„LGBTQ+ პირთა უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებში“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის ივლისში, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კომენტარს აკეთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში LGBTQ+ პირთა უფლებებზე.

პუტინი ამბობს, რომ ოთხ შტატში ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.

„ ამერიკის ოთხ შტატში ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ცუდია ეს თუ კარგი, ეს სხვა ამბავია. ჩვენ ასევე ვიცით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ ეს პრობლემა მთლიანად არ გამქრალა, ეს პრობლემა შეერთებული შტატების კანონმდებლობიდან საბოლოოდ არ ამოძირკვულა. ჩვენთან ასე არ ხდება“, – ამბობს პუტინი.

„ანტიფეიკმა“ გადაამოწმა პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება და აშშ-ში LGBT+ პირთა უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა.

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ვიდეო ნაწყვეტია 2015 წლის 20 სექტემბრის ინტერვიუდან. მაშინ ვლადიმირ პუტინი ამერიკელმა ჟურნალისტმა ჩარლი როუზმა ჩაწერა. პუტინის კომენტარი როუზის დასმულ კითხვას მოჰყვა, რომელიც რუსეთში სექსუალური უმცირესობების უფლებებს ეხებოდა. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებს, ხოლო ამერიკაში, იმის მიუხედავად, რომ უზენაესი სასამართლო იცავს ერთსქესიანთა ქორწინებას, შტატების დონეზე მაინც არსებობს პრობლემები.

პუტინის მიერ ნახსებები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 26 ივნისს გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება „ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ” (Obergefell v. Hodges) სახელით არის ცნობილი. მან შეერთებულ შტატებში ერთსქესიან წყვილთა ქორწინება ლეგალურად ცნო და განსაზღვრა, რომ ცალკეულ შტატებს არ შეუძლიათ წყვილებისთვის ქორწინების აკრძალვა და მისი არაკანონიერად გამოცხადება.

ისტორიულად, აშშ-ში 1962 წლამდე ერთსქესიანთა სექსუალური აქტივობა დანაშაულად იყო მიჩნეული და კანონით ისჯებოდა ამერიკის ყველა შტატში. აშშ-ში ცნობილი პრეცენდენტია „სოდომიის კანონები“, რომელთა გამოყენება მეოცე საუკუნიდან ჰომოსექსუალების წინააღმდეგ დაიწყო. ამ კანონების მიხედვით, პირად სივრცეში ერთნაირსქესიან ადამიანებს შორის განხორციელებული სქესობრივი აქტი კანონით ისჯებოდა. 1955 წელს ამერიკის იურიდიულმა ინსტიტუციამ ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანებს შორის თანხმობის შედეგად განხორციელებული სექსუალური აქტის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, თუმცა შტატებში კანონმდებლობის დონეზე ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის პროცესი 1960-იანი წლებიდან დაიწყო. 1962 წელს ილინოისი გახდა პირველი შტატი, სადაც, „სოდომიის კანონების“ გაუქმებით, ჰომოსექსუალობას კანონით აღარ ისჯებოდა.

2003 წელს კი უზენაესმა სასამართლომ საქმეზე „ლოურენსი ტეხასის წინააღმდეგ” (Lawrence v. Texas) მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ნებისმიერი კანონი, რომელიც ერთსქესიანთა სექსუალურ აქტივობას სჯიდა ან არაკანონიერად ცნობდა, გაუქმდა.

1996-2020 წლებში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა ხუთმა გადაწყვეტილებამ LGBTQ+ პირთა უფლებები მნიშვნელოვნად განამტკიცა.

1996 წელს „რომერი ევანსის წინააღმდეგ” (Romer v. Evans) გადაწყვეტილებამ გააუქმა კოლორადოს შტატის კანონმდებლობაში არსებული ნორმა, რომელიც ჰომოსექსუალების ან ბისექსუალების აღიარების/დაცვის მიზნით ნებისმიერი საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან სასამართლო ბრძანების გამოცემას კრძალავდა. ეს ნორმა არ მარტო კოლორადოს, არამედ ყველა შტატზე გავრცელდა.

2013 წელს „შეერთებული შტატები ვინდზორის წინააღმდეგ” (United States v. Windsor) გადაწყვეტილებით, სასამართლომ გააუქმა ქორწინების დაცვის კანონის (DOMA) მე-3 ნაწილი, რომელიც ქორწინებას მხოლოდ კაცისა და ქალის კავშირად აღიარებდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას დაეფუძნა 2015 წელს მიღებული „ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება.

2020 წლის გადაწყვეტილებით, „ბოსტოკი კლეიტონის ოლქის წინააღმდეგ” (Bostock v. Clayton County) აიკრძალა დამსაქმებლების მიერ გეი ან ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია.

იმის მიუხედავად, რომ უზენაესმა სასამართლომ ორი ათწლეულის მანძილზე LGBTQ+ პირთა უფლებები განამტკიცა, მხოლოდ 2022 წელს 35 შტატის ადგილობრივმა მთავრობამ ასობოთ კანონი მიიღო, რომლებიც მნიშვლელოვნად ზღუდავენ შტატის LGBTQ+ მოსახლეობის უფლებებს.

კანონების უმრავლესობა ტრანსგენდერ, არაბინარულ და ახალგაზრდა მოსახლეობას ეხება. მაგალითად, რამოდენიმე შტატში შეიზღუდა ახალგაზრდა ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობა მსგავსი სქესობრივი კატეგორიების შეჯიბრებებში. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფლორიდაში მიღებულ კანონს, რომელიც სკოლებში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ საუბარს კრძალავს. კრიტიკოსებმა კანონს „არ ახსენო გეი” (Don’t say gay) უწოდეს.

მსგავსი კანონები ძირითადად „წითელ შტატებში” მიიღეს, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების სათავეში რესპუბლიკელები არიან. დემოკრატები კი ამომრჩევლებს მოუწოდებენ, აირჩიონ მეტი წარმომადგენლები ადგილობრივ და ფედერალურ დონეზე, რათა შეძლონ LGBTQ+ პირთა უფლებების საკანონმდებლო დონეზე დაცვა.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით