„პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა სტუდენტების დასახმარებლად“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 10 იანვარს, „ალიამ“ გაავრცელა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის გამოხმაურება სტუდენტების პეტიციაზე, რომლის ადრესატია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

“პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა სტუდენტების დასახმარებლად და მათთვის ფინანსური შეღავათების დასაწესებლად, რის გამოც უამრავი ახალგაზრდა იძულებული გახდა, შეეჩერებინა აკადემიური სტატუსი“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება N536, რომლითაც განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები.

აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (150 000 და უფრო ნაკლები ქულა) სახელმწიფომ დაუფარა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის საფასური. ასეთი სტუდენტების რაოდენობამ 15 051 შეადგინა. მანამდე კი, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება 1 588 სტუდენტს აუნაზღაურდა.

გარდა ამისა, 2020 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება.

მათ შორის:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 27 890 (ბაკალავრიატი);
  • პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება – 19 775 (ბაკალავრიატი);
  • სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სოციალური) – 4 489 (ბაკალავრიატი);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საფუძველზე ჩარიცხული პირების გრანტი – 16 (ბაკალავრიატი);
  • თანამემამულის სტატუსის მქონე პირები – 35 (ბაკალავრიატი);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2020) – 379 (ბაკალავრიატი);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2019) – 61 (ბაკალავრიატი);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი -122(ბაკალავრიატი);
  • მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 829 (ბაკალავრიატი);
  • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი -1 781 (მაგისტრატურა);
  • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (სოციალური) -177 (მაგისტრატურა);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი – 16 (მაგისტრატურა);
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირების გრანტი – 19 (მაგისტრატურა).

ასევე დასრულდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოპოვების პროცესი 2020-2021 სასწავლო წლისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა სხვადასხვა კეტეგორიის 1539-მა სტუდენტმა.

ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ფინანსდება პროგრამა “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”, რომლის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიას იღებენ სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემეტრში სტიპენდია გადაეცა 3243 სტუდენტს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომ „პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 თეთრი არ დახარჯულა სტუდენტების დასახმარებლად“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით