„ქართული სისხლი განსაკუთრებულ ნაწილაკებს შეიცავს“

მოწოდებული ინფორმაცია

ვებ-გვერდმა posted.ge-მ, თარიღის მითითების გარეშე, გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „სასწრაფოდ! მოხდა სრულიად წარმოუდგენელი რამ, წარმოუდგენელი აღმოჩენა, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული სისხლი განსაკუთრებულ ნაწილაკებს შეიცავს”.

posted.ge-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდის ვირუსოლოგიის კვლევით ცენტრში, ექიმმა დიკ ლონგბოლსმა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაშია ჩართული, აღმოაჩინა, რომ “ქართული სისხლი განსაკუთრებულ ნაწილაკებს შეიცავს”.

„როდესაც დონორების მიერ ჩაბარებულ სისხლზე ცდებს ატარებდა და მიკროსკოპით აკვირდებოდა, მან აღმოაჩინა ეს უცნაური ელემენტები, შემდეგ გამოიკვლია დონორის ვინაობა და იგი ამერიკაში მცხოვრები, ეროვნებით ქართველი აღმოჩნდა. როდესაც ვერ დაადგინეს, რა განაპირობებდა მისი სისხლის უნიკალურობას, ჩატარდა ფართო კვლევა, რომლის ფარგლებში, გამოკვლეული იქნა მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მონაცემებიც. ამის შემდეგ კი დიკ ლონგბოლსმა გააკეთა უნიკალური აღმოჩენა! ქართული სისხლი შეიცავს მსგავს ნაწილაკებს, რაც ქრისტეს სუდარის გამოკვლევისას იქნა აღმოჩენილი, რომელიც ტურინის სუდარის სახელითაა ცნობილი”, -ნათქვამია posted.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებ-გვერდის მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემას ზემოთ დასახელებულ კლინიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა მიაწოდა, რომლის ვინაობაც არ სახელდება და „ამ ეტაპზე კვლევის შედეგები ბოლომდე არ საჯაროვდება”.

ამასთან, posted.ge ავრცელებს ანონიმი ქართველი ექიმის რჩევას: „შესაძლოა, ქართულმა სისხლმა დიდი როლი ითამაშოს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველა ქართველი მზად უნდა იყოს, ჩააბაროს სისხლი საჭიროების შემთხვევაში. ამიტომ, გირჩევთ, დროებით მოერიდოთ ქოლესტერინის შემცველ საკვებს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართველები მსოფლიოს გადარჩენაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდნენ”.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკი” შეეცადა ინფორმაციის მოძიებას კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდის ვირუსოლოგიის კვლევით ცენტრში მომუშავე ექიმ დიკ ლონგბოლსის, აგრეთვე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მიზნით ჩატარებულ კვლევებში მისი მონაწილეობისა და აღმოჩენილი „ქართული სისხლის განსაკუთრებული ნაწილაკების” შესახებ, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში საერთოდ არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ posted.ge-ს ინფორმაციაში თითქმის ყველა ფაქტი და პერსონა „გასაიდუმლოებულია” (დონორი ქართველები, კვლევით ცენტრში მომუშავე ქართველი ექიმი, კვლევის შედეგები და ა.შ), თუმცა, ძნელი სათქმელია, რით არის ეს განპირობებული.

ასევე გაუგებარია, „აღმოჩენა” „ქართული სისხლის განსაკუთრებული ნაწილაკების” შესახებ რატომ არ უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაციაში, მისი „მნიშვნელობის” ხაზგასასმელად, გამოყენებულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოცულობითი ფოტო, რასაც არანაირი შემხებლობა არა აქვს სტატიის თემასა და შინაარსთან.

ამრიგად, posted.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება და არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით