„კომენდანტის საათი და შეზღუდვები უნდა დავაბრუნოთ, მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 10 აგვისტოს საიტმა sportliga.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ფოტოთი და სათაურით: „კომენდანტის საათი და შეზღუდვები უნდა დავაბრუნოთ, მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“.

გადამოწმებული: 1tv.ge

sportliga.ge-ს მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის სათაურის („ეკატერინე ტიკარაძე: კომენდანტის საათი და შეზღუდვები უნდა დავაბრუნოთ, მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“) შინაარსი არსებითად განსხვავდება თავად ინფორმაციაში მოწოდებულ ამბავთან – ინფორმაციაში, სათაურისგან განსხვავებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საერთოდ არ ფიგურირებს და გადმოცემულია მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მოსაზრებები კორონავირუსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ინფორმაციის სათაურში გამოტანილ „კომენდანტის საათს“, ამ საკითხს არა თუ ეკატერინე ტიკარაძე, არამედ პაატა იმნაძეც საერთოდ არ ახსენებს.

ამასთან, „ანტიფეიკმა“ ჯანდაცვის სამინისტროში გადაამოწმა ეკატერინე ტიკარაძის სახელით გავრცელებული ინფორმაციის (სათაურის) სინამდვილე, სადაც აღნიშნეს, რომ ჯანდაცვის მინისტრს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.

ამ საკითთან დაკავშირებით, ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია ასეთია: „შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით. ეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. მოქალაქეებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება. კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  sportliga.ge-ს მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ  „კომენდანტის საათი და შეზღუდვები უნდა დავაბრუნოთ, მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“ – არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით