„ტრამპის ადმინისტრაციამ „თალიბანის“ ლიდერი და ავღანეთის მომდევნო პრეზიდენტი ციხიდან გამოუშვა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 16 აგვისტოს, ფეისბუქ გვერდმა Occupy Democrats გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „ტრამპის ადმინისტრაციამ „თალიბანის“ ლიდერი და ავღანეთის მომდევნო პრეზიდენტი ციხიდან გამოუშვა“.

პოსტში წერია, რომ 2018 წელს, ტრამპის ადმინისტრაციამ აბდულ ღანი ბარადარის გათავისუფლებას შეუწყო ხელი, 2020 წელს ბარადარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდა და 2021 წელს, სწორედ აბდულ ღანი გახდება ავღანეთის პრეზიდენტი “თალიბანის“ მმართველობის ქვეშ.

გადამოწმებული: 1tv.ge

ბარადარი ამერიკელმა და პაკისტანელმა აგენტებმა 2010 წელს დაიჭირეს. ის, თითქმის ათწლეულის განმავლობაში, პაკისტანის ციხეში იჯდა. იმ პერიოდში, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი პაკისტანის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმ იმედით, რომ ბარადარი, გათავისუფლების სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმდებოდა. მოგვიანებით, პროცესებში ჩაერთო შეერთებული შტატებიც. ამერიკამ სამშვიდობო მოლაპარაკებები პირდაპირ „თალიბანთან“ წამოიწყო და ამავე დროს, პაკისტანის მთავრობას ბარადარის გამოშვებას აიძულებდა. საბოლოოდ, 2018 წელს პაკისტანის მთავრობამ აშშ-ის ზეწოლას ვეღარ გაუძლო და ბარადარი ციხიდან გაათავისუფლა.

ტრამპმა, სამშვიდობო პროცესების ხელშესაწყობად, სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი დანიშნა. ხალილზადმა 2019 წელს აღიარა, რომ ბარადარის გათავისუფლება მან მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, ბარადარს „მშვიდობისმყოფელის“ რეპუტაცია ჰქონდა.

2020 წლის სექტემბერში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბარადართან შეხვედრის ამსახველი ფოტო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. „ტვიტში” ნათქვამია, რომ შეხვედრა აშშ-სა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყისი იყო.

ბარადარი 2020 წელს პომპეოს ორჯერ შეხვდა. „ეკონიმისტზე” დაყრდნობით, ის ტრამპსაც ესაუბრა ტელეფონით.

ბარადარი „თალიბანის“ მთავარ საჯარო ფიგურად ითვლება. ვიდრე „თალიბანი“ ქაბულს აიღებდა, სწორედ ბარადარი იყო „თალიბანის“ საჯარო სპიკერი. ის არწმუნებდა ამერიკელ დიპლომატებს, რომ ევაკუაცია ქალაქში მათ შესვლამდე შესაძლებელი იყო. ბარადარი, „თალიბანის“ დაფუძნების ადრეული პერიოდიდანვე მონაწილეობდა სამხედრო პროცესებში. ის 1994 წელს, „თალიბანის” მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების სამხედრო მეთაური იყო.

იმის მიუხედავად, რომ ამ დროისთვის ბარადარი „თალიბანის” მთავარ ფიგურად მიიჩნევა, არავინ იცის, როგორ მთავრობას ჩამოაყალიბებს დაჯგუფება და ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი ან მმართველი ფიგურა. ჯერჯერობით მსგავს საკითხებზე არც „თალიბანი“ აკეთებს განცხადებებს.

შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აბდულ ღანი ბარადარი ციხიდან ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძალისხმევით გამოვიდა, შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ, მისი მომავალი თანამდებობა ავღანეთის მთავრობაში უცნობია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფეისბუქ გვერდის, Occupy Democrats-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ „ტრამპის ადმინისტრაციამ „თალიბანის“ ლიდერი და ავღანეთის მომდევნო პრეზიდენტი ციხიდან გამოუშვა“, არის დიდწილად სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით