მოწოდებული ინფორმაცია

ინსტაგრამ-სივრცეში გამოქვეყნდა ფოტო წარწერით -„ მარცხენა vs. მარჯვენა = არავაქცინირებული vs. ვაქცინირებული“, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა შეფერილობის სისხლის ორი პაკეტი… როგორც ფოტოს ავტორი აცხადებს, მარცხენა პაკეტში არავაქცინირებული ადამიანის სისხლია, ხოლო მარჯვენაში – ვაქცინირებულის.

მისივე მტკიცებით, ვაქცინირებულების სისხლი ფერს იცვლის და „ამას ყველა ხედავს, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს“.

აღნიშნულ ფოტოს 4 600-ზე მეტი. მოწონება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ამერიკის წითელი ჯვრის ბიოსამედიცინო სერვისების უფროსმა სამედიცინო ოფიცერმა დოქტორმა პამპე იანგმა USA Today-ის განუცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიერ სისხლის ფერის შეცვლას დაადასტურებს.

„ამერიკის წითელ ჯვარში ვიზუალურად ვამოწმებთ თითოეულ შემოწირულ სისხლს და დღემდე არ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევა, რომ ვაქცინირებული ადამიანების მიერ შემოწირული სისხლს განსხვავებული ფერი ჰქონოდა“, – აცხადებს დოქტორი იანგი.

მისივე განმარტებით, სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ მოლეკულას, რომელსაც ჰემოგლობინი ჰქვია და მისი დანიშნულება ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებაა. სწორედ ჟანგბადი აძლევს წითელ უჯრედებს შეფერილობას. სისხლის მუქ ან ღია შეფერილობას უჯრედებში არსებული ჟანგბადის დონე განსაზღვრავს.

„როდესაც სისხლი გულის არეს ტოვებს ის ჟანგბადით მდიდარია და ღია წითელი ფერისაა. ხოლო როდესაც სისხლი გულში ბრნდება, იგი ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს, რაც მის შედარებით მუქ შეფერილობას იწვევს“, – აცხადებს ამერიკელი სამედიცინო ოფიცერი.

იანგის თქმით, სისხლის შეფერილობას მრავალი ბუნებრივი მიზეზი განაპირობებს: პლაზმაში არსებული ქიმიური ნაწილაკების დონე, სისხლში ჟანგბადის, რკინის, ლიპიდების დონის ცვლილება და ა.შ.

„მნიშვლელოვანია აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის შემდეგ სისხლის ჩაბარება არ ამცირებს დონორის ვირუსისგან თავდაცვის შანსებს“, – აღნიშნავს იანგი.

ამრიგად, ვინაიდან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იწვევს სისხლის ფერის შეცვლას, შესაბამისად, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სისხლის ფერს ცვლიან“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით