„გაერო-ს წესდების შესაბამისად, დონბასს, ლუგანსკს, ზაპოროჟიეს და ხერსონს თვითგამორკვევის უფლება აქვთ“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამერიკული ყოველკვირეული „ნიუსუიკისთვის“ („Newsweek“) მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ „რეფერენდუმების“ შესახებ ისაუბრა.

ლავროვის მტკიცებით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს სურთ, იყვნენ რუსეთის შემადგენლობაში და აქედან გამომდინარე, მათ, „გაერო-ს წესდების შესაბამისად, თვითგამორკვევის უფლება აქვთ“.

„ჩვენ ვხედავთ ხალხის სურვილს, იყვნენ რუსეთთან ერთად და ამიტომ, პატივს ვცემთ მათ არჩევანს. ბოლო დღეებში დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, აგრეთვე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების  ლიდერებმა  შესაბამისი განზრახვის შესახებ განაცხადეს. ყველა მათგანს, გაერო-ს წესდების შესაბამისად, შეუძლია ისარგებლოს თვითგამორკვევის უფლებით“, – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ ჟურნალს.

იმის დასასაბუთებლად, რომ რუსეთი „არაფერ შუაშია“, სერგეი ლავროვმა ის ფაქტი დაასახელა, რომ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ პირველმა არა რუსეთმა, არამედ… სამხრეთ ოსეთმა აღიარა.

რუსი დიპლომატის მიერ „ნიუსუიკისთვის“ მიცემული  ინტერვიუს ფრაგმენტები არაერთმა რუსულმა გამოცემამ გაავრცელა.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსეთს არ აქვს უფლება ჩაატაროს ე.წ. „რეფერენდუმი“ უკრაინაში, რადგან, გაერო-ს წესდების მიხედვით, „თითოეულმა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც რომელიმე სხვა სახელმწიფოს ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივ ან სრულად დარღვევისკენ იქნება მიმართული“.

ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ფსევდორეფერენდუმებს, ისევე როგორც 2014 წელს ყირიმში, რუსული ავტომატის ლულის ქვეშ გამართულ „რეფერენდუმს“, მსოფლიოს არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ აღიარებს.

ევროკავშირის, ისევე როგორც შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დემოკრატიული ქვეყნები არასოდეს აღიარებენ ფსევდორეფერენდუმს, რომლის ჩატარებასაც რუსეთი დროებით დაპყრობილ უკრაინის ქალაქებში შეეცდება. მათივე თქმით, ე.წ „ხმის მიცემა“, ისევე როგორც ახალი „სახალხო რესპუბლიკების“ გამოცხადების ან რუსეთთან „შეერთების“ მცდელობები არალეგიტიმურად ჩაითვლება. გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის გადაწყვეტილება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხდებისა და ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შესახებ რუსეთის „არა სიძლიერის, არამედ, პირიქით, სისუსტის და წარუმატებლობის ნიშანია“.

გაერო-ს წესდება, კერძოდ კი, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ დეკლარაცია, რომელიც, გაეროს წესდების შესაბამისად, სახელმწიფოთა შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას შეეხება, არ შეიძლება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე იძულებითი „რეფერენდუმების“ გამართვის გასამართლებლად გამოიყენებოდეს. გაერო-ს წესდების მე-2 მუხლში ხაზგასმულია, რომ გაერო-ს წევრებს არა აქვთ რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელყოფის უფლება – სწორედ ეს მუხლი დაარღვია რუსეთმა უკრაინაში შეჭრით.

რაც შეეხება გაერო-ს დეკლარაციას, რომელზეც ლავროვი ფსევდორეფერენდუმის გამართლებისას აპელირებს, ამ დოკუმენტის თანახმად, ხალხებს ნამდვილად აქვთ თვითგამორკვევის უფლება. ამასთან, გაერო-ს დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც მიმართულია „სხვა სახელმწიფოს ან ქვეყნის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივ ან სრულად დარღვევისკენ“ (პუნქტი „თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპი“). რუსეთი კი, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციით და იარაღის ქვეშ „რეფერენდუმების“ ჩატარებით, უხეშად არღვევს ამ პუნქტს.

გარდა იმისა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ გამართვით, რუსეთი ათობით საერთაშორისო ხელშეკრულებას არღვევს, ამით კრემლი უკრაინის კანონმდებლობასაც უგულებელყოფს, რომლის თანახმად, დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ნებისმიერი ყალბი „ხმის მიცემა“ იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგების არმქონეა. ასევე, ომის პირობებში, უკრაინაში აკრძალულია ხელისუფლების ორგანოების ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, კანონმდებლობის ან კონსტიტუციის ცვლილება, აგრეთვე რეფერენდუმის ჩატარება („საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი).

ამასთან, უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით, რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების სფეროში რიგი საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევას. კრემლის მიერ დარღვეულ დოკუმენტებს შორის არის: გაერო-ს წესდება, ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, რომლებიც სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიაა. რუსეთი ასევე არღვევს ჟენევის კონვენციებს და მათ დამატებით ოქმებს, რომლებიც ომის წარმოების ძირითად პრინციპებს შეეხება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ „გაერო-ს წესდების შესაბამისად, დონბასს, ლუგანსკს, ზაპოროჟიეს და ხერსონს თვითგამორკვევის უფლება აქვთ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით