

მოწოდებული ინფორმაცია
საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის 5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მალევე, ქვეყანაში „პფაიზერის“ საკმაოდ დიდი პარტია შემოვიდა და შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იმატა. თუმცა, აგვისტოს შემდეგ, ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა და ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ვაქცინაციის საერთო მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში დღესაც კვლავ საკმაოდ დაბალია.
„ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარებაც გამოიკვლია.
გთავაზობთ 21 თებერვლის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.
გადამოწმებული: 1tv.ge
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინიცით აცრის მაჩვენებელი, 21 თებერვლის მდგომარეობით, ასეთია:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, 3,728,600-ია. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 240 595 პირი, რაც 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 43.2 პროცენტია (მთლიანი მოსახლეობის 33.2 პროცენტი). მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 346 560 მოქალაქე, რაც 18 წელს გადაცილებული მოქალაქეების 46.9 პროცენტს შეადგენს (მთლიანი მოსახლეობის 36.1 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 207 533 ადამიანს (მოსახლეობის 5.5 პროცენტი).
აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულია 4,772,019 მოქალაქე (მოსახლეობის 47.4 პროცენტი), ხოლო ერთი დოზა მიღებული აქვს 5,280,393 ადამიანს (მოსახლეობის 52.5 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 2,585,100 ადამიანს (მოსახლეობის 25.7 პროცენტი).
სომხეთში ორივე დოზით აცრილია 876,951 ადამიანი (მოსახლეობის 29.7 პროცენტი), ერთი დოზა 1,067,296 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 36.1 პროცენტი). ბუსტერ დოზით აცრილია 15,539 ადამიანი (მოსახლეობის 0.53 პროცენტი).
თურქეთში 52,709,583 ადამიანია სრულად ვაქცინირებული (მოსახლეობის 63.4 პროცენტი), 57,619,810 ადამიანს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 69.3 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 34,470,137 ადამიანს (მოსახლეობის 41.5 პროცენტი).
აშშ-ში 213,949,978 პაციენტია ორივე დოზით ( მოსახლეობის 65 პროცენტი) აცრილი, ხოლო 252,791,817 – ერთი დოზით (მოსახლეობის 76.7 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 92,663,055 ადამიანს (მოსახლეობის 28.1 პროცენტი).
რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 71,601,909 (მოსახლეობის 48.8 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 78,284,278 მოქალაქე (მოსახლეობის 53.3 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 13,068,665 ადამიანს (მოსახლეობის 8.9 პროცენტი).
გერმანიაში ორივე დოზით ვაქცინირებულია 62,455,132 მოქალაქე (მოსახლეობის 75.1 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით 63,366,170 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 76.2 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 46,728,795 ადამიანს (მოსახლეობის 56.2 პროცენტი).
საფრანგეთში ვაქცინის ორი დოზა 52,122,458 ადამიანს აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 77.7 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით აცრილია 53,919,703 ადამიანი, რაც მოსახლეობის 80.4 პროცენტს შეადგენს. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 34,998,216 ადამიანს (მოსახლეობის 52.2 პროცენტი).
ესპანეთში სრულად ვაქცინირებულია 38,834,215 ადამიანი, (მოსახლეობის 82.4 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით აცრილია 41,030,936 ადამიანი (მოსახლეობის 87.1 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 23,729,665 ადამიანს (მოსახლეობის 50.4 პროცენტი).
პორტუგალია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქვეყანაში ორივე დოზით აცრილია 9,295,082 ადამიანი (მოსახლეობის 90.4 პროცენტი), ხოლო ერთი დოზა გაკეთებული აქვს 9,641,304 პაციენტს (მოსახლეობის 93.8 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 6,048,579 ადამიანს (მოსახლეობის 59 პროცენტი).
იტალიაში 47,195,357 მოქალაქე ორივე დოზით (მოსახლეობის 78.3 პროცენტი), ხოლო 50,578,527 ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 84 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 36,856,191 ადამიანს (მოსახლეობის 61.2 პროცენტი).
დიდ ბრიტანეთში ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს 48,853,106 ადამიანს (მოსახლეობის 73.5 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა 52,556,789 პაციენტს (მოსახლეობის 79.1 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 37,964,306 ადამიანს (მოსახლეობის 57.1 პროცენტი).
ისრაელში ორივე დოზით აცრილია 6,117,061 (მოსახლეობის 66.6 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 6,697,554 მოქალაქე (მოსახლეობის 73 პროცენტი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 5,169,901 ადამიანს (მოსახლეობის 56.3 პროცენტი).
მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ, საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში ორივე დოზა 9,435,257 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 95.4 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 100 პროცენტს (9,890,206 ადამიანი). ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 4,648,397 ადამიანს (მოსახლეობის 47 პროცენტი).
ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს ბურუნდი იკავებს. ქვეყანაში სრულად 8,001 მოქალაქე , მხოლოდ ერთი დოზით კი 8,452 ადამიანია აცრილი. ბუსტერ დოზით აცრილთა მონაცემები უცნობია.