„ოქსფორდის უნივერსიტეტმა რუსი ჩინოვნიკების შვილების 10 000-ზე მეტი დიპლომის ანულირება მოახდინა“

მოწოდებული ინფორმაცია

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ოქსფორდის უნივერსიტეტმა რუსი ჩინოვნიკების შვილების 10 000-ზე მეტი დიპლომის ანულირება მოახდინა“. გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ „დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მას უფლება არა აქვს, ბარბაროსული და ტოტალიტარული რეჟიმების წარმომადგენლებზე გასცეს დიპლომები“.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციამ უკვე მიიღო დავალება, გაანადგუროს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ 2014 წლის შემდეგ გაცემული ყველა დიპლომი, რომელიც სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსი ფუნქციონერების შვილებს ჩხრეკის დროს აღმოაჩნდებათ.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად გამოეცემა „პანორამამ“ გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი, ამ საკითხზე,  Россия 1-ის წამყვანმა, დმიტრი კისელიოვმა გადაცემა „Вести недели“-ში ისაუბრა.

„დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ გადაწყვიტა, მოახდინოს ყველა იმ დიპლომის ანულირება, რომელიც რუსი ჩინოვნიკების შვილებსა და ახლო ნათესავებზე 2014 წლიდან არის გაცემული. განა აბსურდი არ არის თავისივე დიპლომების გაუქმება? თანაც, არც სწავლის ფულს აბრუნებენ! ეს ხომ ოქსფორდია, სადაც, თავის დროზე პრემიერი ბორის ჯონსონი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი სწავლობდნენ?“, – აღშფოთებას გამოთქვამს კისელიოვი, რომელიც იქვე დასძენს, რომ მართლია, გამოცემა „პანორამა“ სატირულ ამბებზეა ორიენტირებული, მაგრამ თავად ამ იუმორის ხასიათი ბევრ რამეზე მეტყველებს და ის „სიმართლესავით ჟღერს“.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ინფორმაცია Euronews-მა გადაამოწმა.

„ევრონიუსი“ აცხადებს, რომ Россия 1-მა და მისმა წამყვანმა „დამაბნეველი“ ინფორმაცია გაავრცელეს, რადგან ცნობილია, რომ გამოცემა „პანორამა“, რომელზეც დმიტრი კისელიოვი აპელირებს, სატირული შინაარსისაა და როგორც თავადვე აცხადებს, გავრცელებულ ინფორმაციებზე პასუხისმგებლობას იხსნის.

„პანორამა“-ს ამ სტატიაში ფალსიფიცირებული იყო როგორც ციტატა („დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მას უფლება არა აქვს, ბარბაროსული და ტოტალიტარული რეჟიმების წარმომადგენლებზე გასცეს დიპლომები“), ასევე მისი „ავტორის“, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის გვარი – სერ ლუის ლოურენსი. სიმანდვილეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი, 2016 წლიდან ლუიზა რიჩარდსონია.

ამის მიუხედავად, Россия 1-ის წამყვანმა, დიმიტრი კისელიოვმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის „გადაწყვეტილება“ გამოიყენა ბრალდებად და ნიმუშად იმისა, თუ როგორ „აბსურდულ“ სანქციებს მიმართავს დასავლეთი რუსეთის მიმართ. კისელიოვმა მხოლოდ თითქმის ორწუთიანი ტირადის შემდეგ აღიარა, რომ „პანორამას“ ინფორმაცია ხუმრობა იყო. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკა ძალიან რეალისტური და „სიმართლისმაგვარია“.

მაშასადამე, კისელიოვმა იცოდა, რომ „პანორამას“ ინფორმაცია სატირული ხასიათის იყო, მაგრამ მაინც მოხდინა მისი ტირაჟირება, როგორც „რეალისტურის და სიმართლისმაგვარის“.

აღსანიშნავია ისიც, რომ კისელიოვის გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, „პანორამამ“, „ტვიტერში“ გააზიარა სატელევიო გადაცემის ნაწყვეტი კომენტარით – „ჩვენ ისევ ტელეეკრანებზე ვართ“.

ამდენად, Россия 1-ის წამყვანის, დმიტრი კისელიოვის მიერ გადაცემა „Вести недели“-ში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ „ოქსფორდის უნივერსიტეტმა რუსი ჩინოვნიკების შვილების 10 000-ზე მეტი დიპლომის ანულირება მოახდინა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით