„ჩინეთში კოვიდით ყოველდღიურად 37 მილიონი ადამიანი ინფიცირდება "

მოწოდებული ინფორმაცია

ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ჩინეთში კოვიდსიტუაციის გაუარესების შესახებ. სახელდება საგანგაშო ციფრები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყოველდღიურად 37 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 10-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე შემოიღო სავალდებულო ტესტიტება ჩინეთიდან შემოსული პირებისთვის. თავის მხრივ, ოფიციალურმა პეკინმა ამ ზომებს „დისკრიმინაციული და მიუღებელი“ უწოდა და პირობა დადო, რომ საპასუხო ღონისძიებებს გაატარებს.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა ჩინეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და ამ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გამოიკვლია.

გადამოწმებული: 1tv.ge

Bloomberg-მა და Financial Times-მა გამოაქვეყნეს მონაცემები, რომლის თანახმად, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში, ჩინეთში, კოვიდ-19-ით, 250 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გამოცემების მტკიცებით, ეს მონაცემები რეალურია და ის ჩინეთის ჯანდაცვის სექტორში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებისგან მოიპოვეს.

ამ ფონზე, ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ (NHC) 25 დეკემბერს გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების მონაცემებს ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებს და ამ საქმეს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადააბარებს. ეს სტრუქტურა კი, როგორც წესი, ინფექციური დაავადებების შესახებ ინფორმაციას ყოველთვიური დაიჯესტის სახით აქვეყნებს.

CNN-ი იუწყება, რომ ზემოთ მოყვანილი მონაცემების გადამოწმება დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ თუ ის სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ კოვიდ-19-ით ჩინეთის მოსახლეობის 18 პროცენტია დაინფიცირებული, რაც დღემდე აღრიცხული ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიის მიხედვით, ჩინეთში კოვიდ-19-ის „აფეთქება“ ვირუსის ახალი შტამით არ არის გამოწვეული.

გამოცემის მიხედვით, ჩინურმა მხარემ ქვეყნის სხვადასხვა ცხელი წერტილიდან ვირუსის 25 გენეტიკური ნიმუში გაუგზავნა GISAID– ს – ორგანიზაციას, რომელიც კორონავირუსის გენურ მუტაციას აკვირდება. GISAID-ში დაადასტურეს, რომ ნიმუშებში მუტაციის კვალი ვერ აღმოჩინეს.

Bloomberg-ის თანახმად , ამჟამად არსებული მონაცემები და ექსპერტების დაკვირვები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში პიკს იანვარში მიაღწევს.

თუმცა, ჩინეთში აგორებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის მასშტაბების შეფასება დასავლელ ექსპერტებსაც უჭირთ, განსაკუთრებით ჩინეთის სტატისტიკის სიზუსტის მიმართ მათი საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით.

3 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან კოვიდ-ის გავრცელების შესახებ ჩინეთის მონაცემების სიზუსტით, ჩინელ მეცნიერებს შეხვდნენ. ჯანმო-მ მოუწოდა ჩინელ ექიმებს, მიაწოდონ დეტალური მონაცემები ვირუსის გავრცელების, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალების და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

„ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკის ფარგლებში არსებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, 1,4- მილიარდიანი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც თითქმის სამი წელი მკაცრ იზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა, რადგან ვერ შეხერხდა ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავება.

ჩინეთის დამკრძალავ ბიუროებს და საავადმყოფოებში აღნიშნავენ, რომ ეს დაწესებულებები მეტისმეტად გადატვირთულია, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ 2023 წელს ჩინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვეულებრივზე მინიმუმ მილიონით მეტი იქნება. ამავდროულად, Bloomberg ცნობით, ქვეყანაში დაკრძალვის ინდუსტრია პარალიზებულია და ამის საილუსტრაციოდ სახელდება ის, რომ მაგალითად, პეკინსა და შანხაიში, გარდაცვლილის კრემაცია იანვრის შუა რიცხვებზე ადრე შეუძლებელია. და ეს მაშინ, როდესაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კოვიდინფექციით ქვეყანაში ყოველდღიურად მხოლოდ 5 ადამიანი იღუპება.

ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში კოვიდვირუსით სულ 5258 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წარმოუდგენლად მცირე რიცხვია სხვა ქვეყნების ანალოგიურ სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებით.

ჯანდაცვის ბრიტანული კომპანია Airfinity-ის ანალიტიკოსების შეფასებით, რეალურად ჩინეთში ყოველდღიურად კოვიდისგან 9000-მდე ადამიანი იღუპება.

თავის მხრივ, ოფიციალური პეკინი ოფიციალური სტატისტიკის მიმართ დასავლეთის უნდობლობას და საფრთხილეს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი დამოკიდებულების მიზანია „კოვიდთან ბრძოლაში ჩინეთის მიღწევების დამცირება“.

ჩინეთში შექმნილ კოვიდვითარებას ვრცელი მასალა მიუძღვნა „ბი-ბი-სი“-მ, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ პრევენციული ზომების შესახებ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ახალი კოვიდაფეთქებისგან თავის დაცვის მიზნით იღებენ. კერძოდ:

  • 5 იანვრიდან, შეერთებულმა შტატებმა დანერგა სავალდებულო კოვიდტესტირება ჩინეთიდან, ჰონგკონგიდან და მაკაოდან ჩამოსული ორ წელზე მეტი ასაკის ყველა საჰაერო მგზავრისთვის;
  • ასევე 5 იანვრიდან, დიდ ბრიტანეთში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდზე ტესტის ჩატარება მოეთხოვებათ;
  • საფრანგეთი ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს მოსთხოვს, წარადგინონ უარყოფითი პასუხი კოვიდტესტზე, რომელიც მგზავრობამდე არანაკლებ 48 საათით ადრე იქნება გაკეთებული. გარდა ამისა, 1 იანვრიდან საფრანგეთი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე უკვე ატარებს შერჩევით PCR ტესტებს;
  • 5 იანვრიდან ჩინეთიდან ავსტრალიაში ჩასულ პირებსაც მოეთხოვებათ კოვიდზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
  • ინდოეთმაც სავალდებულო გახადა ჩინეთიდან, ჰონგკონგიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან და იაპონიიდან ჩამოსული ადამიანებისთვის კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები კარანტინში იქნებიან, თუ მათ აქვთ კოვიდ-ის სიმპტომები ან ტესტირების დადებითი პასუხი;
  • ჩინეთიდან კანადაში საჰაერო გზით ჩასულმა მგზავრებმა ასევე უნდა წარადგინონ უარყოფითი პასუხი კოვიდტესტზე, რომელიც მგზავრობამდე არანაკლებ 48 საათით ადრე ექნებათ გაკეთებული;
  • 8 იანვრიდან იაპონია გაამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს ჩინეთიდან შესული მგზავრებისთვის. დამატებითი ზომები გულისხმობს იმას, რომ ჩინეთიდან პირდაპირ რეისზე მყოფ მგზავრებს, ქვეყანაში შესვლამდე, უნდა ჰქონდეთ კოროვირუსზე ტესტირების უარყოფითი პასუხი. დადებითი პასუხის მქონე პირებს კი მოეთხოვებათ შვიდდღიანი კარანტინი;
  • იტალიაც ასევე მოითხოვს უარყოფით ტესტებს ჩინეთიდან ჩამოსული ყველა პირისგან. მილანის მთავარ აეროპორტ მალპენსაში უკვე ტარდება პეკინიდან და შანხაიდან ჩამოსული მგზავრების ტესტირება;
  • ესპანეთი ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს კოვიდტესტის უარყოფით პასუხს ან ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვს;
  • 1 იანვრიდან, ჩინეთიდან ტაივანში პირდაპირი რეისიით ჩასულმა ყველა მგზავრმა, ასევე ოფშორულ კუნძულებზე ზღვით ჩასულმა მგზავრებმა, ჩასვლისთანავე უნდა გაიარონ PCR ტესტირება;
  • სამხრეთ კორეა ჩინეთიდან, მაკაოდან და ჰონგკონგიდან შემოსულ მგზავრებს მოსთხოვს, რომ წარადგინონ უშუალოდ გამგზავრების წინ გაკეთებული კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი;
  • მაროკომ 3 იანვრიდან საერთოდ აკრძალა ჩინეთიდან ყველა პირის შესვლა, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად;
  • 3 იანვრიდან, ყატარი ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სთხოვს წარადგინონ გამგზავრებამდე 48 საათით ადრე გაკეთებული კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი;
  • 5 იანვარს, იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც რომელიც ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტის ჩატარებას ითხოვენ, საბერძნეთი, გერმანია და შვედეთი შეუერთდნენ.

ქვეყნებმა, რომლებმაც კოვიდუსაფრთხოების ზემოთ დასახელებული ზომები მიიღეს, მათ შორის აშშ-მ და საფრანგეთმა, გამოთქვეს შიში, რომ ჩინეთის 1.4 -მილიარდ მოსახლეობას შორის კოვიდის შემთხვევების დიდი რაოდენობა საშუალებას მისცემს ვირუსს, მუტაცია განიცადოს და ახალი შტამები წარმოშვას.

ფრანგმა ეპიდემიოლოგმა მაჰმუდ ზურეიკმა სააგენტო France-Presse-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სიფრთხილის ზომების მიღება გამართლებულია, რადგან, წინააღმდეგ შემთხევაში, ვირუსის უპრეცედენტო ტალღა მოედება ევროპას. „წარმოუდგენელია თვითმფრინავების მიღება, რომლის ბორტზე ყოველი მეორე ადამიანს კოვიდტესტზე დადებითი პასუხი აქვს. თუმცა, პრევენციულიი ზომები ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთელ ევროპაზე გავრცელდება, ყოველ შემთხვევაში – შენგენისზონის ტერიტორიაზე მაინც“, – მიიჩნევს ფრანგი ეპიდემოლოგი.

ასეთი შეშფოთება კი სულაც არ არის უსაფუძვლო: ბოლო თვეებში „ომიკრონის“ არაერთი სხვადასხვა ქვევარიანტი გამოჩნდა.

ჯანდაცვის სფეროს ჩინელმა ექსპერტებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ პეკინში ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია BA.5.2 და BF.7, თუმცა დასავლეთის ქვეყნებში ეს ვარიანტები უკვე სხვა, უფრო სწრაფად გადამდებმა ვარიანტებმა ჩაანაცვლა.

ეპიდემიოლოგებს ყველაზე მეტად აშშ-ში აღმოჩენილი „ომიკრონის“ ახალი ვერსია XBB.1.5 აშფოთებთ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან, XBB.1.5-ის წილი ახალი დიაგნოზების საერთო რაოდენობაში ოთხჯერ გაიზარდა (10%-დან ნაკლებიდან 40%-მდე)…

თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის შემოღებული კოვიდტესტირების ახალი წესები „არაგონივრულია და მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია“. ამასთან, 8 იანვრიდან ჩინეთი აღარ მოსთხოვს ქვეყანაში შემოსულ მგზავრებს კარანტინის გავლას, თუმცა ვიზიტორებს ტესტირებს გავლა მაინც მოეთხოვებათ.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების შემოღების მიუხედავად, ამ ქვეყნის ტურისტების მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში მაინც საკმაოდ მაღალია. სახელმწიფო მედისაშუალება China Daily, ტურისტულ პლატფორმა Trip.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ჩინეთიდან საერთაშორისო ფრენების დაჯავშნა, წინა წელთან შედარებით, თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა.

მართალია, ჩინეთიდან და ჩინეთიდან ფრენების რაოდენობა, კოვიდამდელ პერიოდთან შედარებით, დაბალია, მაგრამ ოფიციალური პეკინი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ფრენების გაზრდას გეგმავს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით