, ვინც ნავალნის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ განაცხადეს. „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით ალექსეი ნავალნის მოწამვლა ასევე დაადასტურეს დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა შვედეთსა და საფრანგეთში.

„ქიმიური იარაღის ორგანიზაციის“ გამოძიებისგან დამოუკიდებლად, სამმა ლაბორატორიამ ბატონი ნავალნის მოწამვლის მიზეზად სამხედრო ნერვული აგენტი დაასახელა“, – განაცხადა ზაიბერტმა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს.

გაერო-ში გერმანიის მუდმივმა წარმომადგენლემა, თავის გამოსვლაში, პარალელი გაავლო 2018 წელს დიდ ბრიტანეთში მოწამლული სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის საქმესთან.

რუსეთში ქიმიური იარაღის წარმოებისა და გამოყენების საკითხები დეტალურად შეისწავლა ბრიტანულმა საგამოძიებო მედია-ორგანიზაცია  „ბელიგქეთმა“, რომელმაც დაადგინა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა განაახლა ქიმიური იარაღის წარმოების პროგრამა და ის სახელმწიფო ინსტიტუტებს ფარულად დაუქვემდებარა.

„ზოგიერთი, თითქოს რიგითი, სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლები, სინამდვილეში სამხედრო პირები და ის ქიმიკოსები არიან, ვინც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა ქიმიურ იარაღზე. ისინი დღემდე აგრძელებენ „ნოვიჩოკის“ შემუშავებას, ასევე იკვლევენ და აუმჯობესებენ, როგორც„ ნოვიჩოკს“, ისე სხვა მსგავს საწამლავებს,“ – ამბობს „ბელინგქეთის“ გამომძიებელი-ჟურნალისტი კრისტო გროზევი, რომელიც აკრძალული ქიმიური იარაღის ლაბორატორიების თემასა და ნავალნის მოწამვლის გამოძიებაზე მუშაობდა.

რაც შეეხება ე.წ „სკრიპალების საქმეს“ – 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი (მკვლელობის ამ მცდელობას ორივე გადაურჩა).

The Telegraph-ის ინფორმაციით, ნერვული აგენტი (‘ნოვიჩოკი“), რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის ბარგში იყო მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება სკრიპალის ქალიშვილის ბარგში მაშინ მოხვდა, როდესაც იგი მოსკოვს ტოვებდა.

სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები არიან. მეტიც, იმავე „ბელიგქეთის“ გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი GRU-ს აგენტები იყვნენ…

ნიშანდობლივია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, ჯასტინ მაკკენზი სმიტის განცხადებაც სერგეი და იულია სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით.

„მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა პორტონ დაუნის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეცნიერო და ტექნოლოგიების ლაბორატორიიდან დაადასტურეს, რომ მათი მოწამვლა მოხდა რუსეთში შემუშავებული სამხედრო კლასის პარალეპტიკური ნივთიერებით, სახელწოდებით „ნოვიჩოკი“,- განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთი ქიმიურ იარაღს უკრაინასთან ომშიც გამოიყენებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთი დეზინფორმაციის დიდი კამპანიის თანხლებით, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აპირებს და შემდეგ ამას უკრაინას დააბრალებს.

ასეთ საშიშროებას პოლონეთის პრეზიდენტიც ხედავს.

„თუკი რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინაში, შეიცვლება თამაშის წესები და ნატომ უნდა გადახედოს თავის პოზიციას უკრაინის კონფლიქტში ჩაურევლობის შესახებ“, – განაცხადა ანჟეი დუდამ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ილაპარაკა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, რუსეთი, თავისი განცხადებებით, შესაძლოა ქმნიდეს საბაბს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადება („რუსეთს ქიმიური იარაღი არ გააჩნია… რუსეთმა შეასრულა თავისი ვალდებულება და 2017 წელს დაასრულა ქიმიური იარაღის სრულად განადგურება“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით