„გაერო-ს წევრი ქვეყნების მესამედზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას“

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაციები, რომლის მიხედვით, მსოფლიო საზოგადოება უკრაინის საკითხით „დაიღალა“ და შესაბამისად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, გაერო-ში უკრაინის მხარდამჭერთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

„გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი კისლიცა გუშინ ლამის ატირდა: გაერო-ს 193 წევრიდან მხოლოდ 58-მა დაუჭირა მხარი რეზოლოციას, რომელიც გმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ქმედებებს. 2 მარტს რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას  193-დან 141-მა ქვეყანამ (73 პროცენტი) დაუჭირა მხარი, 24 აგვისტოს კი მხოლოდ 58-მა. ანუ 2 მარტს 73-მა პროცენტმა, 24 მარტს – 30-მა პროცენტმა“, – აცხადებენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გადამოწმებული: 1tv.ge

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის ოფიციალური აქტი, რომელიც გამოხატავს გაერო-ს წევრი ქვეყნების საერთო პოზიციას ასამბლეის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გენერალურმა ასამბლეამ რამდენიმე რეზოლუცია მიიღო.

პირველი რეზოლუცია სახელწოდებით, „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ (A/ES/11-1), რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მიღებულია 2022 წლის 2 მარტს. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა სახელმწიფომ, 35-მა თავი შეიკავა და მხოლოდ 5 იყო წინააღმდეგი – რუსეთი, ბელორუსია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და სირია. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და თავი შეიკავოს შემდგომი უკანონო მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან რომელიმე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გაერო-ს წევრი ქვეყნები ითხოვენ რუსეთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, ასევე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გააუქმოს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მეორე რეზოლუცია უკრაინის ომთან დაკავშირებით 2022 წლის 24 მარტს არის მიღებული. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ. რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ (A/ES/11-2) პირდაპირ მიუთითებს რუსეთზე, როგორც უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის წყაროზე. ამ დოკუმენტში გაერო-ს გენერალური ასამბლეა ასახელებს კონკრეტულ ნაბიჯებს ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის XI საგანგებო სესიის მიერ მიღებული მესამე რეზოლუციით კი რუსეთის ფედერაციას შეუჩერდა წევრობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კრიზისის, ადამიანის უფლებების სისტემატური და უხეში დარღვევების გამო“. რეზოლუცია მიღებულია 2022 წლის 7 აპრილს გამართული კენჭისყრის შემდეგ. მისი შედეგები ასეთია: 93 მომხრე ქვეყანა, 24 წინააღმდეგ, 58-მა თავი შეიკავა.

რაც შეეხება რუსულ მედიასივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 24 აგვისტოს გაერო-ს წევრი ქვეყნების მესამედზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი გაერო-ს რეზოლუციას უკრაინაში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის რუსეთის ფედერაციისთვის პასუხის მოთხოვნის თაობაზე, ის სიმართლეს არ შეესაბამება.

ეს რეზოლუცია ჯერ კენჭისყრაზე არ დამდგარა, მისი განხილვა მხოლოდ სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გაიმართება.

24 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტს, რომელსაც რუსულ მედიაში „გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას“ უწოდებენ, ასეთი სტატუსის მატარებელი ნამდვილად არ არის.

ეს არის უკრაინისა და გაერო-ს წევრი 57 სხვა ქვეყნის ერთობლივი განცხადება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების შესახებ.

ამ განცხადებით, მისი ხელმომწერი ქვეყნები გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 2 მარტის A/ES/11-1 და 2022 წლის 24 მარტის A/ES/11-2 რეზოლუციების შეუსრულებლობას, ასევე საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის იურიდიულად სავალდებულო ბრძანების იგნორირებას, რაც უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითვალისწინებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „გაერო-ს წევრი ქვეყნების მესამედზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით