„ძალიან მალე დადგება სისხლის გადასხმის პრობლემა, რადგან აცრილების სისხლი არ ვარგა გადასასხმელად“

მოწოდებული ინფორმაცია

ბოლო პერიოდში, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაციები, რომლის თანახმად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილების სისხლი დონაციისთვის არ ვარგა.

„ძალიან მალე დადგება სისხლის გადასხმის პრობლემა, რადგან აცრილების სისხლი არ ვარგა გადასასხმელად“, – წერენ ფეიბუქ-მომხმარებლები და იმედოვნებენ, რომ „ამაზე ნაფიქრი აქვს სამედიცინო უწყებას“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ამერიკის წითელი ჯვრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის ჩაბარება შეუძლიათ COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს, თუ მათ აცრის შემდგომ რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ და სისხლის დონაციის მომენტისთვის თავს კარგად გრძნობენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დონორს COVID-19 ვაქცინისგან რაიმე გართულება გამოუვლინდა, ამერიკის წითელი ჯვარი სთხოვს მათ, გადადოს სისხლის ჩაბარება მანამ, სანამ თავს უკეთესად არ იგრძნობენ.

ამერიკის წითელი ჯვრის განმარტებით, აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებები ვრცელდება იმ ვაქცინირებულებზე, ვინც აიცრა არარეპლიცირებულად ინაქტივირებული ან რნმ-ზე დაფუძნებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით („ასტრაზენეკა“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „მოდერნა“, „ნოვავაქსი“, „პფაიზერი“).

სისხლის ჩაბარება ასევე შეუძლიათ COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს, ოღონდ, ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ.

„პანდემიის დროს, ამერიკის წითელმა ჯვარმა მოახდინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისხლის პროდუქტების მარაგის ადაპტირება ყველა პაციენტის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მათი ჩათვლით, ვინც ებრძვის COVID-19-ს. ამჟამად, ჩვენი ძალისხმევა უპირველესად მიმართულია სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების მარაგების პრიორიტეტული გაფართოვებისკენ, საავადმყოფოების მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად“, – აცხადებს ამერიკის წითელი ჯვარი.

წითელი ჯვარი ასევე აზუსტებს, რომ „სისხლს აგროვებს მხოლოდ იმ დონორებისგან, ვინც ჯანმრთელია და COVID-19-ის სიმპტომები არა აქვს“.

„სისხლის დონაციის დროს, არა აქვს მნიშვნელობა,  COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინა გაქვთ მიღებული, ოღონდ, გთხოვთ, ნუ ჩააბარებთ სისხლს, თუ თავს კარგად ვერ გრძნობთ. მსუბუქი გვერდითი მოვლენები შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა, ისინი ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში. თუ თქვენ გრძნობთ რაიმე გვერდით ეფექტს, გთხოვთ დაელოდოთ, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიღოთ სისხლი“, – აფრთხილებს დონორებს ამიერიკის წითელი ჯვარი.

შესაბამისად, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „აცრილების სისხლი არ ვარგა გადასასხმელად“, წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით