„აშშ-მ იცოდა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ, მაგრამ შეგნებულად არ გააფრთხილა ერდოღანი“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც განვითარებული სამეცნიერო ბაზა და მიწისძვრების პროგნოზირების შესაბამისი ტექნოლოგიები გააჩნია, შეგნებულად არ აცნობა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომ თურქეთს საფრთხე ემუქრებოდა.

ინფორმაციის ავტორების მტკიცებით, აშშ-ის ხელმძღვანელობამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა იმისათვის, რომ მოგვიანებით ეთქვა, თითქოს, შესაძლო საფრთხის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი დახურული საკომუნიკაციო არხებით გააფრთხილეს  და ამით შეასუსტონ მისი მხარდაჭერა ხალხში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ინფორმაცია კონსპიროლოგიური თეორიის კატეგორიას მიეკუთვნება – სეისმოლოგებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, სად და როდის მოხდება მიწისძვრა. მათ მხოლოდ იმის პროგნოზირება შეუძლიათ, რომ თქვან, თუ როგორია მიწისძვრის ალბათობა ამა თუ იმ რეგიონში გარკვეული წლების განმავლობაში.

როგორც ცნობილია, თურქეთი მდებარეობს სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთის ადგილზე, ამიტომ მიწისძვრები ამ ქვეყანაში იშვიათი არაა.

„საზღვარზე, სადაც ორი ან, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, სამი ტექტონიკური ფილა ეჯახება ერთმანეთს, წარმოიქმნება ვიბრაცია, რომელიც იწვევს დედამიწის ქერქის შეკუმშვას და დეფორმირებას. ბოლოს, წნევა იმდენად იზრდება, რომ ფილები ერთმანეთის გასწვრივ იწყებენ სრიალს“, – ამბობს აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის გეოფიზიკოსი, დარა გოლბერგი NBC News-თან გაკეთებულ კომენტარში.

სეისმოლოგი და მიწისძვრების თურქული ფონდის კოორდინატორი სტამბოლში, სეიჰუნ პუშკულჯუ კი მიიჩნევს, რომ 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა მოულოდნელობა არ ყოფილა. ამის საფუძველს მას აძლევს კვლევა „ნიადაგის დინამიკა და მიწისძვრის ინჟინერია“, რომელიც 2022 წლის მარტში გამოქვეყნდა. ამ ნაჭრომში ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწე არზუ არსლან კელამისა და მისი კოლეგების მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ გაზიანთეპის ქალაქის ცენტრს, 6 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, საშუალო ან მძიმე ხარისხის ზიანი მიადგებოდა.

ამის მიუხედავად, სეისმოლოგები განმარტავენ, რომ მიწისძვრებს არ გააჩნიათ კონკრეტული სეზონი, როდესაც ისინი ყველაზე უფრო მეტად არიან სავარაუდო და ზოგადად, კლიმატის ცვლილება არ არის ამის ხელშემწყობი ფაქტორი. „ჩვენ არასდროს ვიცით, რა გველოდება, ეს,ზოგადად, არის გამოწვევა სეისმოლოგიისთვის“, – ამბობს დარა გოლბერგი.

თურქეთში მიწის რღვევის მრავალი ხაზის არსებობის გამო, გაზრდილია იმის რისკი, რომ მიწისძვრებით შედეგად ქვეყნის სხვა რეგიონებიც დაზარალდეს.

რაც შეეხება მაისში დაგეგმილ საყოველთაო (საპრეზიდენტო და საპარლამენტო) არჩევნებს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის გაუქმებას არ აპირებს. „ბლუმბერგი“ მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის მართლაც რთული იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არჩევნებში, როგორც წესი, ხმას ერდოღანის პარტიას აძლევს ხოლმე. აქედან გამომდინარე, მიწისძვრით გამოწვეული ზიანის მოსახლეობისთვის შემსუბუქება, დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევა იქნება მთავარი გამოწვევა ერდოღანისთვის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში…

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „აშშ-მ იცოდა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ, მაგრამ შეგნებულად არ გააფრთხილა ერდოღანი“, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით