„დასავლეთმა, სევასტოპოლზე თავდასხმით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება ჩაშალა“

მოწოდებული ინფორმაცია

მას შემდეგ, რაც 29 ოქტომბერს, სევასტოპოლში მყოფ შავი ზღვის ფლოტის გემებზე, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რუსეთმა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტში თავისი მონაწილეობა შეაჩერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსულმა ვებ-საიტებმა გაავრცელეს რუსი სენატორის, ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის წევრის, ალექსანდრე ბაშკინის განცხადება, რომლის თანახმად, მოსკოვის ასეთი ქმედება  განაპირობა იმან, რომ  „სევასტოპოლზე თავდასხმით, დასავლეთმა  უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დაარღვია“.

„მარცვლეულის გარიგება“ დასავლეთმა ჩაშალა, ის აღარ არსებობს, მაგრამ ჩაიშალა მხოლოდ დასავლეთის ბრალით…დასავლეთის ქვეყნების აზრი ამ საკითხზე საინტერესო არ არის. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, – აცხადებს რუსი პარლამენტარი.

გადამოწმებული: 1tv.ge

რეალობა არის ის, რომ სწორედ რუსეთმა და არა დასავლეთმა გამოაცხადა თავისი ცალმხრივი გასვლის შესახებ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, რომელიც მოსკოვმა გაერო-სთან და თურქეთთან გააფორმა.

ასევე, 29 ოქტომბერს, სწორედ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ აცნობა გაერო-ს კოორდინატორს, ამირ აბდულას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ.

დასავლეთი, ისევე როგორც უკრაინული დრონების დარტყმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, არავითარი კავშირი არ არ არის „მარცვლეულის გარიგებასთან“ და შესაბამისად, – მის შეჩერებასთან.

ამასთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა კატეგორიულად უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ გემებზე თავდასხმის მომზადება „უკრაინის მიკოლაივის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში მყოფი ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით განხორციელდა“.

„უკრაინაში უკანონო შეჭრის დროს საკუთარი წარუმატებელი ქმედებებისგან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიმართავს წარმოუდგენელი მასშტაბის ცრუ განცხადებების გავრცელებას. ეს გამოგონილი ამბავი უფრო მეტს ამბობს რუსეთის მთავრობაში მიმდინარე დავების შესახებ, ვიდრე დასავლეთზე“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საპასუხო განცხადებაში.

რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანას მისი პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან არანაირი ორმხრივი შეთანხმება არ გაუფორმებია და მის წინაშე რაიმე ვალდებულება არ აუღია. უკრაინას ცალკე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული თურქეთთან და გაერო-სთან და შესაბამისად, ვალდებულებები მხოლოდ მათ მიმართ აქვს. ნიშანდობლივია ისიც, რომ 23 ივლისს – უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ გარიგების დადებიდან მეორე დღეს – რუსეთმა „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით შეუტია ოდესის საზღვაო პორტს, სადაც, თავდასხმის დროს, საექსპორტოდ გამზადებული მარცვლეული იყო განთავსებული. თუმცა, მაშინ მოსკოვს „საზღვაო დერეფნის უსაფრთხოებაზე“ არ უნერვიულია. კრემლმა „შეშფოთება“ მხოლოდ სევასტოპოლში რუსულ გემებზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების დარტყმის შემდეგ გამოხატა…

„მარცვლეულის ექსპორტის შესახებ გარიგება“ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო და რუსეთი არაერთხელ დაიმუქრა შეთანხმებიდან გასვლით, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის Twitter-ზე დაწერა: „ჩვენ ვიძლეოდით გაფრთხილებას „მარცვლეულის შეთანხმების“ გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმების შესახებ. ახლა მოსკოვი იყენებს ცრუ საბაბს, რათა გადაკეტოს მარცვლეულის დერეფანი, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შეწყვიტოს „შიმშილის თამაშები“ და დაადასტუროს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსი სენატორის ალექსანდრე ბაშკინის განცხადება, რომ „დასავლეთმა, სევასტოპოლზე თავდასხმით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება ჩაშალა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით