

მოწოდებული ინფორმაცია
მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმში“ გამოსვლისას, განაცხადა, რომ მომღერალი „თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა“.
„ბუა ზღაპრების არ მჯერა, მე მღვიძავს.. რა იყო, ანტივაქსერობა ცოდვაა თუ ისჯება?“, – აღნიშნა კვალიაშვილმა.
მისი ეს განცხადება არაერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ („ალია“, „ფორტუნა“, „რეზონანსდეილი“ და სხვ.) გაავრცელა.
გადამოწმებული: 1tv.ge
თემურ წიკლაურის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც მომღერლის ოჯახის წევრების მიერ, ისე გორის სამხედრო ჰოსპიტალის წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერალი კოვიდინფიცირების შემდეგ მკურნალობდა.
თემურ წიკლაურის ოჯახის წევრების თქმით, მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას და ის, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მართვით სუნთქვაზე იყო.
თავის დროზე, „პირველ არხს“ გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც დაუდასტურეს, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებაში თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა, მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა და რეამინაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
კორონავირუსის გამო თემურ წიკლაურის გარდაცვალების ფაქტს მომღერლის შვილი, ქეთი წიკლაურიც ადასტურებს.
„ის (თემურ წიკლაური) კორონავირუსით დაინფიცირდა და შემდეგ, თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე, დამძიმდა და გარდაიცვალა… დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ოჯახი ვიყავით კორონავირუსით ინფიცირებულები. შემდეგ, მამა დამძიმდა. რაც გინდათ, დაუძახეთ – ვირუსმა გამოიწვია გარდაცვალება“, – ამბობს ქეთი წიკლაური.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მომღერალ ეკა კვალიაშვილის მიერ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ტოქშოუ „ღამის პრაიმ-თაიმში“ გამოსვლისას გაკეთებული განცხადება, რომ „თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა“, არის სიყალბე.