„კარანტინი პოლიტიკური ნიშნით"

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 20 სექტემბერს, ტელეკომპანია “მთავარ არხზე” ახალციხეში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში ითქვა, რომ ახალციხეში ქელეხზე  დამსწრე პირს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტში მყოფი ხალხის ნაწილი თვითიზოლიაციაში გადაიყვანეს, ხოლო კარანტინში – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: „ქელეხის სუფრიდან 176 ადამიანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო სავალდებულო კარანტინში მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციის წევრები”.

„მთავარი არხის” მტკიცებით, ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სავალდებულო კარანტინში, პოლიტიკური საქმიანობისგან ჩამოსაშორებლად მოათავსა.

„მე მქონდა ძალიან მსუბუქად შემხებლბობა- ხელი ჩამოვართვი უბრალოდ და იყვენენ იქ ისეთი ადამიანები,  მეგობრები, ნათესავები, რომლებიც მასთან ოჯახშიც იყვნენ, სუფრასთან ისხდნენ. ის ადამიანები ისევ ახალციხეში არიან თვითიზოლაციაში სახლებში და მე გამომკეტეს ბაკურიანში იმიტომ, რომ ჩამოვეცილებინე ჩემი საარჩევნო შტაბისთვის“ – ამბობს “მთავართან” დავით ბალიაშვილი.

„მიზანმიმართულად მოხდა ჩემი და დათო ბალიაშვილის მოშორება. ტესტი აგვიღეს გუშინწინ. გუშინ იყო პასუხი და უარყოფითია“, –  აცხადებს გელა დემეტრაძე.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა” „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის სამსახურში გადაამოწმა, რომლის შედეგად დადგინდა: ზემოაღნიშნულ ქელეხზე მყოფთაგან თავდაპირველად კორონავირუსით დაავადებული პირის 42 კონტაქტი გამოვლინდა, რომელთაგანაც 32 კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი – დავით ბალიაშვილი და გელა დემეტრაძე, 27 პირი კი თვითიზოლაციაში მოთავსდა.

„თვითიზოლიაციასა და კარანტინში მოთავსებულ პირებს ერთნაირად ეკრძალებათ სხვა პირებთან კონტაქტი. აბსურდია, რომ ეს ორი პირი კარანტინში პოლიტიკური საქმიანობის ხელის შესაშლელად გადაიყვანეს. თვითიზოლაცია იგივენაირად უზღუდავს მათ საზოგადოებასთან არავერბალურ კავშირებს, როგორც კარანტინიდან. ამიტომ, თვითიზოლაციაში იქნებოდნენ თუ კარანტინში, მათ საზოგადოებასთან ურთიერთობა, გარდა სატელეფონო კავშირისა, სამედიცინო შეზღუდვებიდან გამომდინარე, აკრძალული ჰქონდათ,”- გვითხრა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ.

ამდენად, „მთავარი არხის” გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ახალციხეში ქელეხზე მყოფთაგან 176 პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო კარანტინში მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციის წევრები”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით