„მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონით“ უმეტესად სრულად ვაქცინირებულები ინფიცირდებიან"

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის იანვარში, ქართულ ფეისბუქ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, COVID-19-ის „ომიკრონ“ შტამით, ძირითადად, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ინფიცირდებიან.

თავდაპირველად კი, ასეთი ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა Alphanews-მა გაავრცელა შემდეგი სათაურით – „მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული მონაცემები აჩვენებენ, რომ „ომიკრონით“, უმეტესად, სრულად ვაქცინირებულები ინფიცირდებიან”.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან 81 პროცენტი ვაქცინირებულებზე მოდის“. მასში მოყვანილია ცალკეული ქვეყნების მაგალითებიც. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ „გერმანიაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 71 პროცენტია, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 95.6 პროცენტი ვაქცინირებული პაციენტები არიან“.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ისრაელში, ომიკრონის“ შემთხვევების 61 პროცენტი სამჯერადად ვაქცინირებულებში გამოვლინდა“, ხოლო „ისლანდია, სადაც ყველაზე მეტი ბუსტერ დოზაა გაცემული, კოვიდით ინფიცირებულთა ოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს“.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

PolitiFact-ის მიხედვით, ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები ამბობენ, რომ დასკვნა, რომლის მიხედვით, „ომიკრონით“, უმეტესად, სრულად ვაქცინირებულები ინფიცირდებიან, მცდარია.

მართალია, მეცნიერები კვლავ მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ, მაგრამ სფეროს ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ვაქცინაცია ხალხს უფრო დიდი რისკის ქვეშ არ აყენებს.

„ომიკრონი“ მხოლოდ ვაქცინირებულებს არ უტევს; ის ყველას უტევს“, – აცახადებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორი ამეშ ადალია.

„ომიკრონ“ ვარიანტის უნარი, გაარღვიოს იმუნიტეტი, მას საშუალებას აძლევს, დააინფიციროს სრულად აცრილი და ბუსტერ დოზა გაკეთებული ადამიანიც კი. ეს არ ნიშნავს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით უფრო მეტად ინფიცირდებიან, ან „ომიკრონ“ ვარიანტს მიზანში ამორებული მხოლოდ ვაქცინირებულები ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ვაქცინირებულებიც კი დააინფიციროს. სხვა შტამებს არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და მხოლოდ არავაქცინირებულებს უტევდნენ. “ომიკრონი“ კი ვაქცინირებულებსაც და არავაქცინირებულებსაც ემართებათ“, – განმარტავს ადალია.

„დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მედეგია ვაქცინირებული ან კოვიდ-გადატანილი ადამიანის იმუნიტეტთან“, – აღნიშნა ბუფალოს უნივერსიტეტის პროფერსორმა, დოქტორმა ტომას რუსომ. „ესაა მიზეზი, რის გამოც მრავალი ვაქცინირებული ინფიცირდება, მაგრამ ასევე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ვაქცინირებული ადამიანები უფრო მეტად არიან დაცულები. ვაქცინაცია არ ზრდის ინფიცირების შანსს, პირიქით, – ვაქცინირებული უფრო მეტად არის დაცული ინფიცირებისგან, ინფექციის გართულებისა და გარდაცვალების რისკისგან“, – აცხადებს ტომას რუსო.

ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევები იმიტომ კი არ ვლინდება, რომ ვაქცინირებულები უფრო მეტად დაუცველები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი, რაოდენობრივად, არავაქცინირებულებზე მეტნი არიან. „ვაქცინირებულ პირთა ზრდადი რაოდენობა ავტომატურად ზრდის მათ წილს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაში“, – აღნიშნავს რუსო.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, დოქტორმა ჯორჯ რაზერფორდმა კი განაცხადა, რომ „უაზრობაა“ მტკიცება, თითქოს, ვაქცინირებულები დაინფიცირების უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

Politifact-მა სტატიაში მოცემული გერმანიის მაგალითიც გადაამოწმა და დაადგინა, რომ ინფიცირების 96-პროცენტიანი მაჩვენებელი  The Gateway Pundit-მა რობერტ კოჰის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების არასწორი დაანგარიშების გამო გამოაქვეყნა (გარკვეული დროის შემდეგ, ავტორებმა სტატია შეასწორეს).

ასევე, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც დაადასტურებენ Alphanews-ის მიერ გამოქვეყნებულ ისრაელის და ისლანდიის კოვიდ-სტატისტიკას.

ამდენად, არ არსებობს მტიკიცებულება, რომ ვაქცინირებული ადამიანები „ომიკრონ“ ვარიანტით უფრო მეტად ინფიცირდებიან, ვიდრე, არავაქცინირებულები. შესაბამისად, Alphanews-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ „მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული მონაცემები აჩვენებენ, რომ „ომიკრონით“ უმეტესად სრულად ვაქცინირებულები ინფიცირდებიან”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით