„სომხებისთვის გზა დაკეტილია. ჩვენ თვალწინ გადაადგილდებიან ქართული და აზერბაიჯანული სანომრენიშნიანი სატვირთო ავტომობილები. ჩვენ კი გადაადგილებაზე უარს გვეუბნებიან“

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელ „ტიკტოკით“ გავრცელდა ინფორმაცია (ავტორი – რაუფ რზაევი), სათაურით: „სომხეთის სატვირთო ავტომანქანებისთვის საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია“.

მასში ნათქვამია, რომ „უკვე ათი დღეა, სომხეთის სატვირთო ავტომანქანები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან არიან გაჩერებულები“. ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ სააგენტო „ნოვოსტი არმენიი“-ს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა.

„გზაზე 200-მდე სატვირთო ავტომანქანაა გაჩერებული. გადაადგილების უფლებას არ გვაძლევენ. ახსნა ერთია – სომხებისთვის გზა დაკეტილია. ჩვენს თვალწინ გადაადგილდებიან ქართული და აზერბაიჯანული სანომრე ნიშნიანი სატვირთო ავტომობილები. ჩვენ კი გადაადგილებაზე უარს გვეუბნებიან“, – მძღოლის სიტყვებს ციტირებს „ტიკტოკით“ გავრცელებული ინფორმაციის ავტორი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას მეზობელ ქვეყანაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა – მას 9 000-ზე მეტი მოწონება და 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს, კომენტარებში კი მრავლად არის ქართული მხარის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

@raufxmen

почему закрыли?как думаете #грузия #азербайджан #армения #россия #границазакрыта #azerbaijan #azerbaycan

♬ оригинальный звук – Rauf Rzaev

გადამოწმებული: 1tv.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „ანტიფეიკს“ აცნობა, რომ  ,,ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების შეფერხება გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მხარეს, მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

„საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი. შემოსავლების სამსახური, საპატრულო პოლიციის, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშუტები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

„ანტიფეიკს“ უწყებაში ასევე დაუდასტურეს, რომ საპატრულო სამსახურის მიერ, სატრასპორტო საშუალებების გადაადგილება საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით ხდება რიგითობის დაცვით და რომელიმე ქვეყნის კუთვნილი სატვირთო ავტომობილები, ამ მხრივ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იმყოფებიან.

„შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ყველა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ რეგულაციების თანაბარი პირობები ვრცელდება“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა „ანტიფეიკს“ ასევე დაუდასტურა, რომ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების გატარება ეტაპობრივად, რიგითობის სრული დაცვით მიმდინარეობს.

თავის მხრივ, სომხეთის სამთავრობო სტრუქტურებშიც აღნიშნავენ, რომ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის მოძრაობის ნაწილობრივი შეფერხება გამოწვეულია რუსული მხარის მიერ სარემონტო სამუშაობის წარმოებით.  

„რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 ოქტომბრიდან, სარემონტო სამუშაობის დასრულებამდე, ზემო ლარსის გარდა, სასაზღვრო კონტროლის განხორციელება შესაძლებელი იქნება კიდევ ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. პირველი მათგანი განთავსებულია ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას რესპუბილიკის ზემო ლარსის რაიონში, მეორე კი – ვლადიკავკაზში“, – აცხადებს სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-მდივარი სონა არუთინიანი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია („სომხებისთვის გზა დაკეტილია. ჩვენს თვალწინ გადაადგილდებიან ქართული და აზერბაიჯანული სანომრენიშნიანი სატვირთო ავტომობილები. ჩვენ კი გადაადგილებაზე უარს გვეუბნებიან“) წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით