„როცა „ნამახვანი“ და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ მზის, ქარის, ტექნოლოგიები არ იყო“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 28 მაისს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ სამყოფი დენი ალტერნატიული წყაროებით (მზის, ქარის, წყალბადის ტექნოლოგიები) უნდა მიიღოს და არა ჰიდროჰესებით.

„როდესაც ვლაპარაკობ ნამახვანზე, როცა ჰესები შენდებოდა, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ იყო, არ იყო მზის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო ქარის ტექნოლოგიები“, – ამტკიცებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, საქართველოს ამ ეტაპზე აქვს შანსი, ენერგოდამოუკიდებლობას დიდი ჰესების გარეშე მიაღწიოს.

გადამოწმებული: 1tv.ge

მზის პანელების გამოყენებას მსოფლიოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ 1839 წელს,  ფოტოელექტრული ეფექტის აღმოჩენის შემდეგ შეიმუშავეს. ეს არის პროცესი, როდესაც მზის სინათლე ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ათწლეულების შემდეგ, 1883 წელს, ნიუ-იორკში ერთ-ერთი შენობის სახურავზე დამონტაჟდა მსოფლიოში პირველი მზის პანელი. თანამედროვე PV მზის პანელები კი 1954 წელს შეიმუშავეს „ბელის ლაბორატორიებში“.

წლების მანძილზე ენერგიის ეს წყარო ძვირ სიამოვნებას წარმოადგენდა ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის და მას მხოლოდ სამთავრობო პროექტებში იყენებდნენ, 2000-იანი წლების დასაწყისში კი მისი შეძენა და დამონტაჟება მეტად გაიოლდა.

PV News-ზე დაყრდნობით შედგენილ გრაფიკზე ნაჩვენებია მზის ბატარეების წარმოება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით 2001-დან 2010 წლამდე.

ქარის ტურბინების წარმოების ისტორია კი საუკუნეებს ითვლის. როგორც მზის პანელები, ასევე ქარის ელექტროსადგურებიც მუდმივად ვითარდებოდა. განახლებადი ენერგიის პროდუქტების და სერვისების მწარმოებელი კომპანია „DEWI“-ის მონაცემებით, 1990 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ქარის ტურბინები 50-ჯერ მძლავრი გახდა. მაგალითად, თუ 1990 წელს საშუალო მონაცემების ქარის ტურბინა საათში 50 კილოვატს გამოიმუშავებდა, 2016 წლისათვის ამ მაჩვენებელმა 2800-ს გადააჭარბა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „როცა „ნამახვანი“ და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ მზის, ქარის, ტექნოლოგიები არ იყო“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით