„ტრამპის დაკავებამ აშშ საკონსტიტუციო კრიზისამდე მიიყვანა“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა გამოცემა „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ ვიქტორია ნიკიფოროვას სტატია სათაურით, „ტრამპის დაკავებამ აშშ საკონსტიტუციო კრიზისამდე მიიყვანა“, რომელშიც შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის მხარდამჭერების პროტესტსა და ამ პროტესტის შორსმიმავალ შედეგებზეა საუბარი.

„ნიუ იორკსა და ვაშინგტონში პოლიციის მთელი პირადი შემადგენლობა ქუჩებში გამოიყვანეს. უსაფრთხოების ძალები ბარიკადებს აგებენ. მანქანების ქარავნები მთელი ქვეყნიდან ნიუ იორკისკენ მოემართება. მძღოლები ასიგნალებენ, მგზავრები ამერიკის დროშებს აფრიალებენ. გზის პირას მყოფი ხალხი მათ ესალმება პლაკატებით: „ისევ ვაქციოთ ამერიკა დიად ქვეყანად!“. ასე გამოხატავენ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები თავისი პრეზიდენტის მხარდაჭერას. დღეს მისმა დაპატიმრებამ საბოლოოდ გახლიჩა ამერიკა. სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ნამდვილ „დიდ ბადაბუმად“ იქცეს“, – წერს ვიქტორია ნიკიფოროვა.

გადამოწმებული: 1tv.ge

2023 წლის 4 აპრილს, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და ფორმალურად დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, 2016 წლის დროინდელ საარჩევნო კამპანიას და იმ თანხას ეხება, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ტრამპმა პორნო-ვარსკვლავს წარსული ურთიერთობის დამალვის სანაცვლოდ გადაუხადა.

ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას მისი მომხრეების მხრიდან არეულობები გამოეწვია, ნიუ იორკის მერმა ერიკ ადამსმა ტრამპის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციის მონაწილეებს „საკუთარი თავის გაკონტროლებისკენ“ მოუწოდა.

თუმცა, პროტესტის ესკალაცია არ მოხდა და რეალობა, რუსი ჟურნალისტის მიერ დახატულ სურათთან შედარებით, სხვაგვარად გამოიყურებოდა.

ბრიტანული „გარდიანი“ ნიუ იორკში განვითარებულ მოვლენებს ასე აღწერს:

„ტრამპის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს წინ შეიკრიბა და არსებობდა ვარაუდი, რომ ბრბო ჭკუიდან გადავიდოდა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ამ შენობაში შესვლის შემდეგ დააკავებდნენ. სინამდვილეში, ცოტა ვინმემ თუ იცოდა, როდის გამოცხადდა დონალდ ტრამპი სასამართლოს შენობაში, სადაც მისი ფორმალურად დაკავების პროცედურა განხორციელდა. ამ დროს კი გარეთ უცნაური ვითარება იყო: ორი დაპირისპირებული ბანაკიდან, რომლებიც ერთმანეთისგან ლითონის ბარიერებით იყო განცალკევებული, ხმადაბალი საუბარი უფრო ისმოდა, ვიდრე სკანდირება.

[როდესაც ტრამპი სასამართლო დარბაზში მივიდა], ტრამპის მოწინააღმდეგეებმა, რომელთაგან ბევრი ცეკვავდა, მღეროდა და კმაყოფილებას გამოხატავდა, ტაში დაუკრეს. ვიღაცეებმა სასტვენს ჩაბერეს და სიხარულს არ მალავდნენ.

ტრამპის მომხრეთა ბანაკში შედარებით სიმშვიდე იყო: არავინ ტიროდა, მუხლებზეც არავინ დაცემულა“.

ამერიკული გამოცემა „Politico“ ამ მოვლენების წინადღეს შემდეგნაირად აღწერს:

„შაბათ-კვირას, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მანჰეტენის საოლქო პროკურორის, ელვინ ბრაგის მოსალოდნელი ბრალდება გაეპროტესტებინათ. ორშაბათს ქალაქში ცოტამ ვინმემ თუ იღო ყურად ეს მოწოდება.

„ჩვენ ყველაფერი ბოლო წუთს, ბოლო 24 საათში შევიკრიბეთ, – თქვა მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს წინ ტრამპის მხარდამჭერთა აქციის ორგანიზატორმა, რესპუბლიკელების ახალგაზრდული კლუბის პრეზიდენტმა გევინ ვაქსმა. მისივე განცხადებით, მხოლოდ 50-მდე მხარდამჭერის შეკრება მოხერხდა, თუმცა სამჯერ მეტი თანაპარტიელის მობილიზებას ელოდა. ორშაბათ საღამოს კი, როდესაც ვნებათღელვა დაცხრა, როგორც ვაქსმა აღნიშნა, აქტივობა დაბალი იმიტომ იყო, რომ მის კლუბს სურდა, ღონისძიებას „მოკრძალებული სახე“ ჰქონოდა“…

დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც, მართალია, ფორმალურად, მაგრამ მაინც ოფიციალურად დააკავეს. თუმცა, ისტორიაში იყო შემთხვევა, როცა ამერიკის პრეზიდენტი დაპატიმრებისგან მხოლოდ შეწყალებამ იხსნა. ასე მოხდა რიჩარდ ნიქსონის შემთხვევაში, როდესაც 1973 წელს, თანამდებობიდან გარდაუვალი გადაყენების საფრთხის გამო, მან პრეზიდენტის პოსტი თავად დატოვა. ამ ნაბიჯით ნიქსონმა თავიდან აიცილა იმპიჩმენტის პროცესი, მაგრამ არა სისხლისსამართლებრივი დევნა (საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტის, დემოკრატი ჯორჯ მაკგოვერნის შტაბში მოსასმენი მოწყობილობის უკანონო დაყენებისთვის)…

ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო ყოფილი სახელმწიფო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა დემოკრატიულ ქვეყნებში იშვიათი არ არის.

1980-1988 წლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ჩონ დუ ხვანს, 1996 წელს სიკვდილი მიუსაჯეს უკანონო გზებით გამდიდრებისა და სამხედრო გადატრიალების ორგანიზებისთვის, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა. მის მემკვიდრეს, პრეზიდენტ რო დე უს, იმავე გადატრიალებაში მონაწილეობისთვის, 22,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით, ორივე მათგანი შეიწყალეს, მაგრამ 2020 წელს ჩონ დუ ხვანი ცილისწამებისთვის კიდევ ერთხელ გაასამართლეს და 8-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

2013-2017 წლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტ პაკ კინ ხეს, რომელიც რომელიც ხელისუფლებას იმპიჩმენტის გზით ჩამოაცილეს, 2018 წელს 24 წელი მიუსაჯეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ხოლო როდესაც საქმე ხელახლა განიხილეს, პატიმრობის ვადა ჯერ 25 წლამდე გაუზარდეს, შემდეგ 22 წლამდე შეუმცირეს, ხოლო 2021 წლის დეკემბერში კი – საერთოდ შეიწყალეს.

2018 წელს, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2007 წლის საარჩევნო კამპანიის შესაძლო უკანონო დაფინანსების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. 2021 წელს მას მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი პატიმრობა – კორუფციის, გავლენის ბოროტად გამოყენებისა და გამოძიების საიდუმლოების გამჟღავნებისთვის. მოგვიანებით, საარჩევნო კამპანიაში თანხის ხარჯვის ლიმიტის გადაჭარბების გამო, სარკოზის სასჯელს ერთწლიანი შინაპატიმრობაც დაემატა.

თუმცა, ამ მოვლენებს არც საფრანგეთში და არც სამხრეთ კორეაში, ისევე როგორც აშშ-ში ტრამპის ფორმალურად დაკავების შემთხვევაში, საკონსტიტუციო კრიზისი არ გამოუწვევია.

ამდენად, „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული რუსი ჟურნალისტის, ვიქტორია ნიკიფოროვას სტატიის სათაური, რომ „ტრამპის დაკავებამ აშშ საკონსტიტუციო კრიზისამდე მიიყვანა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით