„საქართველო ორშაბათიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან მამაკაცების შემოსვლას კრძალავს“

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა უკრაინულ ტელეარხს, FREEДOM-ს განუცხადა, რომ ორშაბათიდან საქართველო კეტავს საზღვარს მამაკაცებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან აპირებენ ქვეყანაში შემოსვლას.

„საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ მიუღია ზომები რუსების შემოსევის შესაჩერებლად. რამდენადაც აგვიხსნეს, ორშაბათიდან ისინი აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას. არ მესმის, რატომ ორშაბათიდან და რატომ აძლევენ მათ უიკენდის პერიოდში ქვეყანაში შესვლის საშუალებას… როგორც ჩანს, თავის რუს ინსტრუქტორებთან მოითათბირეს, როგორ მოახერხონ რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე მოზღვავების შეჩერება… ეს ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, მაგრამ ორშაბათიდან 18-დან 55-წლამდე ასაკის რუსი მამაკაცი მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას აპირებენ“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა FREEДOM-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 15-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა რუსეთის ფედერაციის მოსახლეობისგან, რომლებიც, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის დატოვებას ცდილობენ და  ეს უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

„რუსებს არ აქვთ გამბედაობა, თავიანთი ხელისუფლების გადაწყვეტილებები გააპროტესტონ. ამიტომ, გარბიან იმ ქვეყნებში, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

ქართველი დეპუტატის ეს განცხადება ქართულმა და რუსულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ანტიფეიკი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყების პრეს-სამსახურში განმარტეს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დღეს, ორშაბათსაც იგივე რეგულაციები მოქმედებს, რაც წინა დღეებში და საზღვრის კვეთის დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე ახალი შეზღუდვა (მათ შორის, სქესობრი დიფერენციის კუთხით) არ არის შემოღებული.

შსს-ში „ანტიფეიკს“ ასევე განუცხადეს, რომ სახელმწიფო საზღვარზე რაიმე ახალი რეგულაციის შემოღების შემთხვევაში, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიეწოდება ინფორმაცია.

ამდენად, პარლამენტის წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადება, რომ „საქართველო ორშაბათიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან მამაკაცების შემოსვლას კრძალავს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით